(პასუხად გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორ ელისო კილაძეს და მის რესპონდენტ სანდრო ჭაჭიას, გაზეთ “ქრონიკა+”-ში 2016 წლის 26 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუზე “ბიძინა ივანიშვილსაც უყვარს ფრანგული კროასანები, მაგრამ...”)
მე მხოლოდ 2015 წლის 11 სექტემბერს გავიგე სანდრო ჭაჭიას არსებობა და ისიც, რომ იგი ცნობილი პოლიტოლოგის, ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას შვილია.
სოციალურ ქსელში გამოტანილი ინტერვიუც ვნახე მაშინ. არ დავმალავ _ საკუთარი მამის მაგინებელი სანდრო ჭაჭიას ცოდვით დავიწვი და იქვე მოკლე კომენტარიც დავტოვე:
„გზასაცდენილი ახალგაზრდა კაცი, ამას მეტს ვერაფერს ვუწოდებ!“
მკაფიოდ ვაფიქსირებ: სანდრო ჭაჭია გახლავთ „ნაციონალების“ იაფფასიანი პროექტი, რომელიც ისევე, როგორც მისი წამქეზებელი, დასაღუპადაა განწირული! (აქვე აღვნიშნავ _ მე მის ფიზიკურ დაღუპვას არ ვგულისხმობ!)
ზნეობრივად და მორალურად გადაგვარებულ „ნაციონალებს“ _ უმწიფარი სანდრო ჭაჭია კი არა, მამამისი, ბატონი ალექსანდრე ჭაჭია რომ დაუდგეს გვერდით, ისიც ვერაფერს უშველის“.
რამდენჯერმე ვიფიქრე ამ თემას მივბრუნებოდი, მაგრამ არ ჩავთვალე იგი ყურადღების ღირსად და მიმავიწყდა კიდეც.
სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა ჩემი გადაწყვეტილება მთლად სწორი, რადგან მაშინვე რომ გამეცა საკადრისი პასუხი სანდრიკასთვის, შესაძლოა ელისო კილაძეს არ გაჩენოდა ოჯახში და საზოგადოებაში ხელმოცარული ახალგაზრდა კაცის, პოლიტიკური ინტრიგებისთვის გამოყენების სურვილი!
რომ იტყვიან, დროს უკან ვერ დაატრიალებ!.. მაგრამ, მეჩვენება, რომ ეს უკეთესიც შეიძლება იყოს, რადგან მამის და საკუთარი ხალხის მაგინებელი შვილი _ გაზეთ „ქრონიკა პლუს“-ში მოხვდა.
სანდრო ჭაჭიასთან ინტერვიუს პირადად მთავარი რედაქტორი, ქ-ნი ელისო კილაძე წარმართავს და ამით ყველაფერია ნათქვამი, რადგან საქვეყნოდაა ცნობილი, რომ ელისო კილაძე და მისი გაზეთი ყველაფერს იზამენ, გარდა ქვეყნის და მისი მოსახლეობის სასიკეთო საქმეებისა!
არც ამჯერად შევიწუხებდი თავს და დროს არ დავკარგავდი პასუხის წერისთვის, მაგრამ იმდენად უტიფრად იქცევიან რედაქტორი კილაძე და მისი რესპონდენტი, გაჩუმება დანაშაულად მიმაჩნია!
ინტერვიუს დასაწყისში გამოტანილი პროვოკაციული კითხვები მავალდებულებს დასაბუთებული პასუხი გავცე უტიფარ პროვოკატორებს:
_ ამზადებს თუ არა რუსეთი საქართველოში მორიგ პროვოკაციას?
_ რა სეპარატისტული განცხადებები კეთდება სამეგრელოს რეგიონში?
_ ვინ თარგმნა მეგრულ ენაზე „ვეფხისტყაოსანი“?
_ ვინ აგროვებს რუსეთში ყოფილ პარტიზანებს?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა პლუს“-ს ალექსანდრე ჭაჭიას ვაჟი, სანდრო ჭაჭია ესაუბრება“, აუწყებს მკითხველს რედაქტორი კილაძე!
