ხელისუფლებისთვის 2016 წლის არჩევნები ერთგვარი ნაკიანი წელიწადია, ანუ, ეს ის სიტუაციაა, როცა ხელისუფლება განიცდის ხალხის საჭიროებას და არა ხალხი ხელისუფლების საჭიროებას.
საქართველოში, წელიწადში, ან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება: საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს ან მერის არჩევნები (1990 წლის შემდეგ, საქართველოში არჩევნები 23-ჯერ ჩატარდა).
პოლიტიკური ცვლილებების ეკონომიკური შედეგები გვიჩვენებს, რომ საქართველო შეფასებულია საშუალოზე დაბალი ეკონომიკის მქონე ქვეყნად, რომლის მშპ-ი მხოლოდ 29,1 მლრდ ლარს შეადგენს.
სამწუხარო რეალობაა, რომ მთავრობის საკადრო რესურსების პირობებში არსებული ინსტრუმენტები, მართვის მეთოდები, „პოლიტიკური სიტყვა“ და პროგრამები ვერ აღწევს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს. სამთავრობო გარემო მოქმედებს ინერციითა და საერთაშორისო მოთხოვნებით.
თვალსაჩინოა აღინიშნოს, რომ არჩევნების შედეგად იზრდება:
-პოლიტიკური ინვესტიციების რაოდენობა;
-დაპირებების სიდიდე;
-საზოგადოების პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისა და ინსპირირების ფორმები;
-უცხოური და შიდა ინვესტიციები პოლიტიკურ კამპანიაში;
-პოლიტიკური ნდობის მოპოვების წამქეზებელი ფორმები და შთაგონების ინსტრუმენტები;
-სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის მომტანი იმედები და მოლოდინი;
-პოლიტიკურ კამპანიაში ჩართულ პირთა შემოსავლები (მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში);
-ინფორმაციული პროპაგანდისა და აგრესიული რეკლამის ინტენსივობა;
-ყურადღების გამახვილება ყოფილი პოლიტიკოსების შეუცვლელ როლზე (გზა ხსნისა მხოლოდ მათშია).
თუ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე ხარ, სიმართლე არ დაგეკარგება. ქვეყანაში დამკვიდრებულია ტენდენცია, რომ თუ თანამდებობაზე არ ხარ, ან პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნები, ან/და ფორმალური თუ არაფორმალური მმართველების მფარველობა არ გაგაჩნია, პოლიტიკური გარემოს ყურადღებას ვერ იმსახურებენ. შესაბამისად, შენი სიტყვის „ფასიც“ დაბალია .
საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფასურდება:
-პოლიტიკური სიტყვის ფასი;
-ინფორმაციული გარემოს ფასეულობა;
-„პოლიტიკურად სუფთა“ ინტელექტუალური კაპიტალი;
-ვალუტის კურსი;
-საზოგადოების ოპტიმისტური მოლოდინი მოკლევადიან პერსპექტივაში;
-რესურსამოწურული პოლიტიკური გარემოს პოლიტიკური ღირებულება;
ბიზნეს - სექტორის ორგანიზების პრინციპია იმ თანამშრომლების ახლით შეცვლა, რომელიც: დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს, ბიზნესისთვის სარგებელი არ მოაქვს, ბიზნესის ტემპს ფეხს ვერ უწყობს, შრომის ნაყოფიერება დაბალია. სახელმწიფო სექტორში ასეთი ორგანიზების პრინციპი არ არსებობს.
არსებითია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების აქტივობები არ ფასდება და არც იზომება ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა:
-ცალკეული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ეკონომიკური სარგებელი (მშპ-ში);
-ქვეყნის განვითარებაში თითოეული პირის პოლიტიკური აქტივობის შედეგები;
-დარგის განვითარებაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების აქტივობის შედეგები;
-დასრულებული სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შედეგები;
-ეკონომიკური სტიმულირებისა და ეკონომიკის აღდგენის პროგრამების შედეგები;
-შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების ეკონომიკური ფასეულობა და სარგებელი;
-ეკონომიკური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკის აღდგენის პროგრამების შედეგები;
-ბიუჯეტის შევსების ახალი წყაროები;
-ახალი ბიზნეს-მოდელების წარმოჩენისა და დასაქმების ზრდის ხელშეწმყობი პროგრამები;
ქვეყანაში, ერთგვარ სტერეოტიპად იქცა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი იდეა თუ პროექტი, სანამ საქართველოში განხორციელდება აპრობირებული უნდა იყოს სხვა ქვეყნებში. „ახალ პროექტად“ მიიჩნევა ის, რომელიც მოწინავე ქვეყნებიდანაა გადმოღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მას განიხილავენ, როგორც არაეფექტიან და გაურკვეველი მომავლის პროექტს. შესაბამისად, აღნიშნულ ფონზე, კვლევებზე დაფუძნებული, საქართველოს რეალობასა და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული პროექტების რიცხვი მცირეა. ფრაგმენტულია ქართული რესურსის გამოყენება სახელმწიფო პროექტების შემუშავებაში (განსაკუთრებით მეცნიერ-მკვლევარების პოტენციალი).
