ივერიონი / საქართველოს ერთი დეკადის პოლიტეკონომია (21.01.2016-31.01.2016)

საქართველოს ერთი დეკადის პოლიტეკონომია (21.01.2016-31.01.2016)

მიხეილ ჯიბუტი,

„ქართული პლატფორმა“

 

2016 წლის იანვრის ბოლო დეკადა ლარის კურსის ცვლილებისა და მის ირგვლივ ვნებათაღელვით წარიმართა.

 

23 იანვარს 1 შშ დოლარი გახდა 2.4694 ლარი. ასე ძვირი საქართველოში დოლარი ლარის მიმოქცევაში ყოფნის პერიოდში (1995 წლიდან)  არ ყოფილა. (მანამდე ყველაზე ძვირი 1 აშშ დოლარი იყო 1999 წლის 23 თებერვალს და უდრიდა 2,4510 ლარს).

 

აშშ დოლარის ფასი ლარებში შეადგენდა დღეების მიხედვით

 

თარიღი

1 აშშ დოლარის ღირებულება ლარებში

1/21/2016

2.4317

1/22/2016

2.4445

1/23/2016

2.4694

1/24/2016

2.4694

1/25/2016

2.4694

1/26/2016

2.4923

1/27/2016

2.4984

1/28/2016

2.4985

1/29/2016

2.4971

1/30/2016

2.4719

1/31/2016

2.4719

2/1/2016

2.4719

 

ვიზუალურად (გრაფიკულად) მიმდინარე პროცესი შემდეგნაირად გამოიყურება.

 

 

ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2016 წლის 6 იანვარს, სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ( საშუალო შეწონილი  11.469 პროცენტი), 2016 წლის 13 იანვარს, სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 36 400 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი (საშუალო შეწონილი - 13.757 პროცენტი), 2016 წლის 20 იანვარს, სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი (საშუალო შეწონილი - 14.772 პროცენტი), 2016 წლის 27 იანვარს, სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური (საშუალო შეწონილი  11.790 პროცენტით) ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა, ანუ სახელმწიფომ ისესხა მთლიანად 126 400 000 ლარი (რაც, იმავე დროს, მიმოქცევიდან ლარის ამოღებას ნიშნავს) იმავე პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 12 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე  20 000 000 აშშ დოლარი (საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.4148 ), 2016 წლის 22 იანვარს  20 000 000 აშშ დოლარი (საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.4705 ) გაყიდა. რაც მიმოქცევიდან  დაახლოებით 108 000 000 ლარის ამოღების ტოლფასია.

 

სავალუტო კურსის კორექტირებისთვის რაიმე სხვა ღონისძიება არ ჩატარებულა ხელისუფლების მხრიდან.  აღნიშნული აქტივობაც არ იყო გადამწყვეტი კურსისთვის. ეს იმით დასტურდება, რომ აუქციონების მომდევნო დღეს აშშ დოლარის ფასი კიდევ უფრო იზრდებოდა.

 

იმავე პერიოდში ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა არსებული სიტუაციის რეალურ ანალიზსა და მიმართული იქნებოდა მომავალში მდგომარეობის გამოსწორებისკენ, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეკონომიკის ზრდაში მდგომარეობს.

 

21-23 იანვარი- საქართველოს დელეგაცია შემდეგი  შემადგენლობით: პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფებოდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე  დავოსში.  

 

ვიზიტი დავოსში იმ ინფორმაციით, რაც ოფიციოზმა მიაწოდა ქართულ საზოგადოებას, იყო სამსახურეობრივი ტურიზმი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. არ ჩატარებულა საქართველოს დღე, სადაც წარდგენილი იქნებოდა ქვეყანა და მოზიდული იქნებოდა ინვესტიცია. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს მოხდა, მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, იყო ის, რომ „ გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის სახელით გამართულ სადილს.“

(“http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=435&info_id=53641)

 

23 იანვარს გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მოგების გადასახადის ახალ რეჟიმთან დაკავშირებით, რომელსაც „ესტონურ მოდელს“ უწოდებენ ოფიციალური პირები.

 

ეკონომიკური საბჭო თავისი შემადგენლობის გამო (შედგება მთავრობის წევრებისგან) გაუგებარი სტრუქტურაა. მთავრობის წევრებს არ შეუძლიათ, რომ შეხვდნენ მთავრობის სხდომის ფორმატით? (ეს „უწყინარი“ საბჭო სახელმწიფო ბიუჯეტს 3 მლნ.ლარი უჯდება! -აი ერთი ნახვრეტი სახელმწიფო ქამარზე მისი შემოჭერისთვის).

 

ეკონომიკურმა საბჭომ ლარის კურსის დასაშოშმინებელი არაფერი არ თქვა. საერთოდ მოახდინა ამ საკითხის იგნორირება.

