ივერიონი / დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 

პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე, 3 თებერვალს მიმართავს.

 

„მე მქონდა კონსულტაციები და გამოიკვეთა, რომ რაიმე ხელის შემშლელი გარემოება არ არის. ამიტომ, ჯობს მივყვეთ რეგლამენტის ზოგად მითითებას. სხვა დროსაც, თუ არ იქნება რაიმე გარემოება, პირველი სხდომა შესაძლოა დავიწყოთ ასე,“ - განმარტა დავით უსუფაშვილმა.

 

ცნობისათვის, პარლამენტის რეგლამენტი პრეზიდენტის მოსმენის ორგვარ ფორმატს ითვალისწინებს. კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.  პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება არა უმეტეს ორი საათისა. შესვენების შემდეგ კი, ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები იმართება, რომელთა ხანგრძლივობას პარლამენტის ბიურო ადგენს, ან შეიძლება გაიმართოს დებატები. 

 

რაც შეეხება დებატებს, ეს არის ფორმატი, როცა გამოსვლის შესაძლებლობა ყველა საპარლამენტო სუბიექტს ეძლევა. კერძოდ, უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეთმობა. 15-15 წუთი ეძლევა ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს), ვიცე-სპიკერებს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებული არ არის – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას.  დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნას რეზოლუცია.

 

1-02-2016, 14:30
უკან დაბრუნება