ივერიონი / მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს

დღეს, 21 იანვარს, ეკლესია აბო თბილელის (ისმაიტელყოფილი) ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

ქრისტიანობისთვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი აბო თბილელი დაიბადა დაახლოებით 757 წელს და გარდაიცვალა 786 წლის 6 იანვარს. აბო არის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღეა ძველი სტილით 8 იანვარი, ახალი სტილით - 21 იანვარი.

წმინდანი ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს დარჩენილიყო აფხაზეთში, ტუმცა წმინდანმა უარი თქვა.

სამ წელიწადს მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაანთავისუფლეს. სულ მალე თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მაგრამ ჭაბუკმა მაინც არ დამალა ქრისტაინობა.

ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობას დაჰბრუნებოდა. აბომ უარი განაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

ქართულმა ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა. მიჩნეული იყო თბილისის მფარველად. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანის ძემ.

21-01-2016, 10:41
უკან დაბრუნება