წინასაარჩევნო ციებ-ცხელება, ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე, მოსალოდნელი ცვლილებები და ახალი საჭადრაკო დაფა. როგორი იქნება ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომა და „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო მომავალი, ამ და სხვა თემებზე გია ხუხაშვილი „ინფოტვ“-ის კითხვებს პასუხობს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ზრდის პოტენციალი, მაგრამ აქვს ჩამოყალიბებული ელექტორატი. თუ რაიმე ახალი ძალა არ გაჩნდა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ-მეორე ადგილებს გადაინაწილებენ, თუმცა, ეს არ არის მთავარი ინტრიგა, მთავარი ინტრიგაა მოახერხებს თუ არა „ქართული ოცნება“ უმრავლესობის მოპოვებას. მე ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი მთლიანად დისტანცირებულია პოლიტიკური ელიტისგან. ისინი თვლიან, რომ ყავთ ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია, არ ახდენენ თვითიდენთიფიცირებას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და ელოდებიან ახალი ძალის გამოჩენას, ისეთი ძალის, რომელიც არ არის დამძიმებული ძველი ცოდვებით და რომელთანაც რაღაც იმედგაცრუება არ აკავშირებთ. თუ ასეთი ძალის ფორმირება ვერ მოხერხდა, ჩვენ ამ შემთხვევაში მივიღებთ სუსტი ლეგიტიმაციის, არასტაბილურ ხელისუფლებას, რაც შემდგომში შეიძლება გახდეს სერიოზული კრიზისის წინაპირობა. თუ ასეთი ძალა გამოჩნდება, იქმნება სერიოზული საფრთხე იმისა რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვოს უმრავლესობა. განა ის, რომ პირველ ადგილზე ვერ გავა, არა, პირველ ადგილზე გავა, მაგრამ არ ექნება უმრავლესობა, რომელიც მისცემს საშუალებას საკუთარი ძალებით დააკომპლექტოს მთავრობა და უკვე დადგება ახალი კოალიციის ფორმირების აუცილებლობის წინაშე. ასეთი სცენარები საკმაოდ სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკური ძალები გააქტიურდნენ“.
„რესპუბლიკელების“ კოალიციაში დარჩენაზე ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ, ფაქტია, რომ ეს „რესპუბლიკელების“ ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, და მაინც, რა შანსები აქვთ მათ, არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლის შემთხვევაში?
„ამ პარტიას ცალკე საკუთარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. მათ არ აქვთ ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან კოალიციაში, მე მაინც არ მგონია, რომ კოალიცია დაშლამდე მივიდეს, რადგან საკუთარი უსუსრობის განცდა კოალიციაში შემავალ სუბიექტებს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ კოალიცია დატოვონ“.
არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაც ასევე აქტუალური გახდა…
„ივანიშვილი პოლკიტიკაში არის, მეც პოლიტიკაში ვარ და თქვენც, უბრალოდ ფორმებს გააჩნია. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან გულწრფელი განცხადებები, რომ ის აქტიური იქნება, მათ შორის მონაწილეობას მიიღებს კოალიციის სიის ჩამოყალიბებაში და ასე შემდეგ. აქ სამსჯელოც არაფერ არ არის, ის ამ ფორმით არის უკვე პოლიტიკაში“.
მე წინასაარჩევნო კამპანიაში ჩრთვა მაქვს მხედველობაში..
„ბუნებრივია, ის ძალიან აქტიური იქნება ამ საარჩევნო ციკლში, ეს მან თქვა უკვე. ასე, რომ აქ კითხვებიც აღარ არის. ის, თუ რა ფორმით და როგორ, ეს უკვე მეორე საკითხია. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ისეთივე ინტენსივობით იქნება ამ პროცესში ჩართული, რასაც მოითხოვს პოლიტიკური პროცესი. ის შეეცდება, რომ ყველაფრი მინიმალური ძალით გააკეთოს რაც, ჩემი აზრით არაეალურია. მას მოუწევს მაქსიმალური ძალისხმევა იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური შედეგი მიიღოს ოცნებამ, რადგანაც, საკმაოდ შელახულია მისი პოზიციები. კვირიკაშვილის სახით, გარკვეული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხელისუფლება მშვიდად იყოს, ვინაიდან ქვეყნის წინაშე დგას ისეთი გამოწვევები, რაზეც მოკლევადიანი და ღირსეული პასუხი არ არსებობს. ეს არის ეკონომიკური და სოციალური რისკები. ამიტომ მე ვფიქრობ, ივანიშვილს მოუწევს ძალიან აქტიურად ჩართვა ამ პროცესებში“.
ფაქტია, რომ ხელისუფლება საკმაოდ არასახარბიელო სიტუაციაშია, ეს ყველაფერი კი შორიდან იღებს სათავეს, რას თვლით ივანიშვილის ყველაზე დიდ შეცდომად?
„ეს შორს წაგვიყვანს… მათი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ თავის დროზე ვერ, ან არ მოახერხეს დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიტიკური ძალის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება. გარკვეულწილად, პოლიტექნოლოგიური თვალსაზრისით, აწყობდათ კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე თვითონ რა თქმა უნდა კარგად გამოიყურებოდნენ და დღესაც აწყობთ, იმიტომ, რომ ეს ორივე მხარისთვის არის მომგებიანი, რადგანაც, სივრცეს არ ტოვებს სხვა პოლიტიკური ძალებისთვის. მე ვფიქრობ, რომ მათი მთავარი შეცდომა არის მათი მთელი პოლიტიკის აგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“
მათ ვერ მოახერხეს სწორი პოლიტიკის გატარება ყოფილ ხელისუფლებასთან მიმართებაში . სწორი იყო თავის დროზე დასასჯელის დასჯა, დანარჩენების ამნისტირება და საზოგადოების გამთლიანება. ხელისუფლებამ ამის გარდა ყველაფერი გააკეთა და ეს იყო მათი დრამატული შეცდომა, რის შედეგებსაც დღემდე იმკიან“.
წყარო: infotv.ge