ივერიონი / საქართველოს ერთი კვირის პოლიტეკონომია: 14.01.2016-20.01.2016

საქართველოს ერთი კვირის პოლიტეკონომია: 14.01.2016-20.01.2016

მიხეილ ჯიბუტი, 

„ქართული პლატფორმა“

 

ამ კვირის მთავარი თემა იყო „გაზპრომთან“ საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის მეშვეობით. აღნიშნულს ხელისუფლება ჯერ უარყოფდა, შემდეგ ამას საშტატო მდგომარეობას მიაწერდა, ახლა იმ დონეზე მივიდა, რომ  „გაზპრომის“ მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა. კალაძის თქმით  გაზპრომი „საქართველოს ულტიმატუმს უყენებს“ (http://www.bpn.ge/ekonomika/19164). თუ საქართველო არ დათანხმდება მის პირობებს, მაშინ გაზპრომი სომხეთს ბუნებრივ აირს ირანიდან მიაწვდის. 

 

შეგახსენებთ, საუბარია საქართველოს კუთვნილი მილსადენით სომხეთისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდებაზე, რისთვისაც არსებული რეჟიმით საქართველო ნატურით იღებს გატარებული მოცულობის 10 %-ს. ოფიციოზის თქმით, გაზპრომი ითხოვს გატარებისთვის ფულის გადახდას და საქართველოს მიერ გაზის ფულით ყიდვას, ანუ, არსებული სქემის შეცვლას.

 

თუ რამდენად მისაღებია ასეთი წინადადება საქართველოსთვის ამის შესახებ დასაბუთებულად, არგუმენტებით განაცხადა თსუ რექტორმა ლადო პაპავამ. პაპავას აზრით, „თუ საქართველოს მთავრობა რუსული წინადადებების მიღებაზე წავიდა, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული“.

(იხ. http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/361956-thu-saqarthvelo-qgazpromisq-tsinadadebebs-dathankhmdeba-es-ar-iqneba-shecdoma-es-iqneba-dzalian-didi-shecdoma-da-danashauli.html).

 

გარემოება ასეთია:

 

1. რუსეთის წინადადება წამგებიანია საქართველოსთვის და მომგებიანია „გაზპრომისთვის“/რუსეთისთვის;

 

2. რუსეთის ზეწოლა საფუძვლიანია, თუმცა, არც ისე მარტივია განსახორციელებლად. ირანთან სომხეთის ხელშეკრულებით მიწოდებულ აირზე ირანი სანაცვლოდ იღებს ელექტროენერგიას. ანუ, საჭირო იქნება ამ ხელშეკრულების მოშლა. ამასთან, საჭირო იქნება არსებული  მილსადენის რეკონსტრუქცია. 

 

(რევაზ არველაძე  იხ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/362630-revaz-arveladze-albathoba-rom-rusethma-somkheths-gazi-saqarthvelos-nacvlad-iranis-gavlith-miatsodos-realobasthan-akhlosaa.html.

 

მაშინ, რატომ შეიძლება წავიდეს  საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯზე?! 

 

პაპავას აზრით, პასუხი მარტივია: ან არაკომპეტენტურობა, ან  რაღაც პიროვნულ-ჯგუფური ინტერესი და გარიგება.

 

მთავრობის არასაჯარო,  არაგამჭვირვალე მოქმედება ცუდი მმართველობის დამახასიათებელი ნიშანია და  დიდ უნდოლობას წარმოშობს.

 

რატომაა ეს საკითხი მწვავე? იმიტომ, რომ იკვეთება რუსეთის გავლენის ზრდა საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე.

 

კალაძის თქმით, "ვერ დაგეთანხმებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ "გაზპრომით" და ბუნებრივი აირით არის შესაძლებელი საქართველოზე ზეწოლა“. (http://www.bpn.ge/ekonomika/19165-kakha-kaladze-ar-vapireb-ruseththan-arsebuli-im-urthierthobis-dangrevas-romelsac-chemi-tsinamorbedebi-tslebis-ganmavlobashi-ashenebdnen.html?lang=ka-GE).

