მქონდა ბედნიერება, ხავერდოვან გადატრიალებას, ანუ "ვარდების რევოლუციას" პარლამენტში შევხვედროდი. მაშინ პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის აპარატის უფროსი ვიყავი და ახლოდან ვადევნებდი თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
ბუნებით ემოციური და პირდაპირი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ თანამდებობაზე ვმუშაობდი, კოლეგებთან საკუთარი აზრის გამოთქმას არ ვერიდებოდი. სხვათა შორის, ჩემს კომიტეტშიც ბევრი იყო შევარდანაძის ხელისუფლების მომხრეც და მოწინააღმდეგეც. მათგან განსხვავებით, მე ნეიტრალური პოზიცია მეკავა და ღიად ვამბობდი, რომ, როცა არჩევანი კეთდება ცუდსა და უარესს შორის, ამ შემთხვევაში ცუდი უნდა აირჩიო, რადგან უარესი მაინც უარესია. უარესად კი, შევარდნაძის იმდროინდელი ოპოზიცია მიმაჩნდა, რომელსაც კოჭებზე ეტყობოდა, რომ ქევეყანას ხეირს არ დააყრიდა.
პირადი კონტაქტი ოპოზიციის ლიდერებთან არასდროს მქონია, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ საზოგადოება სწორი გზით არ მიდიოდა, ანუ სწორ არჩევანს არ აკეთებდა. თუმცა იმასაც ვგრძნობდი, რომ შევარდნაძის ხელისუფლება იმდენად დამყაყებული იყო, ახალი სისხლის გადასხმა ნამდვილად სჭირდებოდა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმდენად იყო "მოწამლული" "ახალგაზრდა რეფორმატორების" იდეებით, რომ კამათს, უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა _ ყოველთვის უმცირესობაში აღმოჩნდებოდი.
დიახ, ხალხს სჯეროდა, რომ ტრიუმვირატი _ სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძის გუნდი შევარდნაძის რეჟიმს წირვას გამოუყვანდა და ქვეყანას დემოკრატიისა და აღორძინების გზით წაიყვანდა. სამწუხაროდ, ასე ფიქრობდა ერის ინტელექტუალური ნაწილიც.
შევარდნაძის უსუსურობა ყველაზე მეტად მაშინ ვიგრძენი, როცა 2003 წლის 21 ნოემბერს უშიშროების საბჭოს მაშინდელმა მდივანმა თედო ჯაფარიძემ ღიად დააფიქსირა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე ინფორმაციულ იზოლაციაში მოაქციეს. ამით ბატონმა თედომ იმდენად შევარდნაძის ინფორმაციულ იზოლირებას კი არ გაუსვა ხაზი, რამდენადაც მიგვანიშნა, რომ მისი გუნდი "ეშმაკს მიეყიდა" და ყველაფერი დამთავრებულად უნდა წარმოგვედგინა. რაც შემდეგ მოხდა, ყველამ კარგად ვიცით... ასევე ყველას კარგად გვახსოვს 2003 წლის 23 ნოემბერს, როგორ ვზეიმობდით გამარჯვებას "იუდა" შევარდნაძეზე და როგორ გადაფარა ამ აღტკინებამ წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც შემდგომ "ნაციონალურ გიორგობად" მოინათლა.
ჩვენ დიდხანს ვამაყობდით იმით, რომ შევარდნაძის დამყაყებული და უსახური რეჟიმი ხავერდოვანი რევოლუციით, ანუ უსისხლოდ დავამარცხეთ, მაგრამ არ გვიფიქრია, რომ რევოლუცია, ვარდების იქნება იგი თუ ეკლიანი, "ძალადობას" ნიშნავს და ძალით მოსული ხელისუფლება საზოგადოებას ხეირს არასოდეს მოუტანს!
ჩვენდა სამწუხაროდ, არათუ პირველ დღეებში და პირველ თვეებში, არამედ, რევოლუციის პირველ წლებშიც კი განსხვავებული აზრი სასტიკად იდევნებოდა და ვინც "ვარდების" ხელისუფლებას აკრიტიკებდა, "ბრმისა" და "უმადურის" იარლიყს მიაკერებდნენ ხოლმე. სხვათა შორის, მათ რიგებში მეც აღმოვჩნდი.
