„ივერიონს“ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან მოულოდნელ გადადგომაზე და ქვეყანაში შესაძლო სამომავლო ცვლილებებზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი ესაუბრა.
-ბატონო სერგო, რას უკავშირებთ ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელ და სკანდალურ გადადგომას?
როგორც ამბობენ, ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის დაჩქარებაში გარკვეული წვლილი „ნაციონალებმა“ და „რესპუბლიკელებმაც“ შეიტანეს. ასახელებენ პრეზიდენტ მარგველაშვილსაც...
როგორია თქვენი კომენტარი?
-მთავრობის გადადგომას ჩვენ ჯერ კიდევ აპრილში ვითხოვდით. მას მერე მუდმივი დარტყმის ქვეშ იყო მათავრობა. იყო აზრიც, რომ ფაქტობრივად ქვეყანა იმყოფება ეკონომიკურ კრიზისში.
ჩვენ, უკვე შემოდგომაზე ვამბობდით, რომ რეჟიმმა მთლიანად ამოწურა თავისი თავი და ვითხოვდით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, ასე, რომ უკვე დაგვიანებულია.
უმრავლესობა, რომელიც ფაქტობრივად ვერ რეაგირებდა თუ არ რეაგირებდა ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისზე და ამაზე პასუხს არ სთხოვდა, ჯერ, ვთქვათ ფინანსთა მინისტრს და შემდეგ პრემიერს, ნიშნავდა მხოლოდ ერთს, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი. უმრავლესობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც მხოლოდ მის მარიონეტს წარმოადგენდა.
ღარიბაშვილის გადადგომა, მისი წასვლა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც უნდა თავისი რეპუტაციის გადარჩენა. მაგრამ, ეს უკვე შეუძლებელია!
ყველას კარგად ესმის, რომ ღარიბაშვილი არასოდეს ყოფილა გადაწყვეტილებების მიმღები პირი, გადაწყვეტილებების მიმღები პირო ყოველთვის ივანიშვილი იყო!
-როგორ შეაფასებთ მომავალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას? თუ, გია ხუხაშვილს დავიმოწმებთ, ღარიბაშვილის სუსტი წერტილი ის იყო, რომ იგი ხისტი გამონათქვამებით ცდილობდა საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის (იგულისხმება ნაციონალებიც), ხიდების დაწვას...
ვიხილავთ თუ არა ახალ სახეებს ახალ მთავრობაში და ვინ იყო ღარიბაშვილის მთავრობაში ყველაზე ოდიოზური მინისტრი, რომელსაც კვირიკაშვილი უნდა შეელიოს?
-უკვე არა ღარიბაშვილის, არამედ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ადეკვატური იქნებოდა არასაპარლამენტო არჩევნები, რადგან, რეჟიმმა ამოწურა საკუთარი თავი!
ივანიშვილის რეჟიმს უკვე აღარ აქვს ხალხში ნდობა. მთავრობას, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, სჭირდება ხალხის მანდატი და ხალხის ნდობა, რაც ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს. შესაბამისად, საკითხი უნდა იყოს დასმული ამგვარი სახით და არა იმ ცვლილებებზე, რაც ხდება.
-თქვენი აზრით, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თუ შეიცვლება, ანუ - რამდენად განსხვავებული იქნება კვირიკაშვილის მთავრობა ღარიბაშვილის მთავრობისგან?
-შესაკრებთა გადანაცვლებით დღეს ჯამი არის: ისევ სიღარიბე, ისევ უმუშევრობა და ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში კიდევ უფრო ღრმად შესვლა. ანუ, ვითარება არ იცვლება!
ესაუბრა კარინა გრიგორიანი