 

ეს ცნობილი ამბავია. ამიტომ, რა უნდა ვქნათ: თუ არსებობს ზეწოლის ბერკეტები, ამიტომ  ახალიც უნდა დავუმატოთ?

 

კალაძის ქმედებები ალოგიკურია და მისი გამონათვამები რეალურ სიტუაციაში ქართველი ხალხის გარკვევას აშკარად არ ემსახურება.

 

ამ ფონზე არ შეიძლება არ გაგახსენდეს  თუ რა იწერება/იწერებოდა გაზპრომთან  ყველაზე გავლენიანი ქართველის- ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ (იხ. მაგალითად http://georgianpress.ge/com/news/view/4626?lang=1). ივანიშვილი გაზპრომის ერთ-ერთი მესაკუთრეა.

 

აქედან გამომდინარე, ფინანსური თვალსაზრისით:

 

ერთი მხრივ,  გაზპრომის მესაკუთრე ივანიშვილისთვის მომგებიანია ის , რაც მომგებიანია „გაზპრომისთვის“ და წამგებიანია ის,   რაც წამგებიანია „გაზპრომისთვის“!!!

 

მეორე მხრივ, საქართველოს ყველა მოქალაქისა და მათ შორის ივანიშვილისთვის მომგებიანია ის , რაც წამგებიანია „გაზპრომისთვის“ და წამგებიანია ის,   რაც მომგებიანია „გაზპრომისთვის“.

 

კალაძისა და ხელისუფლების დილემა სწორედ ამაშია:  ივანიშვილის რომელ მოგებას მიანიჭოს უპირატესობა : „გაზპრომის“ მესაკუთრეს, თუ საქართველოს მოქალაქეს?

 

ისე, რჩევის სახით, მივაქცევ ხელისუფლების ყურადღებას, რომ ივანიშვილისთვის ორივე შემთხვევაში  მოგება გარანტირებულია და მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ხალხთან ერთად მოგებას დაუჭერდა მხარს!..

 

იმასაც მივაქცევ ყურადღებას, რომ ხელისუფლებისთვის კარიერული თვალსაზრისით, ორივე გადაწყვეტილება პრობლემურია-უშარო არც ერთი არაა. თუმცა მომავლის გადმოსახედიდან მხოლოდ საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებაა სწორი და მართალი.

 

P.S.  საქართველოს ირგვლივ ქვეყნების ეკონომიკებს ცეცხლი უკიდია. ლარის კურსმა მტკიცედ გადალახა 2.40-იანი ბარიერი. ქვეყანა მიშვებულია ავტო-პილოტით მართვაზე, როდესაც საჭიროა ხელით, არაორდინალური მართვის რეჟიმი. ასეთ დროს, „გაზპრომზე“ არანაკლები შეცდომა/დანაშაულია საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების არ განხილვა, ეს გამოცდილების განზოგადებისა და განვლილი პერიოდის გაკვეთილების ხელიდან გაშვებული შანსია. ამ ანგარიშების  დაგვიანებულ განხილვას ეფექტიანობა არ ექნება-იქ მოტანილი ამბების კავშირი მიმდინარე საკითხებთან უშუალოდ კი არა, არამედ ისტორიით იქნება დაკავშირებული.

 

 აუცილებელია ქვეყნის სოციალური ერთობის უზრუნველმყოფელი პოლიტიკის გატარება. უპირველეს ყოვლისა, მმართველობის ევროპიზაცია-ღიაობა,დიალოგი ხალხთან. სრული მობილიზებაა საჭირო ინტელექტუალური პოტენციალის იმის გასარკვევად სწორი გზით მიდის ქვეყანა, თუ არა. ამისთვის საჭიროა ყველა დონეზე პასუხისმგებელ პირებს მინიმუმ ჰქონდეთ საბაზო განათლება და შეეძლოთ დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება.

 

 

 

20-01-2016, 15:51
უკან დაბრუნება