 

რაც შეეხება ინიციატივას რეინვესტირებული მოგების განთავისუფლების შესახებ - ავღნიშნავ მხოლოდ ერთს: დილეტანტიზმია როდესაც ერთი ამოგლეჯილი დეტალის ცვლილებით ელოდები შედეგს. თუ რაიმე გინდა გადმოიღო რომელიმე ქვეყნიდან -უნდა გადმოიღო სისტემა მთლიანად, ჯერ ერთი და მეორე ,მხოლოდ მას შემდეგ რაც შეამოწმებ ამ სისტემას შენი ქვეყნის პირობებისათვის, ჩვენს შემთხვევაში -დატესტავ ქართულობაზე.

 

იმუშავებს მერსედესის მოტორი ერთი ცილინდრი რომ აუდის ჩავუდგათ?

29 იანვარს კარგი ამბავი იყო, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა  ჩატარდა, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად  პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა.

 

ამ შეხვედრაზე არც დასმულა და ბუნებრივია ,  ვერ დაძლია ის გაუგებრობა, რაც საქართველოში ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

 

ლარის კურსის სწრაფმა ცვლილებამ ერთი-ერთზე გამოიწვია ის კამათი, რაც მთელი 2015 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

 

ეს იყო დამნაშავის ძიების დისკუსიები.

 

ამ დროს შეუმჩნეველია ჩვენი ხმა:

 

2015 წლის სექტემბრიდან (ტარიფების ზრდის პერიოდიდან) საქართველოსი შეიცვალა ეკონომიკური გარემო. ეკონომიკა დეფლაციური მდგომარეობიდან გადავიდა ინფლაციურ მდგომარეობაში. ამიტომ მთლიანადაა შესაცვლელი მიდგომები. ქარიშხალის, მზიანი , თოვლიანი ამინდები ხომ იწვევს სხვადასხვა ქცევას, რეაქციას?

 

ასევეა ეკონომიკაში.

 

2015 წლის 25 სექტემბერს გავაკეთე გაფრთხილება, რომ ვალუტის კურსი

 

„ყველაფერი ნაკლები უბედურება იქნებოდა, რომ არა ის მდგომარეობა, რაც ეკონომიკაში დაიწყო და უფრო გაღრმავდება - მხედველობაში მაქვს ეკონომიკის ინფლაციური განვითარების ეტაპზე შესვლა, რომელიც სრულიად ახალი რეალობაა.

 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეკონომიკაში ინფლაციური პროცესი დაიწყო და დღითი-დღე ღვივდება, ინფლაციის სპირალი აუშვა ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდამ. ამ ახალ რეალობაში, საჭიროა ანტიინფლაციური პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება უმოკლეს ვადაში“.

http://iverioni.com.ge/13936-mikheil-jibuti-qveyanas-laris-gaufasurebaze-ufro-didi-safrthkhe-inflacia-emuqreba.html

 

ამის შემდეგ ყველა ჩემთვის ხელმისაწვდომი საშუალებით ვცდილობ მივაწვდინო ხმა ხელისუფლებას, რომ დაამყაროს ქვეყანაში სწორი თანაფარდობა ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის, უარი თქვას საქართველოში ჩამოყალიბებულ მართვის მოდელზე სადაც არაფორმალურის გავლენა ჭარბობს ფორმალურს ქვეყნის გამგეობაში. ქმედებები ატარებენ საპირისპირო ხასიათს. პერსპექტიული განზრახულობაც ხელისუფლებისა გამჟღავნებულია ახალ საარჩევნო სისტემაში, რომელიც ხალხზე გამარჯვებაზეა გათვლილი.

 

პოლიტიკური და ეკონომიკური მონოპოლიზმი კლავს ჯანსაღ ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას . ამ დროს არენაზე გამოდის ოპოზიციური ძალის როლში ეკონომიკა, რომელიც იწყებს დაუნდობელ მოქმედებას პოლიტიკური არტახებისაგან განსათავისუფლებლად. უხილავი ხელი ვერ იტანს თანაფარდობის დარღვევას. ვერ იტანს ძალადობას. ეს არ ეპატია „ჯენერალ მოტორსს“ ამერიკაში, როდესაც გათავხედდა გიგანტი და შეურაცხყო ამერიკელი ხალხი სლოგანით: რაც კარგია ჯენერალ მოტორსისთვის - კარგია ამერიკისთვის.

 

საქართველოს ეკონომიკაში ორი ურთირთსაწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობს შინა და საგარეო ეკონომოური  ფაქტორებიდან გამომდინარე. საგარეო ფაქტორებიდან უმნიშვნელოა იმპორტის გაიაფების ტენდენციები, რომელიც ფასების ზრდის ტემპს ამცირებს ქვეყანაში. 

 

შიდა ეკონომიკური მდგომარეობა, კი ისეთია, რომ ლარის გაუფასურების ნახევარწლიანი პერიოდი ვერ იქნა გამოყენებული შიდა წარმოებისა და ექსპორტის გაზრდისთვის, ეკონომიკა არაკონკურენტუნარიანია, ის  ვერ ანაცვლებს იმპორტს,  ვერ ზრდის შემოსავლებს და  მოქმედებს ფასების ზრდის მიმართულებით. მით უმეტეს, რომ ექსპორტთან ერთად მცირდება ვალუტის სხვა წყაროები, უპირველეს ყოვლისა, უცხოეთიდან ფიზიკურ პირთა გადმორიცხვები. ასეთ პირობებში უცხოური ვალუტა ქვეყნიდან გაიწოვება, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას.

