ბოლო რამდენიმე დღის ყველაზე გახმაურებული და აქტუალური თემა, „გაზპრომის“ საქართველოში შესაძლო შემოსვლას და „განაციონალებულ სოკარს“ ეხება. სწორედ ამ საკითხებზე ოპონენტებში გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობაზე „ივერიონთან“ კომენტარი, ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა გააკეთა.
-ბატონო სოსო, რამდენიმე დღის წინ აჟიოტაჟი იყო ატეხილი „გაზპრომთან“ დაკავშირებით. ოპონენტები ამაში საქართველოში რუსული გავლენის ზრდის შესაძლებლობას ხედავდნენ. ოპონენტთა მეორე ნაწილი საქართველოს „გაზპრომით“ დაინტერესებას იმაშიც ხედავდა, რომ გაზის მთავარი მომწოდებელი „სოკარი“ ნაციონალებს დღესაც აფინანსებს... და მისი ჩაჩოჩება მოინდომეს!
ამ ვერსიებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრამ „სოკარის“ პრეზიდენტთან როვნაგ აბდულაევთან, ცივი წყალი გადაასხა...
კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, კომპანია „სოკართან“ თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
პრემიერმა ბოლო პერიოდში ატეხილ აჟიოტაჟს პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა და ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს თანამშრომლობის განვითარებას“.
თქვენი აზრით, რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი ეს შეხვედრა და ხომ არ ნიშნავს იმას, რომ „გაზპრომის“ თემას გაგრძელება არ უწერია?
-„გაზპრომის“ თემა რასაკვირველია გაგრძელდება. მთავარია ქართული მხარე იყოს ადეკვატური, გონიერი და ასეთი კომუნიკაციების დროს მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებზე დაყრდნობით მოქმედებდეს!
ჩემის აზრით, ვისაც როგორ უნდა ისე შეუძლია მონათლოს არსებული პროცესები: არის ეს რაიმე სახის პოლიტიკური სპეკულაცია, თუ უბრალოდ საფრთხის შემცველი მალული კომუნიკაციები „გაზპრომთან“, ფაქტი ერთია - თემა გახდა აქტუალური, გამჭვირვალობის ხარისხმა თვალსაჩინოდ იმატა და ეს აღარაა მხოლოდ კალაძის და მისი მოადგილეების გადასაწყვეტი თემა.
მაშინ, როდესაც უპირველეს ყოვლისა კითხვები არსებობს სწორედ იმ სამეულთან, რომელიც პერსონალური დაცვის რეჟიმში დაჰყვებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში „გაზპრომის“ თავმჯდომარეს მილერს. და აქვე, ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ მილერის შესაბამისი წონის მოხელე, არავინაა ენერგეტიკის სამინისტროებში.
ხოლო, უკანასკნელი კომუნიკაცია ციურიხში ბადებდა ჯერ ეს ერთი კითხვებს, თუ რა ასეთი ცეცხლი ეკიდა ამ საკითხს, რომ ვიღაცამ გადაიხადა თანხა ჩარტერული რეისის ორგანიზაციისთვის თბილისიდან-ციურიხამდე. არცერთი კითხვა არ დარჩება უპასუხოდ თუ ამას არ ისურვებს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ პასუხს თავად მოიძიებს სამოქალაქო საზოგადოება და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.
ვფიქრობ, რომ შენარჩუნებულ უნდა იქნას „გაზპრომთან“ ურთიერთობის ის ფორმატი, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენს „გაზპრომის“ ჩართულობას -საქართველოდან სომხეთისკენ ტრანზიტის განხორციელებას და ამ პირობების შეცვლის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. რატომ ხდება გადასხვაფერება ამ მონაცემების, რაც წლების განმავობაში იყო მისაღები - რუსეთისთვის, საქართველოსთვის და სომხეთისთვის და არც აზერბაიჯანს არ აღიზიანებდა?!
ნებისმიერი ცვლილება ამ, უკვე, ტრადიციად ქცეულ ფორმატთან ბადებს კითხვებს, რომლებზეც პასუხებს ვერ ვიღებთ!
ესაუბრა კარინა გრიგორიანი