ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: როცა ქვეყანას „მონები“ და „სულელები“ მართავენ!

ზაურ ნაჭყებია: როცა ქვეყანას „მონები“ და „სულელები“ მართავენ!

ლარის კურსის კატასტროფულად დაცემამ „გაზპრომის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი უკვე გადაფარა. ექსპერტები ბოლომდე ვერ თანხმდებიან, რა არის ამის მთავარი მიზეზი და რა წილი უდევს ლარის გაუფასურებაში საქართველოს მთავრობის უმოქმედობას თუ ირიბ ქმედებას.

 

საზოგადოების განწყობით თუ ვიმსჯელებთ, არა მგონია, ეროვნული ვალუტის ამ დონეზე „გაუპატიურებას“ რევოლუციური აღტკინება მოჰყვეს. ანალოგიური (შეიძლება ითქვას, უფრო კრიტიკული) სიტუაციაა მეზობელ ქვეყნებშიც, რაც ძირითადად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის რეკორდულ დაცემას უკავშირდება.

 

როგორც ყოველთვის, ეროვნული ვალუტის „გლოვა“ რამდენიმე დღეში დასრულდება და აქცენტი მაინც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება გადატანილი - ხალხს უკიდურესად გაღატაკებაზე მეტად ის აინტერესებს, ვინ მოხვდება მომავალ პარლამენტში, დაიშლება თუ არა კოალიცია „ქართული ოცნება“, რა ბედი ეწევა „რესპუბლიკელებს“ და რომელი „ახალი სახეებით“ ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილი თავის უღიმღამო თუ ოდიოზურ დეპუტატებს!

 

 

„ქვეყანას „მონები“ და „სულელები“ მართავენ!“

 

ეს ფრთიანი და ობიექტურობის პრიზმაში ჩასმული ფორმულირება ერთ ჩემს ჭეშმარიტად ქართველ და ღრმადგანსწავლულ (გამოცდილ) მეგობარს ეკუთვნის, რომელსაც ვიწრო წრეში საქართველოს ბედ-იღბალზე კამათისას წამოცდა.

 

„ფრთიანი“ ფრაზის ავტორმა მისთვის ჩვეული სიდინჯით დაასაბუთა, თუ რატომ არიან „მონები“ და „სულელები“ ისინი, ვინც ორ ათეულ წელზე მეტია მართავენ ქვეყანას.

 

ჩვენს შემთხვევაში, მონა ტრადიციული გაგებისგან იმით განსხვავდება, რომ ქანცის გაწყვეტამდე შავ სამუშაოზე არ მუშაობს, მაგრამ უწინდელივით თავის „პატრონს“ თვალებში შესციცინებს და ყველა დავალებას (რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ „პატრონის“ ინტერესში შედის) უსიტყვოდ, ზედმიწევნით ასრულებს!

 

დიახ, დღევანდელი მმართველები ვალდებულნი არიან არა იმ ამომრჩევლის (საზოგადოების) წინაშე, ვინც ისინი ფორმალურად ხელისუფლებაში მოიყვანა, არამედ, იმათ წინაშე, ვინც დასვა ხელისუფლებაში...

 

სამწუხაროდ, ბევრი ვერ უძლებს ცდუნებას და მზად არის ყველაფერზე მოაწეროს ხელი საკუთარი ქვეყნის საზიანოდ, ოღონდ, მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას და თავისი „ჭია“ გაახაროს!

 

ასე და ამგვარად: ნებაყოფლობითი მონების ხელში გადავიდა სახელმწიფოს მართვის სადავეები და ქვეყანა აბსურდის თეატრს დაემსგავსა!

 

რაც შეეხებათ „სულელებს“, იგულისხმებიან ადამიანები, რომლებმაც წერა-კითხვა კი იციან, მაგრამ, მართვის ელემენტარული გამოცდილება არა აქვთ (არც ცდილობენ, რომ ჰქონდეთ!).  სახელისუფლებო კვარცხლბეკზე კი ისე ამაყად არიან წამოსკუპებულნი, ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად!..

 

„მონებს“, რომლებიც არა საკუთარი ინტელექტუალური რესურსებისა და დამსახურების მიხედვით, არამედ, ძლიერთა ამა სოფლისათა სურვილით არიან შერჩეულნი და ერთგულების ფიცი აქვთ დადებული „პატრონთა“ წინაშე, იერარქიის ყველა დონეზე სწორედ უსიტყვოდ შემსრულებლები და „სულელები“ სჭირდებათ და არა პრინციპული და პრაგმატულად მოაზროვნე, მითუმეტეს, ეროვნული (სახელმწიფოებრივი) „ბაცილით“ დაავადებული ოპონენტები!..

 

დააკვირდით: ვისაც ოფიციოზისგან ელემენტარულად განსხვავებული პოზიცია უჭირავს, ან თუნდაც ელემენტარულ სახელმწიფოებრივ აზროვნებას ამჟღავნებს, სახელმწიფო სტრუქტურებში არ გააკარებენ - არაფერს ვამბობ პოლიტიკურ გემოვნებაზე, რომელიც მავანთა და მავანთა ძალისხმევით საერთოდ დაჩლუნგებულია...