იძულებული ვარ, ცალ-ცალკე განვიხილო ზემოთნახსენები კითხვები, რომ საქმეში გაუცნობიერებელი მკითხველი დავამშვიდო და კილაძე-სანდრიკასავით მოფიქრალ ქვეყნის მოღალატე-გამყიდველებს, ერთხელ და სამუდამოდ ჩავაკმენდინო ხმა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
„_ სეპარატიზმი!“
როგორ წარმოგიდგენია მკითხველო, ვინ არის სეპარატისტი და რა უბედურების მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის?!
2008 წლის ზაფხულში ევროპაში მომიწია ყოფნამ. ივლისის შუა რიცხვები იდგა, როცა ჩემმა ავსტრიელმა მეგობარმა, პოლიტოლოგმა დოქტორ რაინერ გაისლერმა დამირეკა და მთხოვა: _ „თუ მანქანით დააპირებ საქართველოში წასვლას, ზალცბურგში გამომიარე, ბევრი სასაუბრო დაგვიგროვდაო!“
მაშინ ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის გერმანულენოვანი ფაკულტეტისთვის წიგნადი ფონდის შესაქმნელად, გერმანიაში საგანგებოდ შეგროვილი სპეციალური ლიტერატურა ჩამომქონდა. ბოლო, რამდენიმე ათეული წიგნი ჩავაწყვეთ მანქანაში და ჩემი ავსტრიელი მეგობრების თხოვნით, ერთი საღამო ერთად გავატარეთ. უამრავ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მომახსენეს, რომ _ „ცუდი საქმე მზადდება საქართველოში, რომელიც თქვენი პრეზიდენტის სულსწრაფობით უნდა განხორციელდესო!“
სამწუხაროდ, მიუხედავად ჩემი დიდი მონდომებისა, ვერავის მივაწვდინე ხმა მოსალოდნელ საშიშროებაზე და 2008 წლის აგვისტოს ბოლოს სამაჩაბლოს 180 სოფელი დაიცალა ქართული მოსახლეობისგან, კავკასიონის ქედზე დაკიდული „კოდორის ხეობაც“ მიჰყვა მას და ამის შემდეგ „მეგრულ სეპარატიზმზე“ საუბრობენ საქართველოში?!
1992-93 წლების გაუგონარი ეროვნული ღალატის შემდეგ, როცა ძალის-ძალად დააკარგვინა დაუძინებელმა მტერმა, ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს აფხაზეთი და 300 ათასი კაცი ფეხშიშველი გამოაქცია ენგურს გაღმიდან, ათასობით მიცვალებული და მათი საფლავები სამეგრელოს მარტოდსაგლოვად მიაგდებინა მათ...
რა ჰქვია ამას და ვინ არის სეპარატისტი, _ სამეგრელოa თუ, საქართველოს მაოხრებელი გზირები ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და დანარჩენი საქართველოს ის ნაწილი, რომელიც მათ უჭერდა მხარს და დღეს სადღეგრძელოში თუ გაახსენდებათ მხოლოდ აფხაზეთი???
„_ რუსეთის პროვოკაციები საქართველოში!“
_ სად და ვისთან ერთად აწყობს რუსეთი პროვოკაციას?“
_ თუ ეს ასეა და მართალია, მაშინ რუსეთი იმ ხელისუფალთან ერთად აწყობს პროვოკაციას, ვინაც 2008 წლის აგვისტოს ე.წ. სამდღიანი ომის დასრულებიდან ოთხი კვირის თავზე „სამაჩაბლოსა“ და „კოდორის ხეობასთან“ ერთად „ენგურჰესი“ მიჰყიდა რუსებს და დღემდე უვადო ხელშეკრულებით წილებს იღებს ე.წ. რუსი ოკუპანტებისგან!!!
