„პატიმრებს, რომლებმაც ღუდუშაურის კლინიკაში არეულობა გამოიწვიეს, სასჯელი დაემატებათ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
"წინასწარი ინფორმაციით, ჯამბულ ხოშარაული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გულის შეტევით გარდაიცვალა. პატიმრებს, რომლებსაც კონფლიქტი მოუვიდათ, სასჯელი დაემატებათ. ისინი პასუხს აგებენ კანონის შესაბამისად. დაპირისპირებისას მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ექიმებს და დააზიანეს საავადმყოფოს ქონებაც. ახლა ჩვენი უმთავრესი ამოცანა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესრიგის დამყარებაა და ამას გავაკეთებთ. პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ციხეებში რეჟიმი მოიშალა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ ამ რეჟიმს. ეს იქნება ძალიან მკაცრი, თუმცა სამართლიანი რეჟიმი. ის არ იქნება დამყარებული პატიმართა ღირსების ან სიცოცხლის ხელყოფაზე", - განაცხადა სუბარმა.
მისივე ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილე პატიმრები ამჟამად შესახლებული არიან გლდანის მე-8 დაწესებულებაში და მათ მიმართ სათანადო ღონისძიებები გამოძიების შემდეგ გატარდება.