ივერიონი / მამუკა არეშიძე: „გაზპრომთან“ დაკავშირებით შეიძლება პოლიტიკური თემაც იყოს ჩადებული, მაგრამ ოპონენტებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ!

მამუკა არეშიძე: „გაზპრომთან“ დაკავშირებით შეიძლება პოლიტიკური თემაც იყოს ჩადებული, მაგრამ ოპონენტებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ!

„ივერიონს“   „გაზპრომთან“ დაკავშირებულ პერსპექტივებზე, ექსპერტი მამუკა არეშიძე  ესაუბრა.

 

-ბატონო მამუკა, რამდენიმე დღის წინ აჟიოტაჟი იყო ატეხილი „გაზპრომთან“ დაკავშირებით. ოპონენტები ამაში საქართველოში რუსული გავლენის ზრდის შესაძლებლობას ხედავდნენ. ოპონენტთა მეორე ნაწილი საქართველოს „გაზპრომით“ და ინტერესებას იმაშიც ხედავდა, რომ გაზის მთავარი მომწოდებელი „სოკარი“ ნაციონალებს დღესაც აფინანსებს... და მისი ჩაჩოჩება მოინდომეს!

 

ამ ვერსიებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრამ „სოკარის“ პრეზიდენტთან როვნაგ აბდულაევთან, ცივი წყალი გადაასხა...

 

კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, კომპანია „სოკართან“თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

პრემიერმა ბოლო პერიოდში ატეხილ აჟიოტაჟს პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა და ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს თანამშრომლობის განვითარებას“.

 

თქვენი აზრით, რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი ეს შეხვედრა და ხომ არ ნიშნავს იმას, რომ „გაზპრომის“ თემას გაგრძელება არ უწერია?

 

-როგორც, ექსპერტებს ენეგრეტიკის მინისტრთან შეხვედრისას აგვიხსნეს, აუცილებლობა განპირობებული იყო შემდეგი მოსაზრებით, რომ ამჟამად აზერბაიჯანს ტექნიკურად არ აქვს საშუალება საქართველოს მიაწოდოს უფრო მეტი გაზი, ვიდრე ახლა აწვდის, რადგან საქართველოში აბონენტთა რაოდენობა 135 ათასი ერთეულით გაიზარდა. გარდა  ამისა, ახლა ზამთრის პერიოდია და გაზის მოხმარების პიკია. 

 

ის, რომ აზერბაიჯანს მეტი გაზის მოწოდება არ შეუძლია, ამის არგუმენტად მოიყვანეს ფაქტი, რომელიც 31 დეკემბერს მოხდა, როდესაც, პირიქით, თვითონ აზერბაიჯანმა მოაწერა „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას ხელი, რომლის მიხედვითაც, ისინი რუსეთიდან 2 მილიარდ კუბამდე გაზს მიიღებენ. ამაზე რასაკვირველია ჩნდება კითხვა: მაშინ, როცა აზერბაიჯანშიც გაიზარდა აბონენტთა რიცხვი, თუ აზერბაიჯანს აქვს საშუალება საქართველოს მიაწოდოს გაზი, თვითონ რატომ არ იყენებს მას?

 

შეხვედრაზე ისიც გვითხრეს, რომ თუ „გაზპრომთან“ ერთწლიანი ხელშეკრულება დაიდო, შემდეგ უკვე გადახედვას ექვემდებარება. გარდა ამისა, (ჩვენ პოლიტიკურ ნაწილსაც შევეხეთ) დავსვით შეკითხვა იმის თაობაზე, ხომ არ მოხდება გაზსადენის გასხვისება, ან მისი არენდით გადაცემა „გაზპრომისთვის“, რაზეც ნათელი პასუხი მივიღეთ, რომ ასეთი რამ არც კი განიხილება!

 

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველომ გაზი მიიღოს ირანიდან, გვითხრეს, რომ ტექნიკურად ამის გაკეთება ჯერ-ჯერობით რთულია და ეს მომავლის საქმეა.

 

ასევე მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ „გაზპრომისგან“ მივიღებთ გაზს, ეს რამდენი ხნით იქნება განსაზღვრული- ხელშეკრულება არის ერთწლიანი, ლაპარაკია მხოლოდ ზამთრის პერიოდზე. 

 

გვითხრეს, რომ 2019 წლიდან, როცა გაიხსნება „შაჰდენიზი 2“ და ჩვენ უკვე მთლიანად აზერბაიჯანის გაზის მომხმარებლები ვიქნებით- ის საქართველოს მოთხოვნილებებს მთლიანად დააკმაყოფილებს!

 

ამ ეტაპზე კი აზერბაიჯანს იმის საშუალება არ აქვს, რომ ჩვენ უფრო მეტი გაზი მოგვცეს. სხვათაშორის, აბდულაევის ვიზიტის დროს ეს დამტკიცდა კიდეც ირიბად- აზერბაიჯანმა თქვა, რომ მას შეუძლია გაზის მოწოდების გაზრდა, ოღონდ მცირედ.

 

არ გამოვრიცხავ, რომ აქ პოლიტიკური თემაც იყოს ჩადებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი ოპონენტების შეშფოთებას საფუძველი არ აქვს!

 

                  ესაუბრა მედეა შელია

 

14-01-2016, 15:20
უკან დაბრუნება