 

რაც არ უნდა მწარე სიმართლედ მოგვეჩვენოს, საზოგადოება, რომელიც „მონებს“ და „სულელებს“ ისვამს თავზე (სახელმწიფო საჭეს აბარებს) „მონის მონა“ ხდება! ყველაფერი ამის შემდეგ კიდევ გვიკვირს, რატომ რჩება ხალხი ყოველთვის მოტყუებული და გადაგდებული!!!

 

 

რა აზრი აქვს, ვინ მოვა პარლამენტში!

 

წინასაარჩევნო კაკაფონია თითქმის დაწყებულია. კულუარებში უკვე საუბრობენ, ვინ შეიძლება დარჩეს მომავალ პარლამენტში დღევანდელი შემადგენლობიდან და ვის შეიძლება გაუღიმოს ფორტუნამ, იგივე, ბიძინა ივანიშვილმა.

 

ჭორბიურო უკვე მარჩიელობს კოალიციის დაშლა-არმოშლაზე - საუბარია „რესპუბლიკელების“ გაზრდილ მადაზე და მათ კოალიციის გარეთ შესაძლო დატოვებაზე, უკვე ცხადდება „ფორუმელთა“ პრეტენზიებიც, თუმცა ეს მხოლოდ წვრილმანი დეტალებია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას თვისობრივად (ელემენტარულად) ვერ შეცვლის - არსებითი მნიშვნელობა არა აქვს შენარჩუნდება თუ არა კოალიცია და რამდენ მანდატს მიიღებენ ზემოხსენებული პარტიები. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვის ჩაანაცვლებენ და ვის არა და ვინ იქნებიან ის „ახალი სახეები“, რომელსაც ასე ხშირად აანონსებენ „ქართული ოცნების“ სამზარეულოდან.

 

საქმე ისაა, რომ კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები არ იცვლება. თუ უკვე დასახელებული სახელებითა და გვარებით ვიმსჯელებთ, ალხანას ჩალხანა შეცვლის - ისევ არავის აინტერესებს ამა თუ იმ შესაძლო კანდიდატის პიროვნული თვისებები, მართვის გამოცდილება თუ საკანონმდებლო საქმიანობისთვის მზადყოფნა. ისევ დაინიშნებიან (დიახ, დაინიშნებიან!) პარლამენტარები იმ ერთი ადამიანის მიერ, რომელსაც დღემდე არა აქვს პოლიტიკოსობაზე პრეტენზია, მაგრამ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას (თუმცა, ზემოთ ხსენებული გამონათქვამების ფონზე სიტყვა „მართვა“ პირობითია)!

 

აქედან გამომდინარე, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს დღეს ანგაჟირებული მსახიობები და სპორტსმენები ინტელექტკლუბის წევრებით ჩანაცვლდებიან თუ არა, ან „პოლიტიკური ცის “ტატნობზე გაიელვებენ თუ არა ე.წ. „ახალი ცნობადი სახეები“ - პარლამენტი ისევ ჩვეულებრივ სალაყბოდ დარჩება, სადაც კანონებს არა სახელმწიფოებრივი აუცილებლობით გამოჭედავენ, არამედ საერთაშორისო სტანდარტების სახელით ლამაზად შეფუთავენ და... საზოგადოების კიდევ უფრო დასათრგუნად გამოიყენებენ...

 

...და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ მონების მონებად დავრჩებით და თეთრისა და შავის ერთმანეთისგან გარჩევას ვერ ვისწავლით, სანამ ჩვენში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი იქნება, სანამ პოლიტიკური პარტიები მხოლოდ ლეღვის ფოთლის ფუნქციით იქნებიან დაკავებულნი და სანამ პოლიტიკური პროცესები კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში არ გადავა!

 

თუმცა, კონსტრუქციული ოპონირება ახალი პოლიტიკური სუბიექტის ფორმირების გარეშე შეუძლებელია, რადგან, არსებული პოლიტიკური პარტიები ან საერთოდ კასტრირებულია, ან ფორმალურად ვიღაცის თამაშს თამაშობენ და ამით იხანგრძლივებენ არსებობას! კონსტრუქციული და კვალიფიციური პარტიის ჩამოყალიბებას კი ქართულ სულთან ერთად ქართული ფულიც სჭირდება, რომელიც არადა არ ჩანს (ვისაც ფული აქვს „ტყისკენ“ იყურება, ვისაც სული შერჩა, ისევ მოლოდინშია“).

 

მითი, რომ პაატა ბურჭულაძე დღევანდელი ხელისუფლების საპირწონე პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგებოდა სათავეში, საპნის ბუშტივით გასკდა. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რა გზებით და რესურსებით აპირებს მსოფლიო ბანი საკუთარი ფონდით საქართველოს განვითარებას. არ არის გამორიცხული, ეს წამოწყებაც საერთო თამაშის ნაწილი იყოს ან ფონდი არჩევნების წინა თვეებში პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნას და კოალიციის ერთ-ერთ სუბიექტად, ან სატელიტ პარტიად მოგვევლინოს!

