ივერიონი / გიორგი ტიგინაშვილი: ისტორიას ქმნიდნენ არა კარიერისტ-მერკანტილისტი, არამედ სიმართლის მსახური და პრინციპების მქონე ადამიანები!

გიორგი ტიგინაშვილი: ისტორიას ქმნიდნენ არა კარიერისტ-მერკანტილისტი, არამედ სიმართლის მსახური და პრინციპების მქონე ადამიანები!

რა უფრო ამაზრზენია: კონფორმიზმი თუ უსამართლობა? 

 

ჩემი აზრით კონფორმიზმი! 

 

უსამართლობას რამდენიმე კარგი თვისება აქვს - ის წარმოაჩენს და ლუსტრირებას უკეთებს ღირსეულ ადამიანთა პიროვნულ სიმწიფეს. მეტიც, ის ეხმარება მაძიებელ და მოწოდებით რაინდულ ადამიანებს, რომ ხატებიდან - მსგავსებამდე ამაღლდნენ, განხორციელდნენ თავისუფალ და დამოუკიდებელ არსებებად. 

 

უსამართლობა ხშირ შემთხვევაში ახელებს აზროვნებას და იძლევა განვითარების მოტივაციას, სიცოცხლის იმპულსს. 

 

გარდა ამისა, კონფორმისტი, როგორც კი კვდება, მის ხორცთან ერთად იხრწნება ის ხელოვნური "კომფორტ-ფუფუნებაც", რომელიც წუთისოფელში ჰქონდა და კვამლივით განქარდება მისი სტაბილურობისა თუ წარმატების მომტანი სახელიც. 

 

კონფორმიზმი ნებაყოფლობითი სიყალბე და ილუზიაა - არტისტიზმი და ნაძალადევი ტანგოა სინდისთან. 

 

დიახ, ისტორიას ქმნიდნენ არა კარიერისტ-მერკანტილისტი ადამიანები, არამედ სიმართლის მსახური ვაჟკაცები და პრინციპების მქონე პიროვნებები, რომელთათვისაც ღირებულება უფრო მაღლა იდგა, ვიდრე სოციალური სარგო. 

 

დაუკვირდით სამყაროსა და კაცობრიობის გარდასულ სიგრძეს: როგორი ტიპის ფიგურები აღგვაფრთოვანებენ ხოლმე ლიტერატურულ ნაწარმოებებსა თუ ისტორიულ რეალიებში - ლაქია პირმოთნენი თუ საერთო-საზოგადო სიკეთისთვის შეწირული უშიშარნი? 

 

რასაკვირველია ეს უკანასკნელნი! ასეთები კი ყოველთვის ცოტანი იყვნენ და ახლაც კანტი-კუნტადღა არიან. თუმცა, მათი ხიბლიც ხომ სწორედ ამაში მდგომარეობს!

 

1-03-2016, 13:30
უკან დაბრუნება