ივერიონი / პრემიერი: მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით რეგულაციები აუცილებლად მისაღებია!

პრემიერი: მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით რეგულაციები აუცილებლად მისაღებია!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხში უკან ნაბიჯი არ იქნება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ამ ტიპის მანქანები უკვე შეძენილი აქვთ, პრობლემები არ შეექმნებათ.

 

,,საუბარია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ახალი პარტიების შემოტანასა და რეგისტრაციის აკრძალვაზეა. ამაზე ათასგვარი პოლიტიკური სპეკულაციები ატყდა. პირველ რიგში მინდა გავაკეთო განმარტება, რომ საქართველოში არსებული უკვე შემოტანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს მათი გადაფორმება რამდეჯერაც საჭირო იქნება, იმდეჯერ შეეძლებათ. არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, არავინ ამ ადამიანების საკუთრებას არ ეხება ანუ მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ ტიპის მანქანა, შეუძლიათ რამდენჯერაც ნებავთ, იმდეჯერ გაასხვისონ, გადააფორმონ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

მისივე თქმით, თუკი ეს კანონპროექტი არ განხორციელდა დედაქალაქში სიტუაცია არსებულზე მეტად გაუარესდება. 

 

,,ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა. გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, სულ უარესი და უარესი მდგომარეობა გვექნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

15-01-2016, 11:30
უკან დაბრუნება