ივერიონი / სააკაშვილი... მიდის!

სააკაშვილი... მიდის!

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "ივერიონმა" ჩაატარა ტრადიციული ინტერნეტგამოკითხვა თემაზე: "მოსალოდნელია თუ არა პრეზიდენტმა დაითხოვოს ახლად არჩეული პარლამენტი და ერთდროულად ჩატარდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?"


კითხვა იმდენად აქტუალურია, რომ ინტერნეტგამოკითხვაში მონაწილეობა ასეულობით ადამიანმა მიიღო. გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა: მოსალოდნელია 47,5%, არ არის მოსალოდნელი 42,5%, მიჭირს პასუხის გაცემა _ 10%.


ინტერნეტგამოკითხვაში როგორც თბილისის, ასევე რეგიონის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ და აქედან გამომდინარე, გამოკითხვის შედეგებში გარკვეულწილად საქართველოს მოსახლეობის განწყობა აისახა. ის ფაქტი, რომ დამარცხებული პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია და მოქმედი კონსტიტუციით მას შანსი ეძლევა 2013 წლის ოქტომბრამდე გაწელოს პრეზიდენტობის ვადა, გარკვეულ პრობლემებს უქმნის დღევანდელ უმრავლესობას და ასევე გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს საზოგადოებაშიც.


თუ გამოკითხვიდან გამომდინარე კომენტარებს გავეცნობით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვარაუდობს, რომ "მისგან ყველაფერია მოსალოდნელი", ამიტომ პასუხი, უპირველესად, სააკაშვილს უნდა მოეთხოვოს, რადგან ყველაფერში მთავარი დამნაშავე სწორედ სააკაშვილია!


სხვები ფიქრობენ, რომ სააკაშვილის დასჯა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რადგან "ნაციონალები" საერთოდ გაქრებოდნენ საქართველოს პოლიტიკური სივრციდან.


ზოგიერთი გამოკითხული უფრო შორს მიდის და სააკაშვილთან ერთად შევარდნაძის გასამართლებასაც ითხოვს, რადგან ყველაფრის თავი და ბოლო სწორედ შევარდნაძეა. მას ყველაზე დიდ დანაშაულად "აფხაზეთის ჩაბარების" შემდეგ სწორედ სააკაშვილისთვის ხელისუფლების გადაბარებას უთვლიან!..


არიან ისეთებიც, რომლებიც გამოსავალს პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტში ხედავენ. მათი თქმით, იმდენად დიდია სააკაშვილის დანაშაული ერის წინაშე, რომ მას არა აქვს მორალური უფლება ახალი უმრავლესობის პირობებში იყოს საქართველოს პრეზიდენტი.


სხვათაშორის, სააკაშვილის იმპიჩმენტზე "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო პერიოდშიც საუბრობდა და იგი პირდებოდა მოსახლეობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებდა.


ზოგადად, იმპიჩმენტი საკმაოდ რთული პროცედურაა და იგი პოლიტიკურ ნებასთან ერთად სახელმწიფო ან სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებას და სათანადო მტკიცებულებების არსებობას მოითხოვს.


ამ თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში რომც იყოს, პროცესი შეიძლება ხანგრძლივად გაიწელოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო, ან პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს შორის. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის ეფექტურობა ეჭვქვეშ შეიძლება დადგეს!


სხვათაშორის, ევროპაში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილთან მიმართებაში ახალი უმრავლესობა იმპიჩმენტის პროცედურას არ გამოიყენებს.


საინტერესოა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ 2013 წლის ოქტომბრამდე სააკაშვილი ხელშეუხებელია?!


მიუხედავად საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობისა (შეიძლება ითქვას, კატეგორიული მოთხოვნისა) სააკაშვილი გასამართლდეს, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ახალმა მთავრობამ ეს ვერ მოახერხოს _ არა იმიტომ, რომ არ უნდა, არამედ, იმიტომ, რომ არ შეუძლია!