„_ რა სეპარატისტული განცხადებები კეთდება სამეგრელოს რეგიონში?“
მე შეგნებულად არ გირჩევთ სამეგრელოში ჩასვლას „რედაქტორ-რესპონდენტს“, _ თქვენსავით მოფიქრალი ხალხი, დიდი ხანია იქ ანათემას არის გადაცემული, რადგან თქვენთვის _ სამშობლო და „ოდაბადე“ არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს!
„_ ვინ თარგმნა მეგრულ ენაზე „ვეფხისტყაოსანი“?“
_აქ საგანგებოდ უნდა შევჩერდე, რადგან მარტო ამ გონებაშეზღუდულ „რედაქტორ-რესპონდენტს“ არ გაჩხერია ყელში „ვეფხისტყაოსნის“ მეგრული თარგმანი. ბეჭდურ და ხმოვან-თვალსაჩინო მედიას თავი რომ დავანებოთ, უამრავი შემთხვევა მახსენდება, როცა აგდებულად და დამამცირებლად მოუხსენიებიათ „ვეფხისტყაოსნის“ მეგრული თარგმანი!
უამრავჯერ ვყოფილვარ შეურაცხყოფილი, მსგავსი გონებაშეზღუდულობის და გაუნათლებლობის და არა იმის გამო, რომ უბრწყინვალესი მეგრული თარგმანი ქართული ლიტერატურული საუნჯისა საქილიკოდ გაუხდიათ!
სწორედ ასეთი დამოკიდებულების შედეგია ჩვენი „ძმა და მეგობარი“ სომეხი რომ იჩემებს ყველაფერ იმას, რაც კი ჩვენს წინაპარს შეუქმნია და საამაყოდ ჩვენთვის დაუტოვებია, მაგრამ „ევრო-ამერიკულ სიგლახეს“ აყოლილ ჩვენი თანამემამულეების სანდრიკასნაირ ნაწილს თვალში არ მოსდით!
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა „ვეფხისტყაოსნის“ მეგრული თარგმანის პირველი ხელნაწერი კუპლეტები მომიტანეს და იგი გავიზეპირე. სიამაყით ვუკითხავდი მას, დედანთან ერთად, ყველა შემხვედრს. მას შემდეგ რამდენიმე ათეულმა წელმა ჩაიარა. მეც, ქართულის და მეგრულის გარდა რამდენიმე ენა ვისწავლე და მეამაყება, რომ არცერთ უცხო ენაზე ისე მუსიკალურად და დედანთან ზედმიწევნით არ ჟღერს იგი, როგორც მეგრულ ენაზე!
დღეს კი ვიღაცა უდღეური აგდებულად და შეურაცხმყოფელად მიხსენებს „ვეფხისტყაოსნის“ მეგრულ თარგმანს!
ვაი თქვენ, წვრილფეხა შიდა საოჯახო სეპარატისტებო, ვისაც ვერ მოგინელებიათ მეგრულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყოსანი“, _ დიდი ქართველი მეცნიერის გია კვაშილავას ათასწლეულის აღმოჩენა _ „ფესტოსის დისკოს“ გაშიფრვა პროტოქართულ კოლხურ ენაზე, რომელიც თქვენგან მოძულებულ მეგრულთან ასოცირდება და ასე ეკარგება საქართველოს რამდენიმე ათასწლიანი ისტორია.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „ვეფხისტყაოსნის“ მეგრულად მთარგმნელმა უზარმაზარი საცავი შექმნა მეგრული სიტყვაკაზმულობისა, ამ უნიკალურ თარგმანში რომ მოათავსა. ეს ხომ ფასდაუდებელი გარანტიაა ამ პატარა კუთხის ათასწლეულებგამოვლილი ენის შესანარჩუნებლად. ამას მარტო „რედაქტორ-რესპონდენტი“-ს გასაგონად არ ვწერ _ იგი სხვა უამრავმა უჯიშომაც უნდა მოისმინოს და გაიგოს, კოლხურ ცივილიზაციას რომ უარყოფს მეგრულთან მისი იგივეობის გამო და ქართველ ერს რამდენიმე ათასი წლის ისტორიას უკარგავს!
