ივერიონი / დავით ფერაძე: მაქვს ინფორმაცია, რომ თამარ სანიკიძე შანტაჟის გზას დაადგა და ამით ინარჩუნებს პოსტს

დავით ფერაძე: მაქვს ინფორმაცია, რომ თამარ სანიკიძე შანტაჟის გზას დაადგა და ამით ინარჩუნებს პოსტს

განათლების სისტემაში შექმნილ ურთულეს სიტუაციაზე „ივერიონს“ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ფერაძე ესაუბრა.

 

- ბატონო დავით, თქვენ ორჯერ მიმართეთ  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სანიკიძის მინისტრობიდან გადაყენების მოთხოვნით, რა შედეგი მოყვა ამას?

 

- ძალიან ბევრჯერ იყო საუბარი, რომ სანიკიძეს გააძევებდნენ. როდესაც პრემიერი შეიცვალა განათლების სისტემაში კიდევ ერთხელ გაიღვიძა იმედმა, რომ  ურეიტინგო მინისტრს ახლა მაინც მოაშორებენ. ჩვენ ორჯერ მივმართეთ მთავრობის ადმინისტრაციას, მაგრამ ირკვევა, რომ აქაც საბჭოური ფორმალიზმი და ბიუროკრატიაა.

 

ამაზე მეტი აბსურდი რა შეიძლება იყოს, როდესაც პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი უნდობლობას უცხადებს განათლების სამინისტროს, იქ მოკალათებულ კორუმპირებულ ხროვას, ითხოვს მინისტრის დაუყოვნებლივ გადაყენებას, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას და ამ დროს მთავრობის ადმინისტრაცია მაცნობებს, რომ ჩვენი მოთხოვნა რეაგირებისთვის გადაეგზავნა განათლების სამინისტროს.

 

ანუ რა გამოდის? სანიკიძემ უნდა განიხილოს, გადააყენოს თუ არა ის კვირიკაშვილმა?!

 

- ანუ, მთავრობის კანცელარიაც დაუდევრობას იჩენს?!

 

- ეს მარტო დაუდევრობაა თუ მინისტრის გადარჩენის მცდელობა, საკითხავია. ფორმალიზმის ერთ მაგალითსაც გეტყვით.  სრული ქაოსი და უკანონობა სუფევს 116-ე სკოლაში, მეჭურჭლიშვილის შეცვლის შემდეგ. ახალი ხელმძღვანელი, მას შემდეგ რაც უზნეო საქციელი ჩაიდინა და სიცრუეებზე ხელი ზეწოლით მოწერინა ადამიანებს, რომლის მიხედვითაც მე გამიშვეს, ახლა საერთოდ მიუშვეს და ეს დილეტანტი, როგორც საკუთარ კანტორას, ისე ექცევა სკოლას.

 

მეჭურჭლიშვილის დროს შიდა აუდიტი ყოველკვირას სკოლაში ჩასაფრებული იჯდა - იქნებ რამე დარღვევა ვიპოვოთო.

 

მაინტერესებდა, სამინისტრო იგივე ოპერატიულობას თუ გამოიჩენდა. შენც არ მომიკვდე. ამის მერე მივწერე მთავრობას, რომ სამინისტრომ არაპროფესინალიზმისა და საქმის გაყალბების მცდელობა გამოავლინა მეთქი, ვწერდი, რომ არ შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება 116-ე საკოლაში არსებული დარღვევები, მაგალითად სამინისტროს არ ჰქონია გასაუბრება ძალადობის ობიექტ მოსწავლეებთან, არ გამოუთხოვია ჩემგან მოსწავლეთა ახსნა-განმარტებები, ჩემი უნდობლობის მიუხედავად, არ ქონია მცდელობა ჩემთან და  ძალადობის მოწმე მშობლებთან გასაუბრებისა, არ შეუსწავლია სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმები, რითაც დადასტურდებოდა მთელი რიგი ფინანსური მაქინაციები, არ გამოუთხოვია საბანკო ამონაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ სამეურვეო საბჭოს 02.10.15 წ.  გადაწყვეტილების მიუხედავად სკოლაში უკანონოდ ხდებოდა ცალკეული ფინანსური ოპერაციები და ა.შ.

 

ჩემს ხელთ არსებული ყველა ოფიციალური დოკუმენტით დასტურდება, რომ სამინისტრო პირიქით, ხელს უწყობს და  ხელს აფარებს სკოლის ხელმძღვანელის დანაშაულებრივ ქმედებებს.

 

აღნიშნულის თაობაზე მივწერე მთავრობას და ვაცნობე, ეს ყველაფერი და ვინაიდან სანიკიძის უწყება თავადაა ამ ყველაფრის ხელშემწყობი, მათ ნუკი დაავალებთ საქმის შესწავლას, ან სამართალდამცავებს მიმართეთ ან კომისია შექმენით და თავად სამინისტროს თანამონაწილეობა გამოიკვლიეთ მეთქი.