 

საეჭვოდ დუმს ქ-ნი ნინო ბურჯანაძეც, რომელსაც, ზოგადად, საკმაოდ დიდი ამბიციები გააჩნია, მაგრამ, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ იგი გადამწყვეტი ნახტომისთვის ემზადება. თუმცა, რომც გააქტიურდეს, მერე რა, შეიცვლება ამით რაიმე ქვეყანაში? თუ იბიექტურად ვიმსჯელებთ, არც არაფერი.

 

სამწუხაროდ, ვერც „პატრიოტთა ალიანსი“ ჩამოყალიბდა, როგორც მზარდი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნებოდა პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, განეხორციელებინა სისტემური ცვლილებები.

 

საერთოდ, ნონსენსია (თუ დაცინვა არა) კიევის ყოფილი მერის, ვლადიმერ ჩერნოვეცკის ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე გამოჩენა - ხალხმა ვერ გაიგო: რა უნდა, რისთვის მოვიდა, ვის დავალებას ასრულებს და რატომ გვაბოლებს ასე უტიფრად და გამომწვევად?!

 

ერთი სიტყვით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სრული დომხალია და პირი არ უჩანს, რომ უახლოეს მომავალში რამე სასიკეთოდ შეიცვლება!

 

 

საქართველოს პარლამენტს ქალების კვოტა-ღა აკლდა!

 

გვახსოვს, ალბათ, საქართველოს პრეზიდენტმა შარშანდელი წელი ქალების წლად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ირონიული ღიმილით უნდა შეხედო: როგორ შეიძლება ქალის ან მამაკაცის წელი არსებობდეს. იმთავითვე ვთქვი, რომ მარგველაშვილის ინიციატივის მიღმა მზაკვრული გეგმა იმალებოდა - კერძოდ, ფორმალურად ქალების პოლიტიკური გააქტიურება, რომელსაც უკვე პარლამენტში კვოტების დაწესების აუცილებლობამდე მივყავართ.

 

უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ მიმდინარეობს ბელგიური მოდელის განხილვა, რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა შემადგენლობა პროცენტულად უნდა განისაზღვროს.

 

მე არ ვარ წინააღმდეგი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გვყავდეს პარლამენტში, თუნდაც ორჯერ მეტი, ვიდრე დღეს არის, მაგრამ არამც და არამც კვოტირების სისტემით არჩეული, თუ დანიშნული.

 

სიამოვნებით დავუჭერ მხარს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, თუ შეიქმნება ქალთა პოლიტიკური პარტია, რომელიც განსხვავებულ ხედვას წარმოადგენს და მართვის ოპტიმალურ მოდელს შემოგვთავაზებს. მითუმეტეს, თუ წარმოდგენილი კანდიდატურების სახელისა და გვარის მიღმა გარკვეული გამოცდილებაც იქნება.

 

თუმცა, თავი დავანებოთ ფილოსოფიას და დავსვათ ელემენტარული კითხვა: დამისახელებთ ამ ბოლო მოწვევის პარლამენტში წარმატებულ ქალ-დეპუტატებს, რომლებმაც მამაკაცებისგან განსხვავებით თავი დაგვამახსოვრეს კონსტრუქციული ოპონირებით და პროფესიონალური საკანონმდებლო ინიციატივებით? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ მახსოვს - ისინიც ჩვეულებრივი მოლაყბეები იყვნენ (და არიან), როგორც მათი კოლეგა მამაკაცები. თუმცა, ზოგიერთმა ნამდვილად დაგვამახსოვრა თავი ისტერიული აშლილობით თუ „ორიგინალური“ ლექსიკით, რაც არ უნდა დავუკარგოთ!

 

ამ ფონზე ნამდვილად გაუგებარია ჩემთვის ქალთა კვოტების დაწესება.

 

კიდევ ვიმეორებ: მივესალმები ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებას, მაგრამ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათი ადგილი არა კვოტებით და პროცენტული მაჩვენებლებით უინდა განისაზღვროს, არამედ პიროვნული თვისებებისა და სათანადო გამოცდილების გათვალისწინებით, სხვანაირად, საქმე გვექნება ქალების როლის ხელოვნურად გამძლიერებასთან, რასაც მატრიარქატის ელფერი დაკრავს!

 

ღმერთმა ქნას, ახალი თამარი გამოჩნდეს საქართველოში, მაგრამ... ჯერჯერობით ვერ ვხედავთ!

 

 

P.S.ამ ყველაფრის შემდეგ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, საერთოდ აქვს თუ არა აზრი საპარლამენტო (ან სხვა დონის) არჩევნებს საქართველოში? მე, პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ სტატისტიკის კუთვნილება იქნება და ქვეყანაში არსებითად არაფერს შეცვლის. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სახელისუფლებო საჭე მონებს უჭირავთ და ჩვენ ამ მონების მონებად დავრჩებით!

25-01-2016, 11:55
უკან დაბრუნება