დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიცია, მერის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
"ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ლილუაშვილის ერთადერთი დავალებაა, უფლებამოსილების შესრულებას ჩამოაშოროს არჩეული მერი და თავად გახდეს არაფორმალური მმართველი.
,,ეს კიდევ უფრო მეტად გაართულებს წარმატებული პროექტების განხორციელებას, კიდევ უფრო მეტად შეუძლებელს გახდის, რომ თბილისელებმა იგრძნონ ცვლილებები დედაქალაქში", - აღნიშნა აბესაძემ.
მისი შეფასებით, "ქართუ ჯგუფში" მუშაობა არ ნიშნავს, რომ ის კარგად გაართმევს თავს დედაქალაქში არსებულ პრობლემებს.
"ქართუ ჯგუფი" სპეციფიური სუბიექტია, რომელსაც ფაქტობრივად ულევი ფინანსური რესურსი აქვს და არ გააჩნია კრიზისული სიტუაცია, როგორც დედაქალაქში გვაქვს. ლილუაშვილის გამოცდილება აბსოლუტურად არ შეესაბამება თბილისში არსებულ მძიმე და კრიზისულ მდგომარეობას. ამიტომ ჩვენ მის მუშაობასთან დაკავშირებით არანაირი სასიკეთო მოლოდინი არ გვაქვს", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
საკრებულოში დღეს, მერის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ.