ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ბაკურიანში განახლებული ,,კოხტა“ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ სანიკიძემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, კოხტას მთაზე გაკეთდა ახალი საბაგირო შუალედური სადგურით. საბაგიროს მშენებლობა განახორციელა სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანა ავსტრიულმა კომპანიამ "ტოტელმაიერმა".
საბაგირო არის ექვსკაციანი სავარძლის ტიპის. ტრასის საერთო სიგრძეა 3 კმ და 100 მ. კოხტის ტერიტორიაზე მოეწყო სპეციალური კუთხე, სადაც განთავსდა სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების ვიზუალური მასალა. საბაგირო შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია მოირთო ფერადი ალმებითა და სპორტული დროშებით. ბაკურიანში ჩატარდა საქართველოს თასის ეტაპი სამთო-სათხილამურო სპორტში, რომელშიც გამარჯვებულები გიორგი კვირიკაშვილმა დააჯილდოვა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან სასიხარულო დღე, რადგან მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კოხტას საბაგირო აღდგა.
"საბაგიროს სიგრძე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტრასა შეადგენს 3.1 კმ.-ს ეს პროექტი გაგრძელდება მიტარბის მხარეს. ეს არის საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. სახელმწიფომ 50 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა და მოაწყო ძირითადი ინსფრასტრუქტურა და გზები, ხოლო კერძო კომპანია "ჯიარდისი" აკეთებს სასტუმროებს, გასართობ ცენტრებს. ეს მოიზიდავს ახალ ტურისტებს. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბაკურიანის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი არის სასტუმრო ოთახების სიმცირე და ახალი სასტუმროს განთავსება ამ პრობლემის მოგვარებისთვის ბიძგის მიმცემი იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ბაკურიანში ასევე მოეწყობა ბიატლონის ტრასა, რომლის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს და სამთო-სათხილამურო სხვა სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის, სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, ძალიან სასიხარულოა, რომ კოხტა გააგრძელებს ფუნქციონირებას.
"მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ბაკურიანს შეემატა განახლებული კოხტა და განახლებული საბაგირო, რომელმაც ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ბაკურიანს ასევე შეემატა ახალი ტრასები, ახალი საბაგირო უნიკალური შუალედური სადგურით და ეს გამოიწვევს ბაკურიანში ტურისტების რაოდენობის უნიკალურ ზრდას", - განაცხადა ონოფრიშვილმა.