ენერგტეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებაში ახალი მხოლოდ ის არის, რომ 10 %-იანი მოცულობის მაგივრად ფულადი ანაზღაურება მოხდეს. მისი შეფასებით, "გაზპრომთან" დაკავშირებით ე.წ. ექსპერტების მიერ შექმნილი ტრაგედია ,,არის მარაზმი და არასწორი“.
კალაძე აცხადებს, რომ "გაზპრომთან" ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება და ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას.
,,ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები - გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე ანუ ჩვენს მიერ გატარებული 10 პროცენტიანი მოცულობის მაგივრად გადაგვიხადონ თანხები. ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ გაუგებარ განცხადებებს ე.წ. ექსპერტების მხრიდან. თუ ვინმეს მართლა აქვს სერიოზული სურვილი გაიგოს დეტალები, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად, მზად ვარ ამ ადამიანებს შევხვდე – მოვიდნენ და მივაწვდით ყველა ინფორმაციას", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ამჯერადაც საუბარია ერთწლიან ხელშეკრულებაზე და როდესაც გარკვეული შეთანხმება შედგება, ყველასთვის იქნება ცნობილი მის შესახებ.