გასულ კვირას ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ნანა ლეჟავას გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" გავიდა. სიუჟეტი გიგი უგულავას ლას-ვეგასური ვიზიტებს ეხებოდა, რაც ავტორის მტკიცებით, სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამასთან, ითქვა, რომ გიგი უგულავას საახალწლო გართობას თბილისის მერიის განვითარების ფონდი აფინანსებდა.
ნანა ლეჟავა კი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით მერიას დაუკავშირდნენ, თუმცა განმარტება ვერ მიიღეს.
"სიუჟეტის გასვლამდე ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია მერიაში, სადაც არ გვიპასუხეს და მხოლოდ სიუჟეტის გასვლის შემდეგ მერიამ გააკეთა ცილისწამებლური განცხადებები. დღეს კი, გაავრცელეს აუდიომასალა, თითქოს ჩვენ "ჰერმესთან" დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ვაპირებდით. ეს განცხადებაც მორიგი ცილისწამებაა. არც ერთი ჟურნალისტი არ მუშაობდა აღნიშნულ თემაზე. ჩვენ მივმართავთ მთავარ პროკურატურას, რომ დაიწყოს აღნიშნული საქმის გამოძიება", _ განაცხადა"კვირის რეპორტაჟის" ავტორმა ნანა ლეჟავამ.