,,ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად არის შავი პიარი აგორებული და ჩემს „გაშავებას“ ცდილობენ. დიფამაცია კი ისჯება კანონით“, - ეს განცხადება კულტურის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ იური მეჩითოვმა „მაესტროს“ პრესკლუბში გააკეთა.
მეჩითოვის განმარტებით, ის ფოტოები და ვიდეომასალა, რომლის გარშემოც სკანდალია ატეხილი, მისივე ხელით აქვს დადებული „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„მე ხელოვანი კაცი ვარ, თავისუფალი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ვცხოვრობ და ვიცხოვრებ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. თუ ვინმე ამ ფოტოებში კრიმინალს ხედავს, ეს მისი პრობლემაა და მისი ზნეობისა და აზროვნების ბრალია“, - აღნიშნავს მეჩითოვი.
გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, მეჩითოვი აცხადებს, რომ ფალსიფიცირებულია და მასში ბევრი უწმაწური სიტყვაა დამონტაჟებული.