"ახალგაზრდა რეფორმატორებისადმი" ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე", პარლამენტში მუშაობისას იყო ცნობილი. თუმცა, ამის გამო სერიოზული პრობლემები არ შემქმნია. საკუთარ თავს დიდ პროგნოზისტად არასდროს მივიჩნევდი, მაგრამ ქვეცნობიერი ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ხავერდოვანი, ანუ "ვარდების რევოლუცია" მომავალში ეკლებს ნამდვილად მოგვიტანდა. ჩემი განწყობა ანალიტიკურ სტატიაში დავაფიქსირე, რომელიც რევოლუციიდან 5 დღეში დავასრულე და სათაურად "ტრიუმვირატი საქართველოში, ანუ, "ვარდების რევოლუცია" მოსალოდნელი ეკლებით" დავარქვი. სტატია უახლოეს მეგობრებს, მათ შორის იმჟამინდელ პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნუგზარ ნავაძესაც გავაცანი. ყველამ ერთხმად მირჩია არ დამებეჭდა, რადგან, ეს დინების საწინააღმდეგოდ წასვლას ნიშნავდა. საქმე იმაშია, რომ სტატიის პათოსი საზოგადოების უმეტესი ნაწილის განწყობას ეწინაარმდეგებოდა და ლოგიკაზე დაყრდნობით ვწერდი, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო იმედგაცრუება. სხვათა შორის, პირდაპირ ვამბობდი, რომ ტრიუმვირატი _ სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე ერთად დიდხანს ვერ გაძლებდნენ და არ იყო გამორიცხული, შავ კატას თავდაპირველად ჟვანიასა და სააკაშვილს შორის გაერბინა. ჩემი აზრით, ყველაფერი იქნებოდა დამოკიდებული იმაზე, ვინ ვის დაასწრებდა. ვწერდი იმასაც, რომ ბურჯანაძე, პირველ ხანებში უფრო ძლიერს მიემხრობოდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მასაც ჩამოიშორებდნენ. აღნიშნულ ვერსიას ვაყალიბებდი ლოგიკაზე დაყრდნობით, გამომდინარე იქიდან, რომ "სამხელისუფლებიანობა" მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. არადა, სამივე მათგანს სჯეროდა, რომ თვითონ იყვნენ რევოლუციის სულისჩამდგმელები. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ჩემი პროგნოზი ახდა.
სხვათა შორის, სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი ასლან აბაშიძესაც ეკავა, რომელსაც, თუ ხმამაღლა ნათქვამი არ გამომივა, საქართველოდან გაქცევა ვუწინასწარმეტყველე.
რაც ყველაზე მთავარია, მიახლოებითი პასუხი მქონდა გაცემული კითხვაზე, თუ რატომ მოხდა "ხავერდოვანი" რევოლუცია და რატომ გადააბარა ასე მარტივად ხელისუფლება შევარდნაძემ "ბუნტოვშიკ" "ახალგაზრდა რეფორმატორებს", რომლებიც მისივე ბუდიდან იყვნენ აფრენილები? ვწერდი, რომ "ბაბუმ" ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, რადგან იყნოსა, რომ "ძველმა მეგობრებმა" ორმაგი სტანდარტის გამო წითელი აუნთეს!
ამ ვერსიებს დაეთანხმა შევარდნაძის მაშინდელი მთავარი კონსულტანტი, ცნობილი ქართველი მწერალი, აწ განსვენებული გია ლომაძე, რომელიც კარგად იყო ჩახედული შიდა სამზარეულოში და გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობდა. ასეა თუ ისე, ზემოთხსენებული სტატია, ხელნაწერის სახით, უჯრაში "დავატყვევე", ხოლო, როცა მოვიკითხე, უკვე აღარ იყო. დღესაც არ ვიცი, სად და როგორ გაქრა იგი!@
ახლა ისევ "ვარდების რევოლუციას" დავუბრუნდეთ, რომელიც სულ მალე "ეკლების რევოლუციად" გვექცა. არადა, იმდენად დიდი იყო ეიფორია, რომ საკმარისზე დიდი დრო დასჭირდა საზოგადოებას გაეგო, "ვარდოსნების" სახით, ვისთან ჰქონდა საქმე.