აქ უფრო საერთაშორისო სტრუქტურების ნებასთან გვაქვს საქმე, რომლებმაც თავის დროზე გამოაქანდაკეს მათი იდეების უსიტყვო შემსრულებელი პრეზიდენტი სააკაშვილი და ახლა იძულებულნი არიან კბილებით დაიცვან იგი.


დიახ, სააკაშვილის საბრალდებო სკამზე დასმა კატასტროფა იქნება იგივე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომელმაც "ვარდების რევოლუცია" დიქტატურის უსისხლოდ დამხობად და საქართველოში დემოკრატიის გამარჯვებად შემოგვაპარა.


ისინი წლების მანძილზე "გვარწმუნებდნენ", რომ ფერადი რევოლუციის ექსპერიმენტმა გაამართლა და საქართველო დემოკრატიული განვითარების ხარისხით ლამის ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებს "გაუტოლდა".


მოვიდნენ რა ხელისუფლების სათავეში, ახალგაზრდა "რეფორმატორებმა", ეფექტურად აამოქმედეს მსოფლიოში აპრობირებული ლობირების ინსტიტუტი და შექმნეს ილუზია, რომ ქვეყანაში "ყველაფერი კარგად არის", საქართველო პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს, რომ ყველა დონეზე მოისპო კორუფცია, ეკონომიკა აღმავლობის გზას ადგას და ბიზნესის დაწყების სიმარტივით ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც გავუსწარით. ფასადურმა დემოკრატიამ ეკონომიკაშიც ფასადური ელემენტები შემოიტანა და ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიუხედავად, ბიზნესის კეთება ჯოჯოხეთად იქცა _ ვინც "ნაცმოძრაობის" სამიზნე გახდა, ან ძალით "აჩუქებინეს" მათ საკუთრებაში არსებული რესურსი, ან ლამის ციხეში ამოხადეს სული. მიუხედავად იმისა, რომ "ნაცების" პარპაშმა ქვეყანაში აუტანელი ხასიათი შეიძინა, დაშინებული და დაჩიავებული საზოგადოება საკუთარ თავში გამოსავალს ვერ პოლულობდა. გამოსავალი მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერი გახდა, რომელმაც შეარყია სააკაშვილის ხელისუფლება, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ამოძირკვა!


ახლა ისევ სააკაშვილს დავუბრუნდეთ _ გაატანს თუ არა იგი ოქტომბრამდე და დააპირებს თუ არა გამოიყენოს, ჯერჯერობით, მის ხელთ არსებული ბერკეტები და პოლიტიკური კრიზისი შექმნას ქვეყანაში?


მიუხედავად იმისა, რომ მისი გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რამდენიც არ უნდა შეგროვდეს, ის არ იქნება სამართლებრივი დოკუმენტი მის გადასაყენებლად და იგი უფრო მორალური ზემოქმედების ფუნქციას შეასრულებს.


დავიწყოთ იქიდან, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის 5 იანვარს იწურება. ანუ, კონსტიტუციის თანახმად, უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღეში უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები _ არჩევნების თარიღი კი 60 დღით ადრე, ანუ 22 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს. თუმცა, სააკაშვილს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ხელში უჭირავს კოზირი, რომელიც მას საშუალებას აძლევს საპრეზიდენტო ვადა გაწელოს 2013 წლის ოქტომბრამდე _ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე.


 ვეთანხმები ბ-ნ იაკობ ლეჟავას, რომელმაც გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნებულ სტატიაში კანონზომიერად აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა უნდა შეიცვალოს მოთხოვნით _ პრეზიდენტობის დასრულება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, როგორც ბატონი ლეჟავა წერს "ეს მოთხოვნა უნდა იყოს მიმართული პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით, რადგან მათ უნდა უზრულველყონ სააკაშვილის მშვიდობიანად გასტუმრება". ფორმულირება სწორია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც იგი მხოლოდ მორალური ზემოქმედების ფუნქციას შეასრულებს.


საკმაოდ ორაზროვანი განცხადება გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას. იგი ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირება არ მოხდება: "საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას მოახდენს... ჩვენ არ გავაკეთებთ პოლიტიკურად იმპიჩმენტის ინიცირებას, შევინარჩუნებთ პრეზიდენტს, მაგრამ ახალი უფლება-მოვალეობებით. ახალი კონსტიტუცია ძალაში უნდა შევიდეს არა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არამედ უფრო ადრე, თუმცა არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება!"


