ივერიონი / რა ელის კაცობრიობას?!

რა ელის კაცობრიობას?!

გასულ წელს, New York Times-მა მიჩიო კაკუ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ადამიანად დაასახელა. იაპონელი წარმოშობის ამერიკელმა ფიზიკოსმა მოღვაწეობის დიდი ნაწილი შავი ხვრელებისა და სამყაროს გაფართვოების დაჩქარების შესწავლას დაუთმო, დააარსა string-ის თეორია, რომელიც ფიზიკის ერთ-ერთ ძირითად მოდელადაა მიჩნეული. მეცნიერი არის 8 ბესტსელერი წიგნის, BBC-ისა და Discovery-ს გადაცემების სერიათა ავტორი. შემოთავაზებულ ინტერვიუში იგი საუბრობს საკუთარ ხედვებზე მომავლის განათლების სისტემასთან დაკავშირებით.

 
- თქვენს წიგნში „მომავლის ფიზიკა“ წერთ, რომ განათლება დაფუძნებული იქნება ინტერნაეტ-ტექნოლოგიებსა და Google Glass-ის ტიპის მოწყობილობებზე. კიდევ რა ფუნდამენტურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ სწავლების სფეროში?

- მთავარია ის, რომ სწავლის პროცესი დამახსოვრებაზე აღარ იქნება დაფუძნებული. ძალიან მალე, კომპიუტერები და Google Glass-ის სათვალეები მინიატურულ ლინზებად ტრანსფორმირდებიან, რომლებშიც ნებისმიერი სასურველი ინფორმაციის ჩატვირთვა იქნება შესაძლებელი. უკვე არსებობს მსგავსი ფუნქციის მქონე სათვალეები, ასე რომ, დაახლოებით 2 წლის შემდეგ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეეძლებათ გამოცდებისას პასუხების ინტერნეტში ძიება, ამისათვის კი საკმარისი იქნება თვალის ერთი დახამხამება! ერთ მხრივ, აღარ იქნება საჭირო ტვინის უსარგელო ინფორმაციით გადატვირთვა. მეორე მხრივ - გონების თავისუფალი ნაწილი კონცენტრირდება ფიქრის, ანალიზის, არგუმენტირების, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებაზე.

- ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ იქნება გამოცდებისა და მასწავლებლების არსებობის საჭიროება?

- ნამდვილად. ჩვენ უფრო დამოუკიდებლები ვიქნებით. ავიღებთ სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, შესაბამისად, აღარ იქნება სხვა ე.წ. „მაკონტროლებელი ორგანოები“ საჭირო. ჩვენ ჩვენით განვანათლებთ საკუთარ თავს. კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, იარსებებს ე.წ. „გონიერი“ კედლები. ეს კედლები იქნება ყველგან: ბინებში, ოფისებში, ქუჩებშიც კი. საკმარისი იქნება მხოლოდ მასთან მიახლოება და თქმა: „მსურს, გავესაუბრო ბიოლოგიის პროფესორს“. წამიერად, კედელზე მეცნიერი გაჩნდება, რომელიც ნებისმიერი სახის ინფორმაციას მოგაწვდით. ეს სისტემა არა მხოლოდ განათლების, არამედ მედიცინის, იურისპრუდენციის, დიზაინის, ფსიქოლოგიისა და სხვა სფეროებშიც გამოგვადება. ცხადია, ეს არ გამორიცხავს ნამდვილი სპეციალისტების, მაგალითად, ქირურგების საჭიროებას რეალურ ცხოვრებაში, თუმცა „გონიერი“ კედელი პატარა პრობლემებს მარტივად მოგაგვარებინებთ. მასწავლებლები კი ნამდვილად აღარ იქნებიან საჭირო. ნელ-ნელა, უახლოესი 50 წლის მანძილზე განათლების სისტემა მთლიანად ვირტუალური გახდება. სავარაუდოდ, ისევ იარსებებს სასწავლო დაწესებულებები, თუმცა მათ, ვინც ლექციებს დაესწრებიან, უბრალოდ წარუმატებელ ადამიანებს უწოდებენ, რომლებმაც ვერ მოახერხეს თავიანთი ძალებით განათლების მიღება.