მართალია, ორთოდოქსი "მიშისტები" დღესაც არიან, მაგრამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოღვიძება, ჯერ კიდევ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამდე დაიწყო _ გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის და სხვა უდანაშაულო ადამიანების დახვრეტამ "ნაცებზე" უაზროდ შეყვარებული ადამიანებიც კი მიახვედრა, თუ რას ნიშნავდა სააკაშვილისეული ნულოვანი ტოლერანტობა. რომ არაფერი ვთქვათ 2008 წლის აგვისტოს სააკაშვილის მხრიდან თავსმოხვეულ ომზე და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგებზე, 2007 წლის 7 ნოემბერიც საკმარისი აღმოჩნდა "ნაცბანდის" ნამდვილი სახის გასაშიშვლებლად. ხოლო, 2011 წლის 26 მაისი ბოლო წვეთი იყო მათთვისაც კი, ვინც ჯერ კიდევ რაღაცას ებღაუჭებოდა და სჯეროდა, რომ "ნაცხელისუფლება" ჭკუაზე მოვიდოდა.
სამწუხაროდ, იმდენად გულგრილები გავხდით, რომ ვიდრე საკუთარ კარზე არ მოგვიკაკუნეს, გვეგონა, "ნაციონალური ჭირი" მხოლოდ ზოგიერთების მოსახდელი იყო და არა საერთო ქართული უბედურება!...
"ნაციონალური ხელისუფლების " დანაშაულზე ბევრი ითქვა და დაიწერა. იმედია, მომავალშიც ბევრი დაიწერება. აქედან გამომდინარე, ამჯერად ყურადღებას კონკრეტულ ფაქტებზე არ გავამახვილებ. ზოგადად ვიტყვი, რომ "ვარდების" "ეკლებად" გარდასახვაში ლომის წილი თითოეულ ჩვენგანს მიუძღვის. ერთი ფრთიანი გამოთქმისა არ იყოს, "ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამ, თავზე აგაცოდებაო", ჩვენ ისინი ფეხზე შეგნებულად დავისვით და თავზე აცოცებაშიც დავეხმარეთ _ გვატყუებდნენ და ტაშს ვუკრავდით, გვართმევდნენ და "ვჩუქნიდით", გვცემდნენ და გავრბოდით, გვაუპატიურებდნენ და ვიცინოდით. ერთი სიტყვით, ვარდები ეკლებად ჩვენ თვითონ ვაქციეთ და მერე გვიკვირდა, რატომ იყო მწარე "ნაცებისგან" მოქნეული შოლტი?!
ახალ ხელისუფლებას საზოგადოების მხარდაჭერა მარტო იმიტომ ეკუთვნის, რომ ამ ჯოჯოხეთიდან ამოგვათრია, თუმცა გამოცდილება იმიტომაც არის გამოცდილება, რომ მსგავსი შეცდომები არ დავუშვათ!
ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, "ნაცების" ხერხემალში გადატეხვით გამოწვეული ეიფორია და "ხბოს აღტკინება" დროზე ჩავახშოთ, ახალ ხელისუფლებას გვერდში დავუდგეთ და მისი ყოველი ნაბიჯიც გავაკონტროლოთ, რომ სერიოზული შეცდომები არ დაუშვას, რომელიც შემდგომ შეიძლება დანაშაულშიც გადაიზარდოს.
დიახ, დიახ, ვენდოთ მათ დაპირებებს, მაგრამ სისტემატურად გადავამოწმოთ, ემანდ არაფერი შეეშალოთ, თორემ მეორე ბიძინა ივანიშვილს კარგა ხანს ვერ იხილავს საქართველო, რომ იგივე ივანიშვილის მიერ მოყვანილი ხელისუფლება უმტკივნეულოდ გავისტუმროთ!
ზაურ ნაჭყებია