გუშინ „ეროვნულების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სოციალური ქსელით გვამცნო, რომ არ შეინიშნება პარლამენტის წევრთა აქტიურობა დროულად განიხილონ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც საქართველოს კონსტიტუციის 36 მუხლის პირველ პუნქტში უნდა ჩაიწეროს, რომ „ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი“.
ბატონი სანდრო ამ კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავალს 200000 ხელმოწერის შეგროვებაში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეფერენდუმის დანიშნვნაში ხედავს, სადაც უნდა გაეცეს პასუხი ერთ კონკრეტულ კითხვას, კერძოდ: „ემხრობით თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი?“.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ნათქვამისა არ იყოს, ჩვენ ჩვენს მიერვე არჩეული დეპუტატები ვერ დავითანხმეთ და ვერ ვაიძულეთ, რომ თავიანთი ვალდებულება შეესრულებინათ და კონსტიტუციურად გაემყარებინათ ოჯახის დეფინიცია და ახლა როგორ გინდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც იგივე პარლამენტი ნიშნავს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე, აიძულო, იგივე საკითხზე დანიშნოს რეფერენდუმი?!
მეორეც, ვიდრე 200000 ხელმოწერა შეგროვდება, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისია კონსულტაციებს გაივლის პარლამენტთან და უცხოელი თუ ადგილობრივი ლიბერასტების წარმომადგენლებთან, მანამდე, როგორც იტყვიან, „ვირი ხეზე ავა“, ანუ, საპარლამენტო არჩევნებიც „ჩაგრიალდება“ და საკონსტიტუციო სასამართლოც შენელებულ ნაღმს ააფეთქებს _ მაცაცოს სარჩელს დააკმაყოფილებს (მწარედ მეცინება იმ ადამიანებზე, ვინც დაიჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, მითუმეტეს, როცა ამ ინფორმაციის უკან ლგბტ-ს დამცველი ორგანიზაციები დგანან).
საქართველოს პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო ინიციატივის გაჯანჯლება (ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ავტორის ბ-ნ ზვიად ტომარაძის ტერმინია) იმდენად არ გამკვირვებია, რამდენადაც ბ-ნ სანდრო ბრეგაძის ადრინდელი განცხადება (რომელმაც ზოგიერთებში ხბოს აღტაცება გამოიწვია), რომ „პირველი ეტაპი“ მოგებულია და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთო!
მახსოვს, ამ გულისამაჩუყებელ სტატუსს მაშინ ნახევრად სერიოზული, ნახევრად ირონიული კომენტარი დავურთე: „ჯერ გადავხტეთ და ჰოპლა მერე დავიძახოთ-მეთქი“. სამწუხაროდ, ჰოპლას დაძახებამდე ვერ მივედით - რამდენიმე საათში გვაცნობეს, რომ პარლამენტმა დროის გაყვანის ტაქტიკა აირჩია და მისი იმედი არ უნდა გვქონდეს!
საკმაოდ დამაფიქრებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორის, ბ-ნ ზვიად ტომარაძის განცხადებაც. მან დეტალურად აღწერა ის ნიუანსები, რაც საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენას მოჰყვა. პირადად ჩემთვის ახალი არაფერი არ ყოფილა - პარლამენტმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა საკუთარი ფარისევლური სახე. ცრუ დაპირებები და დროის გაყვანის ტაქტიკა მათი თანმდევი ინსტრუმენტია, რომელიც დაუსრულებლად ასევე ცრუ მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებს და ყოველთვის ისეთ ფინალით სრულდება, როცა ძაღლი ჰყეფს, ხოლო ქარავანი მაინც თავისი გზით მიდის!
რომ არა კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნები, პარლამენტი ამ თემაზე ფორმალურ მსჯელობასაც არ დაიწყებდა. სწორედაც რომ საზოგადოების ყურადღების მოდუნების მცდელობად მეჩვენა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბ-ნ გიორგი ვოლსკის გუშინდელი განცხადება, რომ პარლამენტში დაწყებულია მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ისეთ სტანდარტებს შემოგთავაზებთ, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია აპრობირებულიო.
მოდით თავად ვოლსკის მოვუსმინოთ: „არსებობს ქვეყნები, სადაც არ არსებობს ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ არსებობს რაღაც ფორმა, რომელიც საკუთრების თემაზეა ორიენტირებული და არსებობს ზოგ ქვეყანაში დაშვებულობაც და ამისგან არავინ ქმნის დაძაბულობას“.
ქვეტექსტებს რომ თავი დავანებოთ, თვით ზედაპირზეც კი იკითხება, რომ „რაღაც სხვა ფორმა, რომელიც საკუთრების თემაზეა ორიენტირებული, სხვა არაფერია, თუ არა ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აღიარება საკანონმდებლო დონეზე.