 

ლარის კურსი სადღაც დასტაბილურდება, მაგრამ ეკონომიკა არ იქნება ისეთივე მდგომარეობაში როგორც ეს ხდებოდა 2014 წლის ბოლოს, ან 2015 წლის დასაწყისში.

 

მთავარი საფრთხე ეხლა ეკონომიკური ზრდის შეჩერება და ინფლაციაა... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საიმპორტო დამოკიდებულების დროს აზერბაიჯანული მანათის, რუსული რუბლის გაუფასურება იწვევს საქართველოს ბაზარზე პურის, ხორბლის, საწვავის... იაფ ფასებში შემოსვლას.

 

უკვე 5 თვეზე მეტი დაიკარგა შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად. ხელისუფლება ვერ ახერხებს მობილურ მართვას. აშკარაა საქართველოში ჩამოყალიბებული მმართველობის მოდელის არაეფექტიანობა და მისი შეუთავსებლობა ეკონომიკის იმანენტურ კანონებთან.

 

უპირველესი გამოსავალი არა ვიზა ლიბერალიზაციაში, ევროპაში წასვლის თავისუფლებასი, არამედ საქართველო ევროპისაციაში და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების, ქვეყნის მმართველობის ევროპიზაციაშია.

 

29 იანვარს გაიმართა მთავრობის სხდომა. სხდომის გამჭვირვალეობისკენ ნაბიჯი გადაიდგა -განხილული კანონპროექტების ანოტაცია მოცემულია, თუმცა მთავრობის სხდომა კვლავ შავი ყუთია და ხელისუფლების საქმიანობის საჯაროობის შესახებ საუბრის ანტიარგუმენტია.

 

პირდაპირი ფორმით პრივატიზების შესახებ საზოგადოებას მარტო ფაქტი ეცნობება. რატომ  ხდება/მოხდა სააქციო კომპანია „დიზონ ლიმითედი“-ს წარმომადგენლობისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი), შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი წესით სახელმწიფო ქონების მიყიდვა? რომელია ეს ქონება? რა მდგომარეობაა? საგადასახადო ხელშეკრულებები ვისთან დაიდო (33 ერთეული)? რატომ?და უამრავი ასეთი კითხვა, რომელზედაც ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. 

 

მთავრობის ასეთი ქცევა არევროპულია მინიმუმ, თუ ამ გადაწყვეტილებათა უკან ქვეყნისთვის არასასარგებლო რამ არ დევს. თუ სასარგებლოა, რატომ უნდა უმალავდეს ხელისუფლება თავის ხალხს? საქართველოს მთავრობის ქმედებას გამართლება არ აქვს. ის ჩამორჩება  ყველაზე ერთმმართველი პუტინის მთავრობის ქცევას.მაგალითისათვის იხილეთ რუსეთის ფედერაციის მთავრობის ა.წ. 21 იანვრის სხდომის შესახებ ინფორმაცია http://government.ru/meetings/21479/.

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ სხდომის დღის წესრიგს, სხდომის სტენოგრამასა და ოქმს.  საქართველოს მთავრობა რას გვთავაზობს? რომ ვერაფერი დავინახოთ, რომ ვერაფერი გავიგოთ, რომ ვიყოთ ყრუ-ბნელი.

 

მთავრობის სხდომის ხარისხსა და ოპერატიულობაზე არ ვსაუბრობთ. ერთვიანი დიდთოვლობის შემდეგ შეიძლებოდა, რომ ეს საკითხი არ გამხდარიყო მსჯელობის საგანი? ან ლართან დაკავშირებული საკითხების თემა არ უნდა გამხდარიყო მსჯელობის საგანი?

 

საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოსახლეობის შესახებ 2011 წლის ინფორმაცია აქვს - მის საიტზე საქართველოს რიცხოვნობა 4 630 841 კაცია https://www.president.gov.ge/ge/Georgia/AboutGeorgia.

 

ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად ეტყობა დროს ვერ პოულობს - ისეა გადატვირთული, რომ იანვრის თვესი არც ერთი განკარგულება არ გამოუცია.

 

პრეზიდენტის ბოლო განკარგულება

2015 წლის 30 დეკემბერსაა გამოცემული. ისე, ცუდი არ იქნებოდა საზოგადოებას სცოდნოდა რას საქმიანობს პრეზიდენტი, როგორია მისი დღის წესრიგი?

 

იქნებ შემოვიღოთ წესად, როდესაც პრეზიდენტი სასახლეშია  და მუშაობს სახელმწიფო დროშა სასახლის თავზე განსხვავებულ დონეზე იყოს აწეული განცხვავებით იმ შემთხვევისგან, როდესაც ის სასახლეში არ არის.

 

საინტერესოა ხალხი აწეულ დროშას დაინახავს უფრო ხშირად, თუ დაწეულს?

 

 

 

1-02-2016, 17:44
უკან დაბრუნება