„_ ვინ აგროვებს რუსეთში ყოფილ პარტიზანებს?“
„კილაძე-სანდრიკა“-ს პასქვილის წაკითხვის შემდეგ, საგულდაგულოდ შევისწავლე სამეგრელოში არსებული მდგომარეობა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იქ სულელისა და ჭკუანაკლულის გარდა, ყველას ერთნაირად სჯერა _ აფხაზეთი დიდი ხანია დანარჩენი საქართველოსთვის ჩავლილი ისტორიაა, იგი სამეგრელოს მარტოდსაგლოვადაა დარჩენილი!
ასეთ ვითარებაში, მხოლოდ მართლა ცხრა მთას იქით (არ გამოვრიცხავ დედაქალაქშიც!) მოკალათებულ სეპარატისტს შეუძლია იფიქროს პარტიზანების და იარაღის შეგროვებაზე, როგორც ამას ტვინმოკლე „რედაქტორ-რესპონდენტი _ კილაძე-სანდრიკა“ მოიაზრებენ!
რაც შეეხება ამ დანაყრანტალების სამართლებრივ მხარეს, ეს გახლავთ ცრუ დასმენა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც რესპონდენტს, ასევე რედაქციას, მაგრამ არ გვინდა თავი გაგიყადროთ და ღრმად შემოგყვეთ თქვენს მიერ ესოდენ უხვად დაღვრილ სიბინძურეში...
მეოთხედი საუკუნის წინ, დედაქალაქიდან მოსული არამკითხეთა ჩარევის შემდეგ მოხდა გაუგონარი სისხლისღვრა აფხაზეთში, სამასიათასი უდანაშაულო ადამიანის საკუთარი სახლ-კარიდან აყრა და საკუთარ სამშობლოში დევნილებად გამოცხადება!
„კილაძე-სანდრიკა“-სავით მოაზროვნეებო _ თქვენ სასტიკად ცდებით! სამეგრელომ კარგა ხანია ისწავლა ჭკუა და იგი პარტიზანებით და იარაღით არ აპირებს ენგურზე გახლეჩილი საქართველოს გაერთიანებას და არც დედაქალაქიდან ჩამოყვანილი არამკითხე შუამავლების ჩარევით გეგმავს „მორდუობა“-გაწყვეტილ აფხაზებთან ოჯახმთლიანობის აღდგენას!
„_ თქვენთვის დაიტოვეთ „პარტიზანების და იარაღის მოგროვება“. ჩვენ თვითონ მივხედავთ ქართულ-აფხაზური პრობლემის მოგვარებას, შემდეგ კი გაუჯიშოვებული დანარჩენი საქართველოს გაერთიანებასაც მივყვებითო!“
ასეთი პასუხი გამცეს სამეგრელოში შეკითხვაზე _ „ვინ აგროვებს რუსეთში ყოფილ პარტიზანებს?“
„კილაძე-სანდრიკა“-ს ინტერვიუს დასაწყისშივე ვიფიქრე, ეს ორი ღვთისგან დასჯილი ადამიანი, აუცილებლად მიადგება-მეთქი „ილორს“. გაზეთზე მაქვს საუბარი, თორემ „ილორის წმინდა გიორგის ტაძარი“ ამ ორი ქართველობისგან დაცლილი არსებისთვის ისეა საინტერესო, როგორც ღორისთვის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია!
ასეც მოხდა _ სანდრიკა ერთუჯრედიანი, ელისო-რედაქტორის კითხვაზე, ჯიქურ მიახტა გაზეთ „ილორს“ და მის მთავარ რედაქტორ ბ-ნ როლანდ ჯალაღანიას და იგი „პირწავარდნილ ნაციონალისტად“ მოიხსენია, რაც არ დაგიმალავთ და ნამდვილად გამიხარდა. ვიფიქრე _ გზას აცდენილ ყმაწვილს ბოლოს მაინც გაუნათდა გონება და უამრავ ანტიქართულ გარემოში მოქცეული საქართველოს გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე ახსენა-მეთქი „ნაციონალისტად“ ბატონი როლანდი!
