"ტაბულას" ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო ქარტიის საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:
12 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ტაბულას" ჟურნალისტებს ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს და ნინო მაჭარაშვილს რესტორან „ჭაშნაგირში" რამდენიმე პირი თავს დაესხა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ქარტია ესაუბრა ჟურნალისტებს, ისინი თავდასხმას მათ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ. მათი თქმით, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ არ მოსწონდათ „ტაბულას" მიერ რელიგიური თემატიკის გაშუქება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი. დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის გამო ჟურნალისტზე თავდასხმა ან რაიმე ტიპის ძალადობა. მედიას აქვს უფლება, ეთიკური სტანდარტების დაცვით საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად მოამზადოს მასალა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ცენზურა კი – დაუშვებელი.
დამნაშავე პირების სათანადოდ დაუსჯელობის პრეცენდენტმა შესაძლოა, სხვა პირები მედიაზე თავდასხმისკენ წაახალისოს, ჟურნალისტებს კი გაუჩნდეთ თვითცენზურა – მოერიდნენ გარკვეული თემების კრიტიკულად გაშუქებას.
როგორც „ტაბულას" ჟურნალისტები ამბობენ, თავდამსხმელების მხრიდან იყო მუქარაც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, სამართალდამცავმა უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის გაასაჯაროვონ და არ შეიქმნას დაუსჯელობის პრეცენდენტი.