ივერიონი / რატომ მოითხოვენ ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას?

რატომ მოითხოვენ ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას?

ომის ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას და ჰოსპიტალის დაფინანსების აღდგენას მოითხოვენ. აღნიშნულ საკითხზე ვეტერანთა ჰოსპიტალის დირექტორმა, გიორგი მაცაბერიძემ და ომის ვეტერანებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 

ისინი ჰოსპიტალისთვის დაფინანსების აღდგენას პრემიერმინისტრს თხოვენ და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს მოვალეობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ, რის გამოც მის გადადგომას მოითხოვენ.

 

ომის ვეტერანების განცხადებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

 

„ჰოსპიტალის დაფინანსების ერთადერთი წყარო არის საბიუჯეტო დაფინანსება. თუ შეწყდება საბიუჯეტო დაფინანსება, შესაბამისად შეწყდება ჰოსპიტალის საქმიანობა,“ - აღნიშნა გიორგი მაცაბერიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ჰოსპიტლისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება 2016 წლის 13 იანვარს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალი, რომელიც უფასოდ ემსახურებოდა ვეტერანებს, უქმდება. ასევე, სამსახურის გარეშე რჩება დაახლოებით, 150 თანამშრომელი.

 

როგორც ცნობილია, ვეტერანთა ჰოსპიტლის შენობა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხოლო ვეტერანთათვის სამედიცინო მომსახურეობის შესყიდვის მიზნით, მთავრობის განკარგულებით, საერთო ხაზინიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფოდა, რომელიც ვეტერანთა დეპარტამენის გავლით, ჰოსპიტალს ერიცხებოდა.

 

19-01-2016, 17:46
უკან დაბრუნება