აქაც შევცდი, რადგან ამ ჭკუანაკლულის აზრით „სამეგრელოს რეგიონში გამოდის“ თურმე გაზეთი „ილორი“ და იგი „ყველა ნომერში ლავრენტი ბერიას უწევს პროპაგანდას!“ კიდევ კარგი აცუნდრუკებული „სანდრიკა“ მთლად მის ჭკუაზე არ მიუშვა ინტერვიუერმა რედაქტორმა, თორემ იმასაც იტყოდა:
_ამას იმიტომ აკეთებს „ილორის” რედაქცია, რომ მომავალ არჩევნებზე ლავრენტი ბერიას გაყვანა უნდა პარლამენტშიო!
ამ უბედურებას გადავრჩით, მაგრამ „რედაქტორ-რესპონდენტს“ უნდა შევახსენო, რომ ბერიას კი არ უწევდა „ილორის“ მთავარი რედაქტორი „პროპაგანდას“ _ ბატონმა როლანდ ჯალაღანიამ თარგმნა ცნობილი მწერლის სერგეი კრემლიოვის უნიკალური ნაწარმოები _ აქამდე უცნობ საარქივო მასალებზე დაყრდნობით შექმნილი ათასგვერდიანი წიგნი _ „ლავრენტი ბერია მე-20 საუკუნის საუკეთესო მენეჯერი“ და იგი თითქმის ორი წლის მანძილზე იბეჭდებოდა გაზეთ „ილორში“!
„რედაქტორ-რესპონდენტ-კილაძე-სანდრიკასთვის“ შეიძლება უინტერესო იყოს, მაგრამ გაზეთ „ილორში“ დაიბეჭდა:
_ ვ. ველიჩკოს „კავკასია“ (რ. ჯალაღანიას თარგმანი);
_ ყარიბი, „წითელი წიგნი“ (მთარგმნელები რ.ჯალაღანია, დ.ქობალია);
_ ივანე ჯავახიშვილი 1908 წლის უნიკალური გამოცემა „ქართველ ერის ისტორია“;
_ რ. ჯალაღანია, დ. ქობალია, ნ. გოგუა „ჭეშმარიტება და სომხური სიმართლე“;
_ რ. ჯალაღანია, დ. ქობალია, ნ. გოგუა „ვთქვათ სიმართლე, ვიფიქროთ მომავალზე“;
_ რ. ჯალაღანია, დ. ქობალია, ჯ. ხარებავა „სამდღიანი ომი და სამარადისო გამარჯვება“;
_ რ. ჯალაღანია, დ. ქობალია „გერმანელები საქართველოში“ (ქართულ-გერმანულ ენებზე);
სხვა წიგნებსა და ბროშურებზე (სულ ორმოცამდე გამოცემა) აღარაფერს ვამბობთ!
მხოლოდ მკითხველის საყურადღებოდ და არა „რედაქტორ-რესპონდენტისთვის“ _ გაზეთი „ილორი“ გამოდის თბილისში (და არა სამეგრელოს რეგიონში) იგი სრულიად საქართველოში ვრცელდება, როგორც ყველა დანარჩენი პერიოდული გამოცემა, მაგრამ ერთადერთია ქართული გაზეთებიდან, რომელიც უპრობლემოდ გადადის აფხაზეთის ტერიტორიაზე, რადგან, იგი არ წარმოადგენს რომელიმე პარტიის კუთვნილებას, არ გამოხატავს რომელიმე მხარის მიკერძოებულ ინტერესებს და, არც რომელიმე უცხოური საიდუმლო სამსახურის მიერ მოსყიდული ორგანოა, როგორც „ქრონიკა+“-ზე და მის რედაქტორზე ამბობენ...
„ილორი“, მისი დაფუძნების დღიდან, ერთადერთი გაზეთია, რომელიც სხვათა მიერ ამღვრეული წყლის გაწმენდას ცდილობს, რაც კარგად ესმით ენგურს გაღმელ ქართველ-აფხაზებს და ამიტომაც არ ერიდება ქართველს თუ აფხაზს მისი საჯაროდ წაკითხვა!
