ივერიონი / როგორ „დაანგრია“ „ოცნებამ“ „ნაციონალები“ და რატომ არ უნდა წავიდეთ არჩევნებზე!

როგორ „დაანგრია“ „ოცნებამ“ „ნაციონალები“ და რატომ არ უნდა წავიდეთ არჩევნებზე!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ წუხელ რიხიანად გვამცნო, რომ „ოცნებამ“ „ნაციონალებს“ სამმაგი უპირატესობით მოუგო და ბეჭებზე ისე დასცა, ადგომასაც ვერ მოახერხებენ!

 

ობივატელმა მართლაც დაიჯერა, რომ ამომრჩეველში სახელისუფლო კოალიციის ავტორიტეტი იმდენად მაღალია, კითხვის ნიშნები უკვე არ არსებობს!

 

სამწუხაროდ, ზომიერება ყველგან და ყველაფერში გვღალატობს. ამ „შედეგებმა“ საზოგადოების გარკვეული ნაწილი „ხბოს აღტაცებამდე“ მიიყვანა და ლოზუნგებმაც არ დააყოვნა: „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალები“ გაანადგურა“, „საქართველოში მალე მათი სახსენებელიც არ იქნება“, „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის ოქტომბრისთვის ტესტი უკვე ჩააბარა“...

 

ჯერ ერთი, უხერხულია გარდაბნის ადგილობრივ არჩევნებს ასეთ საეტაპო დატვირთვა მისცე, მეორეც, „თუ „ნაციონალების“ კანდიდატის დამარცხება ადგილობრივ არჩევნებში ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი შეიძლება იყოს, მაშინ გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განვლილ ოთხ წელიწადში არათუ „ნაციონალებს“ მიუჩინა კუთვნილი ადგილი, არამედ, ამომრჩევლის სიმპატიებიც დაკარგა და მისი შერკინება მარგინალიზებულ პოლიტიკურ ძალასთან გამარჯვებად უნდა ჩავუთვალოთ.

 

ჩემთვის (და ალბათ საქართველოსთვისაც), არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ჯამარაული იქნება გარდაბნის გამგებელი თუ ყამარაული (ამით გვარების დაკნინებას არ ვახდენ), რადგან, იქ კენჭი არა პიროვნებას და მის პროფესიულ თვისებებს უყარეს, არამედ, არჩევანი გაკეთდა ცუდსა და უარეს პოლიტიკურ ძალებს შორის და ამ შედეგის მიღწევას (რომლითაც ხელისუფლება ყელყელაობს) მმართველი კოალიციის ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება დასჭირდა...

 

მთელი უხერხულობა იმაშია, რომ გამგებლის არჩევნებში არა გოჩა ჯამარაულმა, არამედ, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. უფრო უხერხულია აწ უკვე გამგებლის სიტყვები, რომელიც მან არჩევნების დასრულებამდე ჟურნალისტებას უთხრა: „მე არც გარდაბნელი ვარ, არც „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ მის უკან დგას „ქართული ოცნება“ და აუცილებლად გავიმარჯვებ“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამგეობა საფეხბურთო მოედანი არ არის, ჯამარაულმა ლამაზი ილეთებით რომ გაგვაკვირვოს.

 

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში არჩევნებს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ენიჭება და „დემოკრატიული ფასადის“ გასალამაზებლად იყენებენ.

 

აქედან გამომდინარე, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც, რადგან ამომრჩეველს, ფაქტიურად, არჩევანის საშუალება არ ექნება - ფორმალურად, საარჩევნო რიმგზე ისევ იგივე ძალები შეხვდებიან ერთმანეთს, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ორბიტაზე ტივტივებენ და პროცენტებსაც ისე გაინაწილებენ, როგორც მოესურვებათ!

 

სირცხვილია საარჩევნო უბვნებზე დარღვევების დაფიქსირებაზე საუბარი _ რომელ დარღვევებზე ვსაუბრობთ, როცა თავიდან ბოლომდე საარჩევნო სისტემა ფარსია და იგი მხოლოდ იმათ ინტერესებს ემსახურება, ვისაც ხალხის მოქრთამვა ან ლამაზ-ლამაზი დაპირებებით მონუსხვა შეუძლია. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, არჩევნებს იგებს ის, ვისაც ადმინისტრაციული რესურსები გააჩნია!

 

არ მითხრათ ახლა, თუ ეს ასეა, რატომ წააგეს არჩევნები „ნაციონალებმა“ 2012 წელსო. რატომ და არჩევნების ბოლო თვეებში ისე „აიჭრა“ ქვეყანაში სიტუაცია, „ნაცების“ პატრონებმა აუტკივარი თავის ატკივება არ ისურვეს და „ხალხის ნებას“ დაყვნენ.

 

რით იყო საინტერესო და რა აჩვენა გარდაბნის არჩევნებმა?

 

პირველი: „ნაცებმა“ აშკარად დაინახეს, რომ „ოცნების“ რეიტინგის კატასტროფულად დაცემა არ არის საკმარისი, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. მათ ერთადერთი გზა რჩებათ _ ძალადობა. თუმცა, იმაშიც არიან დარწმუნებულნი, რომ ხალხს ვერ აიყოლიებენ. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, ისინი  ფარ-ხმალს დაყრიან და ყველა მათ ხელთ არსებულ ბერკეტს არ გამოიყენებენ სიტუაციის ასარევად.

 

მეორე: სხვა პოლიტიკური სუბიექტის დაუინტერესებლობა მოწმობს, რომ ისინი ან ბოლომდე გაკოტრებული არიან, ან გარკვეულ გარიგებაზე წავიდნენ ხელისუფლებასთან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნასუფრალზე პატარა ლუკმა დაითრიონ.

 

მესამე: აშკარად გამოჩნდა, რომ არსებული პოლიტიკური კონფიგურაციის პირობებში არჩევნებს საერთოდ აზრი ეკარგება _ არავინ არაფერს გვეკითხება და არც არჩევანის საშუალებას გვიტოვებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ფორმით და შინაარსით იმ ავადსახსენებელ საბჭოთა „არჩევნებს“ ვუბრუნდებით მხოლოდ ერთი განსხვავებით: მაშინ დეპუტატები ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე წინასწარ ინიშნებოდნენ. ოღონდ, შედეგი მაინც ერთია _ საკანონმდებლო ორგანოში იმას კი არ ვაგზავნით, ვინც საქმე იცის და ქვეყანას გამოადგება, არამედ იმას, ვინც მავანს და მავანს აწყობს.

 

ასე რომ,  რეისთვის ჩემთვის არჩევნებმა ყოველგვარი აზრი დაკარგა. მე არ მივდივარ არჩევნებზე! თქვენ?!

 

 

საბა საბახტარაშვილი

29-01-2016, 12:21
უკან დაბრუნება