ივერიონი / გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო!

გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო. პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება კომპანიებში, ეკონომიკაში, მხოლოდ განაწილების დივიდენდად გაცემის შემთხვევაში დაიბეგრება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს.

 

მისივე თქმით, საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრება აქტიურად განიხილება.

 

პრემიერის განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსის და ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას.

 

„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ უკვე მუშაობა სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან. რა თქმა უნდა, მაქსიმალურს გავაკეთებთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან პარტნიორობის შენარჩუნება და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება უკვე მზა კანონპროექტი განვიხილოთ მთავრობაზე და გადაგზავნილი იქნას პარლამენტში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ გარკვეული კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს.

15-01-2016, 11:17
უკან დაბრუნება