- მიღებული განათლების დამამოწმებელი საბუთი - დიპლომი ალბათ აღარ იარსებებს. ექნება თუ არა მას რაიმე ალტერნატივა?

- დიპლომი აღარ იარსებებს მისი საჭიროების არარსებობის გამო - პირველ რიგში იმიტომ, რომ განათლების პროცესი აღარ შემოისაზღვრება გარკვეული დროის ლიმიტით ან სხვა სახის ჩარჩოებით. სავარაუდოდ, იქნება კონკრეტული ცენტრები, სადაც გამოცდების ჩაბარების შედეგად განისაზღვრება ადამანის განათლების დონე. შედეგზე იქნება დამოკიდებული, დასაქმდება თუ არა პიროვნება სასურველ პოზიციაზე.

- დღეს, თუ გინდა, რომ მაღალი დონის სპეციალისტი გახდე, კონკრეტული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაა საჭირო. რა იქნება წარმატებულობის კრიტერიუმები მომავალში?

- იმისათვის, რომ გახდე წარმატებული, უნდა გქონდეს ის მახასიათებლები, რომლებიც რობოტებს არ აქვთ: კრეატიულობა, წარმოსახვისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი, ლიდერის თვისებები. საზოგადოება ნელ-ნელა სავაჭრო ეკონომიკიდან ინტელექტუალურ-შემოქმედებით ეკონომიკაზე გადადის. წარმატების მიღწევის გაცილებით დიდი შანსი ექნებათ ქვეყნებს, რომლებსაც შეეძლებათ, დააბალანსონ სავაჭრო ბაზარი და კოგნიტურ-კრეატიული პოტენციალი. ის ერები, რომლებიც მხოლოდ სოფლის მეურნეობის იმედად არიან, განწირულნი არიან სიღარიბისთვის.

- დღეს უმუშევართა რიცხვი ყველაზე დიდია, რაც ოდესმე ყოფილა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. ეს მხოლოს მსოფლიო კრიზისის ბრალია თუ ნაწილობრივ, განათლების სისტემისაც?

- მოქმედი განათლების სისტემა წარსულის სპეციალისტებს ამზადებს. ჩვენ ადამიანებს ვასწავლით იმისათვის, რათა იარონ სამსახურში, რომელიც უკვე აღარ არსებობს, აღვჭურავთ მათ ისეთი ინტელექტუალური ინსტრუმენტებით, რომლებიც უკვე დიდი ხანია მოძველდა და ეფექტურობა დაკარგა. ამიტომაა მსოფლიოში დაუსაქმებელთა ამხელა რაოდენობა.

- რა გავლენას იქონიებს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ადამიანის ინტელექტზე?

- სავსებით რეალურია, რომ 2050 წლისთვის შეიქმნება ისეთი გონება, რომელიც აღემატება ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი ყველაზე ჭკვიანი ადამიანის გონებასაც კი. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ევროპულმა პროექტმა Human Brain Project, 1-მილიარდიანი ინვესტიციით შექმნა ადამიანის ტვინის უნიკალური რუკა - “Big Brain”, რომელიც აჩვენებს ადამიანის ტვინის დეტალურ სტრუქტურას, 20 მიკრომეტრის სიზუსტით. ასეთი ანატომიური ატლასი არა მხოლოდ გაამარტივებს ნეიროქირურგების ამოცანებს და დაგვეხმარება უმძიმესი დაავადებების განკურნებაში, არამედ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ, როგორ გადაამუშავებს ტვინი ემოციებს და აღიქვამს ინფორმაციას. ეს არსებითად დააჩქარებს „ზე-გონების“ შექმნის პროცესს. ტვინის ჩიპები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის უწყვეტი მიწოდების რეჟიმს, ახლო მომავლის პერსპექტივაა.
4-02-2016, 10:02
უკან დაბრუნება