საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებები სწორია და ვერ მიიღებს მხედველობაში სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.
„ჩვენ შევისწავლეთ ეს გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ ამ გადწყვეტილების ფორმულირებები სამართლებრივად სწორია, არის შესაბამისობაში საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან. კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი.
ასევე, ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთი მხრივ, რუსეთში და მეორეს მხრივ, საქართველოში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის“, - განაცხადა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულია ყველაფერი ის, რაც მათ, როგორც მხარემ, ფატი ბენსუდას თბილისში ვიზიტისას საკითხებად დააყენეს.
,,როგორც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, იმ ფაქტების მიხედვით, რაც მათ ხელთ არის დღეს, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ქართველების ეთნიკური წმენდა, მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას, რათა სამხრეთ ოსეთს მიეღწია დამოუკიდებლობისათვის“,- აცხადებს თეა წულუკიანი.
მისივე თქმით, როგორც ჰააგის მოსამართლე ამბობს, იმ ფაქტების მიხედვით, რაც მას დღეს აქვს, 8000-ზე მეტი ქართველის სახლი არის დანგრეული, 100-ზე მეტი ქართველი არის განზრახ მოკლული და 20 000-მდე დევნილი შეიქნა.
წულუკიანისთვის პოზიტიური და მისასალმებელია ის, რომ გამოძიებაზე გადაწყვეტილება გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე. კერძოდ, 2008 წლის 1 ივლისიდან, 2008 წლის 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე. მინისტრის განმარტებით, ამით შესაძლებელი ხდება, რომ საქართველომ აჩვენოს ის წინაპირობები, რომელიც ომს უძღოდა.