ივერიონი / საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ინარა მურნიეცეს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ინარა მურნიეცეს შეხვდა

ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა ქვეყნის სეიმის (პარლამენტის) სპიკერთან, ინარა მურნიეცესთან გამართა. 

 

ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა ქართულ დელეგაციას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მიღება მიულოცა. მისი შეფასებით, ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ინარა მურნიეცეს თქმით, ლატვია, როგორც მეგობარი ქვეყანა, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

 

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ლატვიის ევროსაბჭოს პრეზიდენტობის პერიოდი წარმატებული იყო საქართველოსთვის, რადგან ლატვიამ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წაწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ წვლილისთვის ინარა მურნიეცეს მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც და აღნიშნეს, რომ შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება განათლების სფეროში, რადგან იზრდება სტუდენტების ინტერესი ქართული და ლატვიური განათლების სისტემის მიმართ.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებაც. დავით უსუფაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალებით დაკომპლექტდება შემდეგი მოწვევის პარლამენტი, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გააგრძელებს ლატვიის სეიმთან იმ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც უკვე წლებია, გრძელდება. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შესაძლებელია, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა აქტიურად ითანამშრომლონ გამოცდილების გაზიარების კუთხითაც. თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმა გასული წლის 27-29 ოქტომბერს, მეხიკოში გამართულ ღია მმართველობის პარნტიორობის გლობალურ სამიტზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს შეუძლია, ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით, გამოცდილება ლატვიის პარლამენტს გაუზიაროს. ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვიის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფში პარლამენტის წევრთა თითქმის ნახევარი შემადგენლობაა გაწევრიანებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინტერესი არსებული ურთიერთობის შენარჩუნების, კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისთვის დიდია.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონულ საკითხებსა და გლობალურ გამოწვევებზეც. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტსა და საქართველოს მოლოდინებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ზედმიწევნით ასრულებს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ნატოში გასაწევრიანებლადაა საჭირო. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ალიანსი შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ლატვიის სეიმის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია კვლავ გააგრძელებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორმატში.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც დავით უსუფაშვილთან ერთად, თედო ჯაფარიძე, გიორგი კახიანი, მიხეილ მაჭავარიანი და ვიქტორ დოლიძე შედიან, ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს 19 იანვრს დაასრულებს.

19-01-2016, 17:49
უკან დაბრუნება