ცალკე სასაუბრო თემაა ბატონი ალექსანდრე ჭაჭია და მისი შესაძლებლობა _ ქართულ-აფხაზურ, ქართულ-რუსულ, ქართულ-ოსურ და ზოგადად ქართულ-ჩრდილოკავკასიურ ქვეყნებთან ურთიერთობაში.
ვისაც ბატონი ალექსანდრეს სტატიები არ წაუკითხავს და არ იცნობს მისი პუბლიცისტური წერილების ორტომეულს, ძნელია მის პიროვნებაზე წარმოდგენა იქონიოს.
იშვიათია ბატონი ალექსანდრეს მიერ აღწერილი პროგნოზები ათ წელზე ნაკლებ მომავალ დროზე იყოს გათვლილი და იგი რეალობად არ ქცეულიყოს!
ჩემი პირადი დაკვირვებიდან დავასკვენი _ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ქართველი ე.წ. „პოლიტიკოსები“ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ სწყალობენ _ ისინი პოლიტიკაში საშოვარის გულისთვის მოდიან, რაც შეუთავსებელია ბატონი ალექსანდრეს დამოკიდებულებასთან სამშობლო-საქართველოსადმი!
ამიტომ არ გამკვირვებია, როცა სინდისგაყიდულმა ქართულმა მედიასაშუალებებმა ბატონი ალექსანდრეს წინააღმდეგ საბრძოლველად მისივე შვილი _ ხელმოცარული, ტიპიური ევრო-ამერიკული პროექტის ნაყოფი გამოიყენეს, რომლისთვისაც სულერთია სხვას რა მოუვა, ოღონდ თვითონ იყოს კარგად!
ასეთებისთვის არც ოჯახი, არც სამშობლო არ არსებობს, გარდა დამკვეთისა, რომელიც კარგად გადაუხდის!
მიუხედავად დიდი ეჭვებისა, მეჩვენება, მაინც მივაგენი კილაძის გაცოფების საიდუმლოს. მისი მხრიდან, სანდრიკა უდღეურის გაწირვა მარტო მამა-შვილის დაპირისპირების საქმეს არ უნდა ემსახურებოდეს!
2008 წლის ომის შემდეგ, ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში დავწერე: _ სანამ საქართველოს პრეზიდენტად წართმეულ ტერიტორიაზე დაბადებულ და გაზრდილ კანდიდატს არ ავირჩევთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნება არ იქნება-მეთქი!
ამ განცხადებას საოცრად დიდი რეაქცია მოჰყვა. როგორც მოსალოდნელი იყო, დიდმა უმრავლესობამ ბატონი ალექსანდრე ჭაჭია მოისაზრა პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატად და ომიც უმალ გაჩაღდა მის წინააღმდეგ.
...არ შეისმინა 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ქვეყნის მხსნელად მოვლენილმა ახალმა ხელისუფლებამ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას საპრეზიდენტო კანდიდატურის აუცილებლობა და მიიღო ის, რასაც მტერს არ უსურვებენ. დრომ გვაჩვენა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანი უარესი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე იგი მას მოევლინა. ამიტომ, დიდი ალბათობაა, ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას კანდიდატურა კვლავ გააქტიურდეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და იგი დაუძლეველი აღმოჩნდეს!..
ამიტომაც მიმართავენ პრევენციულ ზომებს ანტიქართული ძალები, მათ შორის ელისო კილაძე და მისი „ქრონიკა+“ ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას მისამართით, ვინაც დაუფარავად მოუწოდებს ქართველ ერს, საქართველოს მოსახლეობას, _ კეთილმეზობლური ურთიერთობა იქონიოს მოსაზღვრე ქვეყნებთან და ნუ აირჩევს უცხო ქვეყნების გზას, რადგან საქართველოსთვის არსებობს ერთადერთი გზა, რომელსაც „ქართული გზა“ ჰქვია!
დავით ქობალია,
პუბლიცისტი