ივერიონი / სოსო ცინცაძე: თუკი გეოპოლიტიკური ბალანსი დაირღვევა, ამას რეგიონებში საშინელებები მოყვება!

სოსო ცინცაძე: თუკი გეოპოლიტიკური ბალანსი დაირღვევა, ამას რეგიონებში საშინელებები მოყვება!

„ივერიონს“ „გაზპრომთან“ დაკავშირებულ პერსპექტივებზე, პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

 

-ბატონო სოსო, გუშინ, გადაცემა „არჩევანში“, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანს გაზის სრულად მოწოდება არ შეუძლია და აქედან გამომდინარე, „გაზპრომიდან“ თუ არ მივიღებთ გაზს, საქართველოს სერიოზული პრობლემები შეექმნება.

 

თქვენი აზრით, რამდენად გულწრფელია ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და რამდენად ჯდება „გაზპრომთან“ დაკავშირებული პერიპეტიები სახელმწიფოს ინტერესებში?

 

ხომ არ ასდის ამ ყველაფერს პირადი და პოლიტიკური დაინტერესების სუნი?

 

-ეს უკვე დიდი ხანია თანამედროვე რეალობით არ შემოიფარგლება. უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ნებისმიერი ხელისუფლების გადაწყვეტილებების 90%-ის უკან დგას რაღაც პიროვნული, ან ჯგუფური ინტერესები. ამიტომ, ამაში რაიმე სიახლე ან მოულოდნელი სიურპრიზი არ არის!

 

ტექნიკურ პირობებში ძნელია დავა ჩინოვნიკებთან, ვინაიდან, მათ ყოველთვის შეუძლიათ ნებისმიერ დავაში, გაუჭრელ კოზირივით  მაგიდაზე კარტად  დადონ რაღაც პოლიტიკური საკითხი, რომელსაც შენ ვერაფრით, ვერასოდეს ვერ შეამოწმებ!

 

დღეს საკითხი ასე დგას: რომელი უფრო სანდო წყაროა, აზერბაიჯანის ხელისუფლების თუ ჩვენი ხელისუფლების? ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რაშიც ვერავინ ვერ შემედავება და ის, რაც ზედაპირზე დევს. 

 

მთელი ეს ისტორია კითხვის ნიშნის  ქვეშ  აყენებს რეგიონში გეოსტრატეგიული ბალანსის შენარჩუნებას. შევარდნაძეც და სააკაშვილიც კი ახერხებდნენ ამ ბალანსის შენარჩუნებას!

კალაძეც და ის დაქირავებული ექსპერტებიც (რომლებიც გადაცემაში მონაწილეობდნენ), მაღალფარდოვნად ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეაო- ეს ფრაზა გაცვდა! ჩვენ შეიძლება მათ ვთვლით პარტნიორებად, მაგრამ ისინი არ გვთვლიან.

 

მე ვკითხულობ აზერბაიჯანის პრესას, რომელიც ხელისუფლების აზრს გამოხატავს. უკვე ოფიციალური ბაქოსაც ეჭვი შეაქვს ჩვენს გულწრფელობაში, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეობაში და რაც მთავარია ეჭვი შეაქვს ჩვენს ჯენტლმენურ საქციელში, კერძოდ: ის, რომ ახლა, როდესაც აზერბაიჯანს ისე როგორც არასდროს უჭირს, ამ დროს იქმნება აქ ტანდემი რუსეთთან, რომლის უნებლიე მოკავშირე და მონაწილე ხდება საქართველო აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე საშიში!

 

მე ვერ ვიხსენებ კაცობრიობის ისტორიაში ისეთ შემთხვევას, როდესაც დალაგებული გეოპოლიტიკური ბალანსის დარღვევას არ მოჰყოლოდეს საშინელება მთელი რეგიონისთვის!

 

გარდა ამისა, გუშინ კალაძე გულწრფელი არ იყო ერთ საკითხში, როდესაც ამბობდა, რომ ეს ხელშეკრულება ერთი წლით იდება. ამ საქმეში ოდნავ ჩახედული, ნებისმიერი ადამიანისთვის ცნობილია, რომ ამ ერთი წლის მანძილზე „გაზპრომის“ მაღალკვალიფიციურმა იურისტებმა ისეთ ხელშეკრულებაზე შეიძლება მოგვაწერინონ ხელი, რომ შემდგომ ის ავტომატურად გაგრძელდება, მერე კი რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა გვქონდეს, ამ ხელშეკრულების გაუქმებას ვერ შევძლებთ! ამის მაგალითი უამრავია და „გაზპრომი“ ამ ხერხს ხშირად მიმართავს!

 

        ესაუბრა მედეა შელია 

 

20-01-2016, 16:13
უკან დაბრუნება