მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში 28 დეკემბერს გაიმართება, 29 დეკემბერს პლენარული სხდომა ჩატარდება, რომელზეც მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა,
"პარლამენტში შემოვიდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატად წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის წარდგინება, რომელშიც ის გვთხოვს გამოვუცხადოთ ნდობა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. ორივე დოკუმენტი შემოსულია პარლამენტში. გიორგი კვირიკაშვილმა თავად გააკეთა განცხადება, რომ არის მინიმალური ცვლილებები. კერძოდ, კვირიკაშვილის პრემიერად წარდგენის გამო ვაკანსია გაჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე და ამ თანამდებობაზე წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. დანარჩენი მთავრობის წევრები უცვლელადაა პარლამენტისთვის წარმოდგენილი ნდობის მისაღებად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე წარმოდგენილია სამთავრობო პროგრამა – "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის", რომელიც გადამუშავდა პრემიერობის კანდიდატის მიერ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, გაითვალისწინეს წინა პრეცედენტები, კერძოდ, კომიტეტები და სამინისტროები დაჯგუფებული არიან თემატურ ბლოკებად.
ამასთან, საკომიტეტეო მოსმენებისთვის გამოყოფილია ორსაათნახევარი, შემდეგ კი დაიწყება პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა, ამის შემდეგ რეგლამენტი ითვალისწინებს პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩატარებას.
,,ჩვენ შევაჯამებთ შედეგებს, დასკვნებს და უკვე მოვემზადებით სამშაბათს, 12:00 საათიდან პლენარული სხდომისთვის” , - განაცხადა უსუფაშვილმა.