გენერალი გია ვაშაკიძე უშიშროების ყოფილ მინისტრს გია ბარამიძეს წამებაში ადანაშაულებს. გენერლის ადვოკატი გია დარჩია "ახალ თაობასთან" საუბრისას აცხადებს, რომ არარსებული ბრალდებით დაპატიმრებული ვაშაკიძე ცხრა წელია ციხეშია.
"2004 წლის 9 იანვარს გიორგი ვაშაკიძე მეგობრებთან ერთად ვაჟა ფშაველას გამზირზე დააკავეს. პოლიციელებმა დაკავებულები სასტიკად სცემეს, რაც ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე გააგრძელეს. წამებაში მონაწილეობდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გიორგი ბარამიძე", _ აცხადებს ადვოკატი.
გია დარჩია აცხადებს, რომ ვაშაკიძეს სთხოვდნენ ეღიარებინა არარსებული დანაშაულებები: კახი კალაძის ძმის გატაცება და იგორ გიორგაძესთან კავშირი. თუმცა საბოლოოდ გენერალი "გაერთიანებული ქართული ბანკის" დამფუძნებლის თამაზ მაღლაკელიძის გატაცებაში დაადანაშაულეს.
გენერალ გია ვაშაკიძის ოჯახი უახლოეს დღეებში აპირებს მიმართოს პროკურატურას და აღძრას სისხლის სამართლის საქმე გიორგი ბარამიძის მიმართ. თუმცა, ვინ აგებს პასუხს გიორგი ვაშაკიძის 9-წლიან პატიმრობაზე ჯერჯერობით გაურკვეველია.