კეთილი და პატიოსანი. ივანიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს გამორიცხავს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და პრეზიდენტის ახალ უფლება-მოვალეობებზე საუბრობს ეს მაშინ, როცა "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს პარლამენტში. ისმება კითხვა: როგორ აპირებს ახალი ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, ასეთი გახშირებული დაჭერებისა და საპარლამენტი ოპოზიციასთან გამწვავებული ურთიერთობების პირობებში? პასუხი მარტივია: ან რაღაც გარიგებასთან გვაქვს საქმე, ან დროის გაყვანის ტაქტიკასთან, რომელმაც შეიძლება შედარებით უმტკივნეულოდ გადაწყვიტოს სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების პროცესი.


მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და ახალ უმრავლესობასთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა, მან იქვე არაადეკვატური განცხადებაც გააკეთა, როცა თქვა, რომ ოპოზიციაში გადადიოდა (თუმცა, არ დაუკონკრეტებია _ ხალხის, თუ "ქართული ოცნების" ოპოზიციაში). ეს საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მისთვის ჩვეულ "პოლიტიკურ მარგალიტად" მონათლა, თუმცა ნაკლებად მგონია სააკაშვილს იმ წუთებში ამ სიტყვის მნიშვნელობა გააზრებული არ ჰქონოდა. მან თავისი ოპოზიციონერობა შემდეგაც ბევრჯერ დაამტკიცა და საბოლოოდ წერტილი დაუსვა, როცა რასმუსენთან ჩაგვიშვა _ მე ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და საქართველოში წინა ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით იდევნებაო. რაც მოჰყვა ამ განცხადებას ყველამ კარგად ვიცით. სააკაშვილი თავისი ლობისტური მანქანის ამოქმედებას არც მომავალში მოერიდება, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია, იმაზე, როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები _ რამდენად მტკიცე და შეუვალი იქნება ახალი ხელისუფლება.


მართალია, ბატონი ივანიშვილი იმპიჩმენტის პროცედურას გამორიცხავს, მაგრამ იმის გამორიცხვა ნამდვილად არ შეიძლება, რომ სააკაშვილმა პოსტი ოქტომბრამდე დატოვოს და ეს "ხალხის ნებას" დააბრალოს! თუმცა, ნამდვილი მიზეზი შეიძლება ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა გახდეს, რომელიც ფარდას ახდის ბევრ საშინელებას _ იმ საშინელებას, რომლის სულისჩამდგმელი და დირიჟორი სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო.


დასავლეთი სააკაშვილს დასაჭერად რომ არ გაიმეტებს, ფაქტია _ ეს მათი პოლიტიკური კატასტროფა იქნება. მათ უჭირთ "დემოკრატიის შუქურად" აღიარებული სააკაშვილის დესპოტად წარმოჩენა. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, ურჩიონ მას, გაერიდოს სიტუაციას, ვადაზე ადრე გადადგეს პრეზიდენტის თანამდებობიდან და ამით სათანადო გარანტიები მიიღოს.


სხვანაირად, ლოგიკას მოკლებულია დაჭერების კვალი სააკაშვილამდე არ მივიდეს. მითუმეტეს, ამის ყოველგვარი საფუძველი არსებობს.


ერთი სიტყვით, ახალ უმრავლესობას არ გამოუვა არც მწვადი დაწვას და არც შამფური _ მან საზოგადოების დაკვეთა უნდა შეასრულოს. სააკაშვილის გადადგომა კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ მის მიმართ აგრესია განელდეს. ამით საერთაშორისო საზოგადოებასაც გადავუხდით ხარკს,  რომელიც ყოველნაირად შეეცდება სააკაშვილი განსასჯელის სკამზე არ მოხვდეს.


ასე რომ, სააკაშვილი მიდის!


ზაურ ნაჭყებია

22-11-2012, 17:32
უკან დაბრუნება