ივერიონი / ბუტა რობაქიძის დედა პროკურატურაში დაიბარეს

ბუტა რობაქიძის დედა პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ერთი  საათის წინ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი შევიდა. როგორც ია მეტრეველმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა,   გუშინ საღამოს  პროკურორმა ბაკურ ჩიქოვანმა დაურეკა, რომ დღეს პროკურატურაში მისულიყო.


"დამირეკეს პროკურატურიდან და მოსვლა მთხოვეს. ალბათ შეკითხვებს უნდა ვუპასუხო ბუტასთან დაკავშირებით. მე პირადად ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის მოთხოვნით არანაირი განცხადება არ შემიტანია პროკურატურაში. თავისთავად გამოძიებას ექნება ალბათ შეკითხვები ოქრუაშვილთან. ოქრუაშვილი იმ პერიოდში შს მინისტრი იყო, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ  ვანო მერაბიშვილმა შეცვალა. მე, რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით კითხვები მაქვს, მაგრამ გამოძიება როგორც  საჭიროდ ჩათვლის, ისე იქნება", - განაცხადა ია მეტრეველმა.


ია მეტრეველი ბუტა რობაქიძის საქმის ახალ დეტალებზეც საუბრობს.


„არსებობს ცოცხალი მოწმე, რომელიც თავად შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც მაშინდელმა საპატრულო პოლიციის უფროსმა, მიქაძემ იარაღები  ვაკის პოლიციიდან გაიტანა. სწორედ ეს ავტომატი  დაუდეს ბუტას და დანარჩენი არსენალი კი ბუტას მეგობრებს ჩაუდეს", - განაცხადა ია მეტრეველმა.

22-11-2012, 17:07
უკან დაბრუნება