დიახ, თუ ჩვენ მათ თანასაკუთრებას ვაღიარებთ, გამოდის, რომ მათ ურთიერთობასაც ოფიციალურად ვაღიარებთ, რადგან, თანასაკუთრება თანაცხოვრების გარეშე არ წამოიშობა!
ახლა კი თქვენ გეკითხებით: რა განსხვავებაა კონსტიტუციაში პირდაპირ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ჩავწერთ, თუ ისეთ ფორმულირებას მივიღებთ, რომელიც მათ ოფიციალურად ერთად ცხოვრებას არ უკრძალავს?!
რას ნიშნავს ბატონ ვოლსკის სიტყვები: „ვალდებული ვართ ტრადიციის შენარჩუნებაზე ვიფიქროთ“? ან, თუნდაც, „კონსტიტუციაში გარდა მეუღლეებისა, საუბარია ქალისა და ბავშვის უფლებების დაცვაზე და ეს ნორმა უფრო მკაფიო უნდა გავხადოთ“?! რა შუაშია ქალის და ბავშვის უფლებების დაცვა ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან?
ჩემის აზრით, ეს ყველაფერი სიტყვის თამაშია, რომლის მიღმა სწორედ ის ავანტიურა იმალება, რაც ასე აშფოთებს ქართული საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს!
ბატონი გიორგი გვირჩევს თავი შევიკავოთ ზედმეტი რადიკალიზმისგან და ამ თემის გამწვავებისგან. რა თქმა უნდა, რადიკალიზმი ყველაფერში მიუღებელია, მაგრამ, რა უნდა ქნა, როცა სხვა გზას არ გიტოვებენ?!
თუ ხალხის დაწყნარება და რადიკალიზმის თავიდან აცილების სურვილი აქვთ, უნდა გვითხრან გასაგებად, რას აპირებენ და რა დროში, რომ კიდევ ერთხელ მოტყუებული არ დარჩეს საზოგადოება.
რაც შეეხება ბატონ სანდრო ბრეგაძის ინიციატივას რეფერენდუმთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ეს არის დროის გაყვანის ტაქტიკა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების (განსაკუთრებით ლიბერასტების) წისქვილზე ასხამს წყალს. ჯერ ერთი, ცესკო რეფერენდუმს ნამდვილად არ დანიშნავს, მეორეც, რად უნდა ამ თემას რეფერენდუმი - გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, ერთსულ და ერთხორც შევიკრათ და ვაიძულოთ პარლამენტი, შეიტანოს სათანადო ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს სოდომ-გომორის ცოდვის დაკანონებას საქართველოში.
სხვანაირად, ყველა ცდა - ცარიელი მუშტის ქნევა და ერის ჭირისუფლად თავის მოჩვენებაა, რომელიც ილუზიის ტყვეობაში ყოფნას ემსახურება და უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ლგბტ-ს უფლებადამცველთა და ხელისუფლებაში მოკალათებულ ლიბერასტთა ბოროტი მიზანი - როგორადაც არ უნდა დაუჯდეთ დააკანონონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოში, რასაც სხვა უღმერთოებებიც მოჰყვება.
ჩემი არა რეფერენდუმის ინიციატივას!
ზაურ ნაჭყებია
P.S. ისე არავინ გაიგოს, რომ მე ზოგადად რეფერენდუმის წინააღმდეგი ვიყო. არსებობს ისეთი მასშტაბური და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი პრობლემები, რომელთა რეფერენდუმზე გატანა აუცილებელია.
რაც შეეხება ლგბტ-ს თემას, კონკრეტულად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე უარის თქმას, წინამდებარე წერილში არგუმენტირებულად დავასაბუთე, თუ რატომ უნდა შევიკავოთ თავი რეფერენდუმზე და როგორ უნდა ვაიძულოთ პარლამენტი აღასრულოს თავისი ვალდებულება. თუ არ იზამს, კარს მომდგარ საპარლამენტო არჩევნებს გამოვუცხადოთ საყოველთაო ბოიკოტი და ხელისუფლება ჩავაყენოთ კანონგარეშე მდგომარეობაში!
თუ დავუკვირდებით, დღეს საზოგადოება უფრო მომგებიან სიტუაციაშია, ვიდრე, ხელისუფლება, რაც უნდა გამოვიყენოთ. აი, რატომ არ მომწონს ამჯერად რეფერენდუმის თემა.
თუ ვინმე სათანადო არგუმენტებით საპირისპიროს დამიმტკიცებს, სიამოვნებით ჩავერთვები პოლემიკაში.