 

- არ გაინტერესებთ რა რეაგირება მოყვა მთავრობის მხრიდან?

 

- ბიუოროკრატიული გულგრილობა: - როგორც მთავრობის იურიდილი დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ ოფიციალურად მომწერა, მან საქმე გადაამისამართა განათლების სისტემის მთავარ გამყალბებელთან - ონოფრიშვილთან. ონოფრიშვილმა კი სულელურად მიპასუხა, თქვენს მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადასტურდაო. ამ სისულელეზეც ხელთ მაქვს დოკუმენტი.

 

არადა, მე რა შუაში ვარ? მე ვითხოვ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლას და ონოფრიშვილი მპასუხობს, რომ თქვენ მიმართ დარღვევები არ დასტურდებაო.  შემდეგ ადმინისტრაციული საჩივრით მივმართე მთავრობას და ისევ იგივე გაუგონარი აბსურდი მთავრობის მხრიდან - დანაშაულის გამოძიებას ავალებს ამ დანაშაულში ბრალდებულს!

 

ავიღოთ, მაგალითად, ასეთი დადასტურებული ფაქტები. სამინისტროს მითითებით  116-ე სკოლის ხელმძღვანელი ძალადობდა ბავშვებზე. მოსწავლეების დასაშინებლად მუდმივად ეძახდა პოლიციას. სკოლის დერეფნებში ძალოვნების ტევა არ იყო ხოლმე, მოსწავლეებს აპატიმრებდნენ საკლასო ოთახებში. პარალელურად სკოლის ე.წ. დირექტორს უწყვეტი სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა ზემდგომებთან, აცნობდა ყველ დეტალს და ოპერატიულად იღებდა მათ მითითებებს.

 

ანუ, ყველაფერი ხდებოდა მოძალადე სანიკიძის უწყების თანხმობით  და მთავრობა ასეთი რამეების გარკვევას ისევ ამ უწყებას ავალებს!

 

რას უპასუხებს ამაზე სანიკიძე? აღმოჩნდა რომ დამნაშავე ვყოფილვარო? ეს ყველაფერი  ხომ სრული ნონსენსია. რა უნდა ვთქვათ? ან დილეტანტები სხედან ცენტრალურ მთავრობაში, ან ისინიც თანამონაწილეობენ სანიკიძის და უკანონობებში. ორივე შემთხევაში ხელი ეწყობა სანიკიძის პარპაშს.

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ ხსნიან თამარ სანიკიძეს?

 

- ძალიან საოცარია, რატომ. მე არ მესმის, ერთი უვიცი მინისტრის გულისთვის დაუპირისპირდე ასიათასობით ადამიანს, ამომრჩეველს და ამით თავად სამთავრობო გუნდის სამომავლო პერსპექტივაც დააყენო ეჭვქვეშ.

 

როდესაც პრემიერი შეიცვალა, ყველას პირზე ეკერა, რომ სანიკიძეს უეჭველად გაუშვებენო. სასკოლო სეგმენტის გარეთ მყოფი ადამიანებიც კი სიხარულით ელოდნენ ამას. მაგრამ, ჯერ პროცესი არ დაძრულა. კულუარული ინფორმაციით, ის თითქოს შანატაჟის გზას დაადგა და ამით ინარჩუნებს პოსტს.

 

ალბათ, იმუქრება, ჩემ სიბინძურეებს, სხვას გადავაბრალებო, სხვა პირებს დავასახელებო. საუბარია იმაზეც, რომ ძველი „კაიქალობის“ შესანიღბად თანაშემწის - ოთარ აბესაძის მემკვიდრედ დატოვებას ცდილობს. ამის გარდა, ჭამა მადაში მოდის და  ათასწლეულის განვითარების ფონდიდან როდესაც 14 მილიონ დოლარიანი გრანტი მიიღეს, ამ თანხას ათვისება, ანუ „ჩაჯიბვა“ ხომ უნდა.

 

- დააკონკრეტეთ, რას ნიშნავს თანხის ჩაჯიბვა - ეს ხომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ანგარიშზე იქნება.

 

- ჯერ ერთი ეს ცენტრი სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ფინანსური წილების ნექანიზმი მუშაობს. მეორეც, რას აკეთებს ეს ცენტრი? ბიუჯეტიდანაც ხომ სრულიად ტყუილად ფინანსდება ამდენი წლის განმავლობაში.

 

პედაგოგთა გამოცდა რატომ არცერთხელ არ იყო წარმატებული?

 

რატომ მივიღეთ დაბალი შედეგები?

 

ყველამ დაინახა, რამდენი მასწავლებელი „დაზარალდა“  ახალ სქემაში ჩართვის შემდეგ.  თან საკმაოდ აქტიური და მოტივირებული მასწავლებლები.

