ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: თუ ხელისუფლება დაიჯერებს - ქართველები, თეთრის დაუხარჯავად, მილიონებს მივიღებთ!

მიხეილ ჯიბუტი: თუ ხელისუფლება დაიჯერებს - ქართველები, თეთრის დაუხარჯავად, მილიონებს მივიღებთ!

აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია იმიტომ, რომ რუსეთის სამხედრო მანქანისგან თავდასაცავად  ქართველებს ძალა არ გვეყო!

 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველები ცუდად ცხოვრობენ...

 

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ...

 

კონტროლირებად ტერიტორიაზე რატომ  ვერ ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები ნორმალურად?

 

რატომ არის, რომ საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკურ და ეროვნულ მონობაში მყოფი ქართველები იყვნენ მდიდრები და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თავისუფლებაში მყოფნი გაღარიბდნენ და სულ უფრო ღარიბდებიან?!

 

გაუგებარია შინაურისთვის და მოყვრისთვის.

 

ყველაზე ლიბერალური აფორიზმია : „თუ ჭკვიანი ხარ, რატომ ხარ ღარიბი?“

 

ქართველების უჭკუობა ისტორიულად არ დასტურდება.

 

ქართველები დაუყონებლივ იწყებდნენ გამდიდრებას , როგორც კი ოდნავ მშვიდობა დადგებოდა ქვეყანაში.

 

ბოლოს ეს იყო კომუნისტების მმართველობის ბოლო პერიოდში.

 

თუ ქართველებმა მოახერხეს საბჭოთა სისტემასთან ადაპტაცია, რატომ ვერ შეძლეს ეს კაპიტალიზმის დროს? რატომ შეძლეს ეს „იატაკქვეშეთა ცეხების“ მეშვეობით და რატომ ვერ ახერხებენ ამას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში?

 

იქნებ ეხლა დაკარგა  ჭკუა ერმა?

 

ჭკუა არ დაკარგა, მაგრამ გონება აემღვრა...

 

ორიენტაცია დაკარგა.

 

ეროვნულ სახელმწიფოში ხელისუფლება „კოლექტიური ილიას“ როლს უნდა თამაშობდეს - ერთდროულად უნდა ასწავლიდეს და მწყემსავდეს ერს!

 

რეალურად სულ საპისრიპირო ხდება.

 

ხელისუფლება უნდა ახალისებდეს გამდიდრებას  და შეჯიბრი უნდა იყოს თუ ვინ უფრო მეტად მდიდრდება და ამის ნაცვლად კონკურსი აქვს გამოცხადებული თუ ვინ უფრო ღარიბია!

 

სიღარიბე საქართველოში, თუ ის  ჯამრთელობისა და ასაკის მიზეზით არ იყო გამოწვეული, ყოველთვის სამარცხვინოდ ითვლებოდა. სამარცხვინო იყო არა მარტო ღარიბისთვის, არამედ, გარემომცველი საზოგადოებისთვისაც ( სოფლისთვის, უბნისთვის,გვარისთვის...).

 

საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტს სხვადასხვა ხანგძლივობით  მოუწია ისეთ დროს ცხოვრება, როდესაც არ იყო მათხოვრები (განსაკუთრებით ბავშვები და ჩვილბავშვიანი ქალები). ამ ადამიანებისთვის თავისუფლებისა და მონობის ფასეულობები ემპირიულ დონეზე ერთმანეთშია აღრეული.

 

ახალგაზრდა ქართველებისთვის დამოუკიდებელი საქართველო მოცემულობაა, სადაც დაბადებით ვერავითარ უპირატესობას ვერ იღებს მოქალაქე. უმრავლესობისთვის, რომელთაც აქაური ღარიბი ცხოვრება არ აწყობს და უცხოეთში უნდა წასვლა, საქართველოს მოქალაქეობა და პასპორტი ხელის შემშლელი ფაქტორი უფროა - ბევრი ცდილობს შვილი უცხოეთში- დაბადებით სხვა ქვეყნის მოქალაქედ გააჩინოს!

 

მართალია, არაა გამორიცხული, რომ ერთი ორი ქართველი შეიძლება გამდიდრდეს( და ასეც ხდება) , მაგრამ მისი ბედნიერება სრულფასოვანი ვერ იქნება.

 

ქართველების ბედნიერება ერთად გამდიდრებაშია!

 

აქ შეიძლება ვიღაცას მეტი და ვიღაცას ნაკლები ჰქონდეს.

 

ეს შესაძლებელია საქართველოს გამდიდრებით.

 

ამისთვის საჭიროა ყველა შანსი გამოვიყენოთ.

 

მაგალითად, გასათვალისწინებელია, რომ მომჭირნეობა, რომელიც ინოვაციებსა და მეცნიერულ მიდგომებზეა დამყარებული, აგრეთვე შემოსავლის ზრდის ტოლფასია.