სახელმწიფო პროექტების შემუშავებაში ქართული სამეცნიერო რესურსის გამოყენების საჭიროება, ხაზგასმულია ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის პრინციპებში. ინსტიტუტი მიმართულია სამთავრობო პრობლემების ფორმულირების, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული სტრატეგიული დაგეგმვისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებაზე.
საქართველოს საზოგადოებისთვის, 2016 წლის არჩევნებში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკური კონტექსტი. აღნიშნულ კონტექსტში პოლიტიკური პარტიები შეფასდება შემდეგი კომპონენტებით:
-ეკონომიკური ზრდის მიღწევის სცენარი და განვითარების გზები;
-ეკონომიკური პოლიტიკის ვექტორი და ხედვები;
-სახელმწიფო განვითარების სტრატეგიული მიმართულებები და შემუშავებული გეგმები;
-სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი პროგრამები;
-არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მოსალოდნელი სარგებელი;
-არჩევნებში მონაწილე კანდიდატების პროფესიული შედეგები და აქტივობები;
-პოლიტიკური შედეგების ეკონომიკური და არაეკონომიკური აქტივობები;
-არჩევნებში მონაწილე კანდიდატის სამეცნიერო-კვლევითი კომპეტენციები;
საქართველოს საზოგადოებას გაცნობიერებული აქვს, რომ რესურსამოწურულ პოლიტიკურ სივრცეში ქართული პოლიტიკური გარემო საჭიროებს ახალ პოლიტიკურ ელიტას, ახალ პოლიტიკურ საზოგადოებას, რომელიც ფორმირებული იქნება მეცნიერ-მკვლევარებით.
შესაბამისად, პოლიტიკური სიტყვის ფასის ზრდა და საქართველოს განვითარება შესაძლებელია, მხოლოდ:
-ახალი პოლიტიკური რესურსით, ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებითა და ინტელექტუალებით;
-პოლიტიკოსების ინტელექტუალური კაპიტალითა და მასებზე ზემოქმედების უნარით;
-რეფორმების გატარების სიმამაცით, პრობლემების გადაჭრის უნარით, კვლევებზე დაფუძნებული სტრატეგიული მიზნების მიღწევის შესაძლებლობებით;
-გლობალურ და ლოკალურ გამოწვევებთან ადაპტაციის უნარის მქონე სახელმწიფო მოხელეებით;
-საქართველოს საზოგადოების გააქტიურებითა და გაორმაგებული ძალებით;
-გლობალური ზრდის მამოძრავებელი სტრატეგიებითა და გეგმებით;
-საქართველოს აუთვისებელი პოტენციალის ათვისებით;
-მთავრობის ეფექტიანი ბიუროკრატიული მექანიზმებითა და სამთავრობო ორგანოების სიდიდით;
-ინოვატორი, ქარიზმატული და „მკაცრი ხელის“ მმართველებით;
ჯამში, პოლიტიკური ცვლილებები გახდება იმის გარანტი, რომ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ, მოკლევადიან პერსპექტივაში შეძლოს:
-ეკონომიკურად ევროპული დონის ქვეყნის შექმნა;
-ნოვატორული აზროვნების მმართველობითი გარემოს ფორმირება;
-მძლავრი სახელმწიფო სისტემის ფორმირება;
-კოორდინირებული და ერთიანი საზოგადოების ფორმირება;
-სახელმწიფო მმართველობის ისეთი მექანიზმის შექმნა, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობით განისაზღვრება არაეფექტიანი მართვა, უშედეგო რეფორმა, ჩავარდნილი პროგრამა, განუხორციელებელი სახელმწიფო პროექტი;
-პოლიტიკური გარემოს ფორმირება, სადაც აღარ იქნება ნეპოტიზმი და „ჩაკეტილი პოლიტიკური წრე“. გაიზრდება შრომის ნაყოფიერება, წარმოჩინდა ახალი კანდიდატები, „დირექტივების გარეშე“ მოხდება რეფორმების გატარება, გაჩნდება მმართველობაში სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების საჭიროება;
-სახელმწიფოს მართვა მოქალაქეების, კერძო და სახელმწიფო სექტორის თანაბარუფლებიანი მონაწილეობით ;
დაბოლოს: ეროვნული „პოლიტიკური სიტყვა“ მოძრაობაში მოიყვანს საზოგადოებას, გააძლიერებს სახელმწიფო სისტემას, აამაღლებს საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და აქტივობას, გაზრდის ხელისუფლების ნდობას და მართვის ეფექტიანობას.
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
რატი აბულაძე