ბოლო დღეებში იუსტიციის საბჭოში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურეს, რომ ჩვენი ე.წ. „უცხოელი მეგობრების“ რეკომენდაციებითა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულმა კანონმა სასამართლოების შესახებ რეალურად ჩიხში შეგვიყვანა. უფრო მეტიც, ქვეყანა მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა.
გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მოვლენები გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს წინასწარ გათვლილი ჰქონდათ. მათ უცხოელ მეგობართა მხარდაჭერით უკვე დაწყებული აქვთ და ფორსირებული ტემპებით ახორციელებენ ხელისუფლების სრულად ხელში აღების პროცესს. სრულად, რადგან დიდი ნაწილი ამ პოლიტიკური ჯგუფისა უკვე არის ხელისუფლებაში - უკავიათ რა მაღალი თანამდებობები. გარკვეული ნაწილი ამ დაჯგუფებისა კი წარმოდგენილია საპარლამენტო ოპოზიციის სახით.
ჩვენი აზრით, სწორედ ამ ძალების ინტერესების სფეროში შედიოდა იუსტიციის საბჭოში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები. მათ ჰქონდათ ძირითადი გათვლა, რომელიც მურუსიძის კანდიდატურის ჩაგდებას მოყჰყვებოდა. ამ შემთხვევაში ისინი დაიწყებდნენ გაცილებით ფართომასშტაბიან მოქმედებას. წინა პლანზე მაშინ გამოვიდოდნენ ამ დამანგრეველი ერთობის სხვა პოლიტიკური ძალები. ეს აშკარად იკითხება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩვენ გვესახება, რომ სწორედ იუსტიციის საბჭოში პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულმა კომპრომისულმა გადაწყვეტილებამ ამ პოლიტიკური ჯგუფის მიერ მიზნის მიღწევის სხვა მექანიზმი მოიყვანა მოქმედებაში.
კერძოდ, წინა პლანზე გამოვიდნენ და გააქტიურდნენ: ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ დამცველი, სოროსთან და თავისუფლების ინსტიტუტთან დაკავშირებული პიროვნებები, პოლიტიკური ორგანიზაციები.
ჩვენთვის აშკარაა და დამაფიქრებელი, რომ ეს პროცესები იმართება ქვეყნის გარედან. ეჭვი არ გვეპარება, რომ მოვლენათა განვითარების ჩვენს მიერ დასახელებული ორი შესაძლო ვარიანტიდან არჩეული იქნა მეორე, ანუ ქვეყნისთვის ნაკლებად მძიმე შედეგის მომტანი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი სიტყვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა.
ვფიქრობთ, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქვეყნის რეალურ მართვაში ჩართული და პრაქტიკულად გადამწყვეტი სიტყვის მქონე უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ პირველი - სააკაშვილს პრაქტიკულად არ აქვს შანსი ხელისუფლებაში დაბრუნების, მეორე - არავითარი შანსი არ აქვს ნაცმოძრაობას იმ ფორმით, როგორც იყო იგი იყო ადრე და დაიწყეს მისი დაშლა მარტივ მამრავლებად, მესამე - საზოგადოების და მოსახლეობის განწყობა დასავლეთისა და ამერიკის მიმართ არ არის მათთვის სასარგებლო, მეოთხე - რუსული ფაქტორის გავლენა საზიგადოებაში დღითიდღე იზრდება, მეხუთე - ქვეყანაში ძლიერდება ეროვნული განწყობა...
სწორედ ამიტომ, გარე ძალებმა და მათ მიერ მართვადმა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა თითქოს არაპოლიტიკური სფეროთი - სასამართლოთი დაიწყეს ქვეყანაზე გავლენის შენარჩუნების სრულიად განსხვავებული პროცესი.