 

შესაძლებლობების კარგად დასანახად აქ ერთ რჩევას მივცემ ხელისუფლებას, რომელიც თუ მას დაიჯერებს და განახორციელებს, მაშინ თეთრის დაუხარჯავად საქართველო მიიღებს ყოველწლიურად, ვიდრე დღე და ღამე, ზამთარი და ზაფხული იარსებებს, ათეულ მილიონობით ეკონომიას ხარჯებში (რაც სხვანაირად, როგორც ითქვა - შემოსავალის ზრდის ტოლფასია).

 

საკითხი ეხება ე.წ. ზაფხულის დროზე გადასვლას - Daylight Saving Time (DST). გაზაფხულზე დროის ერთი საათით წინ გადაწევა სტანდარტული დროიდან და შემდეგ შემოდგომაზე კვლავ სტანდარტულ დროზე დაბრუნება.

 

ზაფხულის დროზე გადასვლას რა დადებითი შედეგები აქვს?

 

1. საღამო უფრო ნათელია. ბუნებრივი სინათლის გამოყენების ხანგძლივობა საღამოს იზრდება.

 

აქედან გამომდინარე,

 

2. მას აქვს პირდაპირი ეკონომიკური შედეგი- ორი საათის განმავლობაში განათებაზე დასახარჯი ელექტროენერგიის ეკონომიის სახით.

 

3. მცირდება ავტო-საგზაო შემთხვევათა რიცხვი.

 

4. გავლენას ახდენს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს განვითარებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროსთვის. „გვიან“ დაბნელება ახანგრძლივებს მათ მიერ  მოხმარებისა და ფულის ხარჯვის ხანგრძლივობას.

 

ყველა ამ მოსაზრების საწინააღმდეგო მოსაზრებებიც არსებობს, თუმცა მათი არგუმენტაცია ჯერ არ არის იმ დამაჯერებლობის, რომელიც უარს ათქმევინებდა ამ ღონისძიების გატარებაზე 70-ზე მეტ ქვეყანას.

 

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის დროზე გადასვლის სისტემას იყენებს ყველა განვითარებული ქვეყანა. 2016 წელს 78 ქვეყანა გამოიყენებს ამ სისტემას. მათ შორის ევროპის 50 ქვეყანა. (http://www.timeanddate.com/time/dst/2016.html). აშშ,გერმანია, კანადა და სხვა განვითარებული ქვეყნები ასი წელზე მეტია ამ სისტემას იყენებენ. ეკონომიკური სარგებელი აქ არ იწრიტება -ყოველწლიურად ხდება მისი განმეორებით მიღება.

 

ამ სისტემის გამოყენება დაკავშირებულია არა მარტო ეკონომიკურ სარგებელთან, არამედ იმ შესაძლებლობასთან, რასაც წარმოშობს ქვეყნის მდებარეობა. ეკვადორიდან ის დაშორება, სადაც საქართველო მდებარეობს (ჩრდილოეთის განედი 41.1-დან 43.6-მდე ). აქ დღის ხანგძლივობაში განსხვავება ზამთარსა და ზაფხულს შორის 4 – 5 საათია, რაც იძლევა ერთი საათით მანიპულირების საშუალებას, ისე,რომ მან არ მოახდინოს რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანის სასიცოცხლო ბიოლოგიურ ციკლზე, მაშინ როდესაც მას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ ციკლსა და ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

 

საქართველოში 1941 წლიდან პერიოდულად ხდებოდა ზაფხულის დროზე გადასვლა, პერიოდულად ის უქმდებოდა. 37 წელიწადი ეს სისტემა არსებობდა.

 

აქვს ამ საკითხს ერთი - ეროვნული ერთიანობის წრთობის ამოცანაც.

 

ერთი საათით ადრე ადგომაში საქართველოსთვის ერთიანდება ყველა -მდიდრებიც და ღარიბებიც და  ამ ერთიანობას აქვს მოცემულ შემთხვევაში დეკრეტული ხასიათი, მაგრამ მასში დევს ასეთი ერთიანობის წამახალისებელი გამარჯვება -გამოხატული მატერიალური მომენტით -მილიონობით ეკონომია და შესაბამისად, ქართველების გამდიდრება!

 

2016 წლისთვის ამ საკითხის გადაწყვეტა არ არის გვიან. შეიძლება ზაფხულის დროზე გადასვლა განხორციელდეს მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში, ვიდრე ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისამდე.

 

საკითხზე პასუხისმგებელი უწყებაა, ანუ დროს სტანდარტებს საქართველოში განაგებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კონკრეტულად მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო“.

 

 

ნუ გავფლანგავთ დროს და ნუ დავკარგავთ მილიონებს !

9-03-2016, 13:03
უკან დაბრუნება