ივერიონი / ნოდარ ხადური: ბიზნესს კომფორტული გარემო უნდა შევუქმნათ!

ნოდარ ხადური: ბიზნესს კომფორტული გარემო უნდა შევუქმნათ!

“ბიზნესს აქვს სურვილი, რომ ჰქონდეს დიალოგი ფინანსთა სამინისტროსთან, საზოგადოდ, ხელისუფლებასთან. შევთანხმდით, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ბიზნესთან მოხდება წინასწარი კომუნიკაცია“.


ამის შესახებ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოხრეიძემ ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან შეხვედრისას განაცხადა.


„შეხვედრაზე საუბარი იყო ადმინისტრირების ლიბერალიზაციაზე, რათა ჯარიმები და სანქციები აღარ იყოს ისეთი მაღალი, როგორიც აქამადე და ეს განსაკუთრებით კარგია მცირე ბიზნესისთვის. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია და საერთაშორისო სავაჭრო პალატა აქტიურად იქნება ჩართული ფინანსთა სამინისტროსთან დიალოგში,“ - ამბობს კოხრეიძე.


„საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ბიზნესისთვის საგადასახადო და საბაჟო სფეროში არსებობს. სავაჭრო პალატის წევრებმა მოისმინეს იმ გეგმების შესახებ, რომელიც აქვს ფინანსთა სამინისტროს. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში.  მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა პრობლემა. ჩვენი ამოცანაა, საქართველოში ბიზნესს საქმიანობისთვის  მაქსიმალურად კომფორტული გარემო ჰქონდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა  ნოდარ ხადურმა.


ფინანსთა მინისტრისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC GEORGIA) წარმომადგენელთა შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის თანამშრომლობის საკითხები.

22-11-2012, 19:56
უკან დაბრუნება