 

თუ ცენტრის ჩატარებულ ტრენინგებს, გადამზადების პროგრამას მუდმივად არა აქვს შედეგი, მაშინ ფული ხომ ტყუილად იხარჯება?!

 

სინამდვილეში ეს ცენტრი გახლავთ ბიუროკრატიული ზედმეტობა, ერთგვარი „წურბელა“, რომელიც აზის სახელმწიფო ბიუჯეტს და  მაგათ ხელში მოქცეული 14 მილიონი როგორც „იმუშავებს“. ამას მალე ყველა დაინახავს. ამასთან, არ გამოვრიცხავ რომ ამ პროექტის ფარგლებში გარკვეული პოლიტიკური მიზნებიც იდოს.

 

- თქვენ უკბე საუბარი აშკარა პროვოკაციამდე მიგყავთ. რა პოლიტიკური მიზნებს გულისხმობთ?

 

- არ დაგავიწყდეთ, ვის უნდა ჩაუტარდეს ტრენინგები: დირექტორებს, მასწავლებლებს... ჩემი აზრით, ეს წინასაარჩევნო შეხვედრების საუკეთესო მეთოდია, თუმცა მას ტრენინგები ერქმევა.

 

- არსებობს საპირისპირო მომენტიც - დაზარალებული მასწავლებლების აპელაციას პოზიტიური შედეგები მოყვა.

 

- ამით კიდევ უფრო დადასტურდა ამ პროცესების აბსურდულობა. ის რომ ე.წ. დაზარალებულ მასწავლებლებს კრედიტ-ქულების რაოდენობა „აუწიეს“ ხარვეზის გამო კი არ მოხდა, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიერ ატეხილი განგაშის შედეგია. ჩვენ ვაპირებდით ამ ხელოვნური მანიპულაციის გაპროტესტებას. შეშინდნენ სამინისტროში და სასწრაფოდ გაზარდეს იმ მასწავლებლების კრედიტ-ქულების რაოდენობა, რომლებმაც გაასაჩივრეს.

 

ნონსენსია, რომ ათასობით მასწავლებელს ჯერ მიენიჭა 0 კრედიტქულა და გასაჩივრების მერე 0 რამდენიმე ერთეულით გაიზარდა. ტყუილია, რომ კრედიტქულების მინიჭების პროცესი არის ობიექტური და დამოუკიდებელი. ეს პროცესი საეჭვო კომპეტენციის პირთა ხელშია მოქცეული და მანიპულაციებს ექვემდებარება.

 

 

- რამდენადაც ვიცით, 28 იანვარს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. 116-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეზე. რა ზოგადი მნიშვნელობა აქვს ამას?

 

- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს არის გარდატეხა და სხვა სკოლებთან დაკავშირებულ ასეთ უკანონობაზე, წესით, ამგვარივე პროცესები წავა. არსებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროს მხრიდან სასამართლოზე მიმდინარეობდა ზეწოლა, მაგრამ მოსამართლე ჩხეტიამ ამ ზეწოლას გაუძლო და შავზე არ თქვა თეთრიაო.

 

შედეგად, 116-ე საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორთან დიმიტრი მეჭურჭლიშვილთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ის „დაიბლოკა“,  უკანონოდ გამოცხადდა. ამით ხელისუფლების მესამე შტომ დაადასტურა, რომ სამინისტროს მხრიდან მეჭურჭლიშვილზე მართლაც ხორციელდებოდა პოლიტიკური (და არა პარტიული) დევნა.

 

- არ არის გამორიცხული სანიკიძის უწყებამ რომ გამოიყენოს გასაჩივრების უფლება!..

 

- მაგრამ დროის გაწელვის გარდა, ეს რას მოუტანს? თუ ის გაასაჩივრებს, ამით საქვეყნოდ კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ სწორედაც მათი ახირებაა უკანონობა-უსამართლობის გაგრძელება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება,  თუ როგორ იბრძვიან ისინი მეჭურჭლიშვილის წინააღმდეგ.

 

უკვე მარტო პედაგოგები კი არა, საზოგადოება უნდა ჩაერთოს პროცესში. განათლება დანგრეულია, გაპარტახებულია. მშობლები ძლივს აგროვებენ ფულს, რომ შვილები მასწავლებლებთან ატარონ. დაბალი კლასის მოსწავლეებიც კი მეცადინეობენ დამატებით. რა გამოდის?

 

ის, რომ სინამდვილეში სწავლა არალეგალურად ფასიანია. ამიტომ,მივმართე ტელევიზიებს, რომ ამაზე განგაშის ატეხვაა საჭირო, მაგრამ მათ ვერ ან არ ესმით. არ ვიცი, როდის მიხვდებიან ეს ადამიანები, რომ ქვეყანას უკვე გამოცლილი აქვს საფუძველი.

 

 

 

11-02-2016, 16:54
უკან დაბრუნება