საქართველოს იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეთექვსმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფორუმის წევრი საჯარო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
სამინისროს ინფორმაციით, „ღია მმართველობა საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მოქმედება 2015 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდა. შესაბამისად, ფორუმის შეხვედრაზე გეგმის თითოეულმა პასუხისმგებელმა უწყებამ გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა შეაჯამა. ფორუმმა იმსჯელა იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, სამომავლოდ სამოქმედო გეგმაში აისახოს.
„ღია მმართველობა საქართველოს“ სამდივნომ ფორუმს დეტალური ინსტრუქცია წარუდგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცედურების დაცვით უნდა შემუშავდეს „ღია მმართველობა საქართველოს“ ახალი − მესამე სამოქმედო გეგმა. ფორუმი შეთანხმდა, რომ „ღია მმართველობა საქართველოს“ სამდივნო გაწერს ახალი გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ეტაპებსა და ვადებს, რაც ფორუმს განსახილველად და შემდგომში დასამტკიცებლად წარედგინება.
საქართველომ „ღია მმართველობა საქართველოს“ მესამე სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 2016 წლის ივნისის ბოლოს უნდა წარუდგინოს.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership - OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 66 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული წევრია. მის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგად შესაძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და მისი ელექტრონულად გამოთხოვა; გაიზარდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა წრე; შეიქმნა მოქალაქის პორტალი www.my.gov.ge.
საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნის, წარმატების დასტურია ის, რომ 2014 წელს ქვეყანა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.