ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: რატომ გაქრა ლარის ახალ კუპიურებზე სახელმწიფო-საქართველოს სახელი!?

მიხეილ ჯიბუტი: რატომ გაქრა ლარის ახალ კუპიურებზე სახელმწიფო-საქართველოს სახელი!?

2016 წლის 25 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ვადა ეწურება გიორგი ქადაგიძეს.

 

ამავე დროს, გიორგი ქადაგიძე რჩება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად - მიმოქცევაში 2016 წლის 1 თებერვალს გამოშვებულ ახალი ნიმუშის 20 და 50 ლარიან ბანკნოტებზე.

 

აღნიშნულ ბანკნოტებზე მითითებულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ხელმოწერა - გ.ქადაგიძე.

 

მე არ მინდა ვიყო მორალისტი და დავიწყო ამ ფაქტის თავმდაბლობის ან სხვა მსგავსი კატეგორიებით შეფასება.

 

ამ ფაქტმა და იმან, რომ ახალ კუპიურებზე, წინა ესკიზის ლარებისაგან განსხვავებით, აღარც ფინანსთა სამინისტროა მითითებული და აღარც ფინანსთა მინისტრის ხელმოწერაა (http://ganakhlebulilari.ge/) მაფიქრებინა, რომ ხომ არ არის უპრიანი საერთოდ არ იყოს არავის ხელმოწერა? მით უმეტეს, რომ ქვეყნის დემოკრატიის ყმაწვილობის გამო ფულზე ხელის მომწერი პერსონები ხშირად ხდება თანამედროვეთა არაერთგვაროვანი შეფასების მიზეზი, რაც აზიანებს ფულის ავტორიტეტსა და მისდამი ნდობას.

 

სხვათა შორის, მახსოვს, 1993 წელს, როდესაც საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის  შემოღების პაკეტი მომზადდა, ქაღალდის ფულზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა  და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერების საკითხი იმ მოტივით გადაწყდა, რომ მომხდარიყო დემონსტრირება ამ ინსტიტუტების ერთიანობისა, რაც ფულისადმი ნდობის გაზრდას შეუწყობდა ხელს.

 

რა მიზეზით იქნა აღნიშნულზე უარი საზოგადოებისათვის არავის არ უცნობებია. ალბათ იმ ფორმალური მოტივით, რომ საქართველოს კონსტიტუციით მიხედვით "ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკს " (მუხლი 95 პუნქტი 5). იგივე დაკონკრეტებულია  საქართველოს ორგანული კანონით "ეროვნული ბანკის შესახებ", განსაზღვრულია, რომ "მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს როგორც მიმოქცევისათვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ემისიის უფლება"(მუხლი 35. პუნქტი1.). რაც შინაარსობრივად  აბსოლუტურად ლეგიტიმურია, თუმცა არაა გარდაუვალი ფორმით.

 

თუმცა, მიმაჩნია არასწორად, როდესაც ლარის ახალ კუპიურებზე  გაქრა სახელმწიფოს-საქართველოს დასახელება.

 

საპირწონედ აქ  არ გამოდგება ის, რომ ბანკნოტებზე მითითებულია "საქართველოს ეროვნული ბანკი." არ გამოდგება არა იმიტომ, რომ მსგავსი მაგალითები არ არსებობს, არამედ, იმიტომ, რომ  ეს მოცემულ შემთხვევაში ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონი ამბობს, რომ "საქართველოს ფულის ერთეულია "ლარი" (მუხლი 34.პუნქტი 1)". ანუ საქართველოს სახელმწიფოს ფულია ლარი. საქართველოს კონსტიტუცია მიუთითებს, რომ "საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა "საქართველო""(მუხლი 1. პუნქტი 3). 

 

ლარი არის სახელმწიფო - საქართველოს ფული და მასზე წარწერა "საქართველო" უნდა აღსდგეს.

 

სანამ გვიან არაა უნდა ჩასწორდეს 100 ლარიანისა და სხვა ნომინალების მატრიცები!!!

 

 

 

 

15-02-2016, 18:50
უკან დაბრუნება