ივერიონი / გია ხუხაშვილი: კოალიციაში დაძაბულობა უკვე პიკს აღწევს, მაგრამ, ივანიშვილის გარეშე ვერავინ გადარჩება!

გია ხუხაშვილი: კოალიციაში დაძაბულობა უკვე პიკს აღწევს, მაგრამ, ივანიშვილის გარეშე ვერავინ გადარჩება!

 

„ივერიონს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე დაძაბულობაზე და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილ ვითარებებზე, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო გია, გუშინ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ თუ საარჩევნო კვოტების მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნა ექნებათ, აუცილებელია დატოვონ კოალიცია შემავალმა პარტიებმა.

 

ბუნებრივია, ამ პარტიებში უპირველესად „რესპუბლიკელები“ იგულისხმებიან..

 

თქვენის აზრით, ხომ არ არის ეს ირიბი განცხადება, რომ დროა „რესპუბლიკურმა“ პარტიამ დატოვოს კოალიცია „ქართული ოცნება“?

 

-ვფიქრობ, რომ ჯერ-ჯერობით ეს არის ძალის დემონსტრირების მცდელობა. „ქართული ოცებისთვის“ ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. ბუნებრივია, აქ შეიძლება საკმაოდ რადიკალური სცენარები ვიხილოთ. ასეთი შიდა დაძაბულობა მოსალოდნელიც იყო. ის, რომ ეს ყველაფერი გასაჯაროვდა ნიშნავს იმას, რომ დაძაბულობა უკვე პიკს აღწევს. ჩემთვის ამაში არაფერი მოულოდნელი არ არის!

 

არა მგონია, აქ ჯერ-ჯერობით მოვლენების რაღაც დრამატული განვითარება ვიხილოთ. თუმცა, ეს არის გზავნილი, ბუნებრივია, პირველ რიგში „რესპუბლიკური“ პარტიისთვის.

 

-თქვენის აზრით, თუ „რესპუბლიკელები“ დატოვებენ კოალიციას, აქვთ თუ არა მათ იმის პოლიტიკური რესურსი, დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი?

 

-არც ერთ პარტიას, „ქართული ოცნების“ ჩათვლით, არ აქვს არანაირი პოლიტიკური რესურსი ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ყველა ისინი სხედან ბიძინა ივანიშვილის მხრებზე. ის, ვინც მას ჩამოშორდება კოალიციიდან, მას არა აქვს არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური რესურსი. დია, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი კოალიციაში შემავალ  არცერთ პოლიტიკურ პარტიას არა აქვს.

 

რესურსი დარჩება მხოლოდ იმას, ვინც ასოცირდება ბიძინა ივანიშვილთან!

 

-მოსალოდნელია, თუ არა საზოგადოება გახდეს წინასაარჩევნო დაპირისპირების მოწმე კოალიციის შიგნით, თუ ეს წინასაარჩევნო თამაშია, რომელიც საზოგადოების ყურადღების მოდუნებას ემსახურება?

 

-ეს არაა თამაში საზოგადოების ყურადღების მოსადუნებლად. ესაა რეალური დაძაბულობა, რომელიც შესაძლოა დასრულდეს განხეთქილებით. თუმცა, მე ამას ნაკლებად ვვარაუდობ, ვფიქრობ, რომ ნაკლებია ალბათობა ეს ყველაფერი დასრულდეს განხეთქილებით. რადგან, ყველა ამ პარტიას მშვენივრად ესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე არაფერს არ წარმოადგენენ.

 

შესაბამისად, ყველა ეცდება, რომ მზის ქვეშ შეინარჩუნოს ადგილი...

 

ვფიქრობ, რაღაც შუალედურზე შეთანხმდებიან. ნუ, თუ არ შეთანხმდებიან, მაშინ, დაიშლებიან. ამ პროცესში კი რეალურად მეტ-ნაკლები შანსი ექნება იმას, ვინც დარჩება ბიძინა ივანიშვილთან.

 

-პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებას ეხება, ანუ, იცვლება ადრე არსებული ტერიტორიალური პრინციპი და საარჩევნო ოლქები იქმნება არა რაიონების, არამედ, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, რაც სრული აბსურდია... თქვენი კომენტარი...

 

-ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ პრეზიდენტს უბრალოდ არც ჰქონდა  სხვა მანევრი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა. ანუ, ფაქტიურად პრეზიდენტმა თქვა კიდევაც, რომ ის არ თვლის, რომ ეს რაიმე ტიპის რეფორმაა. მას ეს არ მოსწონს და მოუწოდა პარტიებს, რათა გააგრძელონ ამ კუთხით მუშაობა. 

 

მაგრამ, მოგეხსენებათ, პრეზიდენტი კონსტიტუციის გარანტია და ის ვერაფრით ვერ შეეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამიტომ, მან აღასრულა ის მოთხოვნა, რაც სასამართლოს შესაბამისი განჩინებით იქნა მიღებული. 

 

-ზოგადად რა „სიურპრიზები“ ელოდება საზოგადოებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, საით მიდის ქართული საარჩევნო სისტემა და კონკრეტულად ე.წ. „თანამედროვე ქართული არჩევნების“ პრაქტიკა?

 

-სამწუხარო რეალობა გვაქვს დღეს იმის სახით, რომ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი ვერ აკმაყოფილებს ამომრჩევლის გემოვნებას. ანუ, ამომრჩეველი დაშორდა მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს!

 

შესაბამისად, თვითონ პოლიტიკური ელიტა: ხელისუფლება, ოპოზიცია ყველა ერთად, ჯამურად, არ არის ლეგიტიმური. აქედან გამომდინარე, რა კონფიგურაციაც არ უნდა მივიღოთ  ხელისუფლებაში, მას ექნება  სუსტი ლეგიტიმაცია და შესაბამისად, ხელისუფლება იქნება ძალიან მყიფე და არაქმედუნარიანი. სწორედ ესაა ყველაზე სამწუხარო  რეალობა, რასაც ვხედავ დღევანდელი გადმოსახედიდან.

 

       ესაუბრა კარინა გრიგორიანი

 

12-01-2016, 17:27
უკან დაბრუნება