ივერიონი / კიევში ქართული პროექტი „მცოცავი საზღვარია“ წარმოდგენილი

კიევში ქართული პროექტი „მცოცავი საზღვარია“ წარმოდგენილი

11 დეკემბრიდან 20 იანვრამდე, კიევში კულტურული ინიციატივების ფონდ „იზოლაციის“ საგამოფენო დარბაზში ქართული პროექტი „მცოცავი საზღვარია“ წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ლექცია ქართული თანამედროვე ხელოვნების შესახებაც.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე ქართული ნაციონალური პავილიონი სწორედ პროექტით „მცოცავი საზღვარი“ გაიხსნა. ქართულმა პავილიონმა უცხოელი დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და შედეგად კიევის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საგამოფენო სივრცეშიც აღმოჩნდა. ინსტალაცია „მცოცავი საზღვარი“ ფონდ „იზოლაციის“ ინიციატივით აღდგა და შესაძლოა კიევის შემდეგ მარიოპულშიც გადაინაცვლოს.

 

პროექტის „მცოცავი საზღვარი“ კურატორია - ნია მგალობლიშვილი, არტისტები - რუსუდან ხიზანიშვილი, ნია მგალობლიშვილი, სოფიო შევარდნაძე, ია ლიპარტელიანი, ირაკლი ბლუიშვილი, დიმიტრი ჩიკვაიძე, ჯოზეფ საბია.

 

ინსტალაცია სხვადასხვა საკნისგან შემდგარ სისტემურ ჯაჭვს წარმოადგენს. ის ინტერაქტიულია. მის შინაარსს წარმოადგენს „საზღვარი, როგორც გეოგრაფიული დანაწევრების სისტემა და ამავდროულად, როგორც ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც განიცდის ევოლუციას საზოგადოების ცნობიერებასთან ერთად - დავამსხვრიოთ საზღვრები ცნობიერებაში და დავინახოთ მსოფლიო საზღვრების გარეშე და პირიქით“.

 

პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ „მცოცავი საზღვარი“ - რეალობაა, რომელშიც საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უწევს არსებობა. ეს პრობლემა განპირობებულია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობით. საქართველოს პავილიონი მიზნად ისახავს მაქსიმალურად ასახოს ეს რეალობა და გარკვეული ინტერვენცია მოახდინოს თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოედანზე. ეს არის პოლიტიკურ-სოციალური გზავნილი, რომელსაც ერთგვარი დისონანსი შეაქვს არსებულ ევროპულ რეალობაში. ძირითადი კონცეფცია მოიცავს გარკვეული მოვლენების მატარებელ ჯაჭვს, რომელიც DNM- ის ჯაჭვის ფაქტობრივი ანალოგია, ის არსებობს მისთვის შესაფერის გარემოში და ხშირად შეუმჩნეველი რჩება გარე ფაქტორების პროვოცირებად ზეგავლენამდე. „მცოცავი საზღვარი“, ხშირად, მხოლოდ საზღვრის ჩუმად გადმოწევასთან ასოცირდება, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება უამრავი ადამიანის პირადი ტკივილი, რომელიც თან ახლავს ამ ქმედებას. ვიზიტორს ეძლევა საშუალება მაქსიმალურად მიუახლოვდეს არსებულ რეალობას; სარკეებიან შემეცნებით ოთახში იგრძნოს თავი იმ ადამიანთა ადგილას, რომელთაც პირდაპირ შეეხოთ ეს ზეწოლა. კუნსტკამერა - მოგონებების ობსერვატორია ეს ის ადგილია, სადაც ადამიანის ქვეცნობიერის მსგავსად ინახება წარსულიდან შემორჩენილი ფრაგმენტები: ადამიანთა ისტორიები და მოგონებები, მოსაზღვრე ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ბავშების სახეები. სახეები, რომლებიც არავის ახსოვს, არავინ იმჩნევს...

 

საბოლოოდ, ინსტალიაცია იღებს ერთგვარ ირონიზირებულ სახეს, იქცევა თამაშად. ამ თამაშს კი ნათელი ეფინება მხოლოდ ბოლო საკანში, რომელიც წარმოადგენს მარადიულ და შინაარს მოკლებულ წრებრუნვას....

 

კონსტრუქციაში მოქცეული მაყურებელი განიცდის დისკომფორტს, დისონანსში შედის მოცემულ გარემოსთან, რათა მაქსიმალურად იქნას მიახლოებული საქართველოში და მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასთან.

29-12-2015, 12:55
უკან დაბრუნება