ხვალ, 14 იანვარს, 16.00სთ-ზე ბათუმის იუსტიციის სახლში, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს. იუსტიციის მინისტრი ამნისტიის კანონზე გააკეთებს განცხადებას, რომელიც გაყალბებულ დოკუმენტებს ეხება.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გაყალბებული დოკუმენტების ამნისტიის ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. კანონი 2015 წლის 30 დეკემბრიდან ამოქმედდა. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეთა მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა ბაზების გაწმენდა და საარჩევნო სიის სრულყოფა. ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო გააყალბეს პირადობის მოწმობა, პასპორტი, სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა. ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ მიმართავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და თავად განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე. ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული მონაცემი გამოიყენეს კანონის ამოქმედებამდე; იმ პირებზე, რომელთაც გააყალბეს პირადი მონაცემები 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე, მათზე, ვინც გაყალბებული დოკუმენტებით ან მათი მონაცემებით ისარგებლა.
პირადი მონაცემების თვითნებურად გადასწორება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა − ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამნისტიით და ყოველგვარი სასჯელის ან ჯარიმის გარეშე შეასწორონ გაყალბებული მონაცემები.
იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს ამნისტიით, მან განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს დევნილის ყალბ მოწმობას, ამავე ვადაში მან განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. თუ პირი უკვე ცნობილია ბრალდებულად, ის თავისუფლდება შესაბამისი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის ვალდებულებისაგან და მას ამნისტია პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე შეეხება.
გარდა ამისა, ამნისტიით სარგებლობის მოთხოვნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციურ სამსახურს შემდეგ ნომერზე: (+995 32) 2 40 10 10 ან ისარგებლონ ვებგვერდით: sda.gov.ge.