საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ხელი მოაწერა და ამავდროულად პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა კონსულტაციები დაიწყონ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ეს კანონი აასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა წარმოდგენილი“, თუმცა მიაჩნია, რომ საუკეთესოა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და რატომ არ დავადგინოთ ეს „საუკეთესო“ დღეს, არამედ ვითმინოთ 4 წელი?“
საოცარია, კაცმა ხელი უკვე მოაწერა და ახლა იძახის, რატომ ვითმინოთ 4 წელიწადიო!!! თუმცა, ეს არ არის მნიშვნელოვანი.
სიცხადისთვის ვიტყვით, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება მაჟორიტარული ოლქების ხელოვნურად გამსხვილებას (რაც იდიოტიზმამდე დადის) ეხება, რომლის მიზანი ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით რაც შეიძლება მეტი მაჟორიტარის „დათრევას“ ითვალისწინებს. გაუზვიადებლად შეიძლება იმის თქმა, რომ აღნიშნული ცვლილებით ხელისუფლებამ თითქმის 75-ვე მაჟორიტარული მანდატი ჯიბეში ჩაიდო, რადგან ამ „ისტორიული“ (საზოგადოების საბოლოოდ იგნორირების) ინიციატივის ფონზე ოპონენტები კონკურენციას უბრალოდ ვერ გაუწევენ.
თუ რეალურად განვსჯით, ნებისმიერი არჩევნები თავისი არსით და შედეგებით ფარსია (მითუმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა) და იგი ძირითადად მოქმედი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, მაგრამ ამ აბსურდულობას კიდევ უფრო აღრმავებს ის ცვლილებები, რომელსაც ბატონმა პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა - როგორ შეიძლება, მაგალითად, ჩხოროწყუს, მარტვილის და ნახევარ წალენჯიხას ერთი საერთო წარმომადგენელი ჰყავდეს საკანონმდებლო ორგანოში ან რა კრიტერიუმებით უნდა მისცენ ხმა ჩხოროწყუს მკვიდრს მარტვილელებმა და წალენჯიხელებმა?
უფრო კომიკური სიტუაცია იკვეთება მაღალმთიან რეგიონებში, სადაც იმდენადაა დაშორებული მომავალი მაჟორიტარის სამოქმედო არეალი, რომ მას თავის ამომრჩეველთან ინტენსიური კონტაქტიც კი გაუჭირდება!
რა გველოდება 4 წლის შემდეგ, როცა არჩევნების „საუკეთესო“, ანუ პროპორციული მოდელი დამკვიდრდება საქართველოში?
თავისი არსით, პროპორციული არჩევნები საარჩევნო რინგზე პოლიტიკური პარტიების „შერკინებას“ ნიშნავს, როცა ხმას აძლევ („ირჩევ“) არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ პარტიას.
საქართველოში არსებული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების შემადგენლობის გათვალისწინებით, ძნელია „საუკეთესოთა შორის საუკეთესო“ ამოარჩიო - თუ ეწ, პარტიის ლიდერებს არ მივიღებთ მხედველობაში, ამომრჩეველი არც იცნობს სიითი შემადგენლობის ათეულსაც კი, რომელსაც კენჭი უნდა უყაროს და სახელისუფლებო საჭე ჩააბაროს! მას (ამომრჩეველს) ამ ადამიანების არც პიროვნულ ღირსებებზე არა აქვს წარმოდგენა და არც მისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის პრაქტიკაზე. ასე „არჩეული“ დეპუტატები კი ან თავიანთი „ორიგინალური“ გამოსვლებით გვახსენებენ თავს, ან საერთოდ, ჩრდილში იმალებიან, რაიმე სისულელე არ დავაბრეხვოთო!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არჩევნებს გამოკვეთილად ფორმალური ხასიათი ენიჭება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კიდევ უფრო აკნინებს და უკიდურესობამდე ფორმალურს ხდის არჩევნების პრაქტიკას - საქმე ისაა, რომ არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავიანთ შემადგენლობას პროფესიონალებით (კანონშემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული ადამიანებით) აკომპლექტებდეს. არ არსებობს იმდენად, რამდენადაც ამაზე ქვეყანაში მოთხოვნილება არ არის და ვისაც მოესურვება, თავისუფლად ირგებს პარლამენტარის მანტიას.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ამომრჩეველმა არ იცის ამოსარჩევის პიროვნული თვისებები - როგორია მისი ცხოვრების წესი, რა სულიერების მატარებელია იგი, რამდენად სცემს პატივს ეროვნულ ფასეულობებს და ა.შ.
2020 წლიდან ამ თვალსაზრისით არჩევნები საერთოდ აზრს დაკარგავს, რადგან ჩვენ შეხება გვექნება არა პიროვნებასთან (მაჟორიტარული სისტემა საერთოდ უქმდება), არამედ ამორფულ პარტიებთან, რომლებიც, გვინდა, არ გვინდა, თავიანთ დაკრულზე გვაცეკვებენ!
თუ მაჟორიტარებთან მიმართებაში ტერიტორიულ ერთეულებს მეტ-ნაკლები შეხება ჰქონდათ თავიანთ „რჩეულთან“, ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში (2020 წლიდან) ეს შანსიც ისპობა.
აქედან გამომდინარე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა „საუკეთესო“ გამოსავალი კი არ არის ბატონო პრეზიდენტო, არამედ იმ პატარა შანსის დაკარგვაა, რასაც მაჟორიტარებთან ამომრჩევლის ურთიერთობა იძლეოდა!
დიახ, 2016 წლის არჩევნები თავისი „ორიგინალობით“ და სხვა ფაქტორებით გაგვაოცებს, 2020 წ-დან კი ასარჩევიც არავინ გვეყოლება - პოლიტიკური პარტიები თვითონ დაინიშნავენ თავს პარლამენტში. თუ როგორ, ამას „საარჩევნო“ მანქანა“ კარგად მოიფიქრებს.
ჩვენ კი ისევ გაბითურებულები დავრჩებით!!!
საბა საბახტარაშვილი