ეს ძალები იცნობენ რა ქართველი ხალხის ფსიქოლოგიას, დაჩაგრულისადმი განსაკუთრებული თანადგომის დიდ ქართულ ტრადიციას, ცდილობენ ხალხის ემოციებზე ითამაშონ საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. დავაკვირდეთ, სააკაშვილის ხელისუფლებაც, რომელიც უკვე თავად აღარ აწყობდათ, შეცვალეს ხელისუფლების მიერ და მისი უშუალო მონაწილეობით დახოცილი ბიჭების საქმეების, ციხეებში წამების ფაქტების გარკვეულ პოლიტიკური ძალთა მიერ სააშკარაოზე გამოტანით.
იგივე ხდება დღესაც. რეალურად მიდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მათთვის მიუღებელი კადრების შეცვლა მათ მიერ სრულად მართვადი პოლიტიკური ძალებით. ეს ყველაფერი სურთ გააკეთონ ქუჩით - ისევ ქუჩა, ისევ ქუჩის პოლიტიკოსები... საქართველო მეტს ვეღარ გაუძლებს!
ჩვენი ამოცანაა ცივი გონებით, პრაგმატულად და გააზრებულად გადავწყვიტოთ პრობლემა, რომელიც ამ ბოლო ხანებში მწვავედ დგას დღის წესრიგში.
შეიძელება დაბეჯითებით ითქვას, რომ ტყუის ოპოზიცია, რომელიც ოსტატურად ახერხებს ტყუილის სიმართლედ გასაღებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ხელისუფლება კი უსუსურია, სიმართლესაც კი ვერ იცავს და მუდმივად არის თავის მართლების რეჟიმში. არადა, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნა კატასტროფაა ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, მათ შორის, „ქართული ოცნებისთვის“!
ნიშანდობლივია, რომ ქვეყანაში გრძელდება გარედან მართვად პოლიტიკოსთა (ამერიკიდან, რუსეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან), სხვადასხვაგვარად შენიღბული, რეალურად კი პრაქტიკულად პოლიტიკური მიზნით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების თავხედობა, რაც დამანგრეველია საქართველოს მომავლისთვის. აქედან გამომიდინარე, საჭიროა ქართული ცნობიერების, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების ერთმუშტად შეკვრა და მძლავრი სამოქალაქო ინსტიტუტის ფორმირება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს გარედან თავსმოხვეულ ანტისახელმწიფოებრივ გამოვლინებებს და მართვის სადავეებს ჩამოაშორებს იმ უპრინციპო და ვაიპოლიტიკოსებს, რომლებიც საკუთარ კეთილდღეობას სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა აყენებენ. ცხადია, ეს ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია!
თუმცა მდგომარეობას ართულებს მიკერძოებული, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების დამცველი, გაყიდული საინფორმაციო სივრცე. გარეშე ძალთა მსახური, სკამებისთვის მებრძოლი პოლიტიკური ძალებით სავსე ქვეყანაში, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია და ამ უკიდეგანო დემაგოგიის პირობებში, დაიკარგა საქართველო, ქართული ინტერესი.
პრეზიდენტის, რესპუბლიკური პარტიის და სანდრო გვირგვლიანის, ირინა ენუქიძის სახელით მოვაჭრე განსხვავებით, მე პოზიტიურად ვაფასებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა განცხადებას. როგორც სასამართლო სისტემის სტაბილურობის და მდგრადობის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯს.
სირცხვილად მიმაჩნია, როცა „სასამართლო დამოუკიდებლობაზე“ ერთ ხმაში საუბრობენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. არადა, სასამართლოს დამოუკიდებლობას არ განსაზღვრავენ არც პრეზიდენტი, არც პარლამენტის თავმჯდომარე... სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტნი არიან მოსამართლეები. ამ კუთხით იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს!
დაბოლოს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში ყველაზე დაბინძურებულია პოლიტიკური სივრცე. ამდენად, საზოგადოებისათვის უპირველესი ამოცანაა ამის გაცნობიერება და ამ დაბინძურებული პოლიტიკური სივრცის გასუფთავება, სხვანაირად საქართველოს მომავალზე საუბარიც კი ზედმეტია.