ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს!
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ ქვეყნისთვის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას, რომელიც საქართველოში მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხს ეხება. სამწუხაროდ, უკვე მივედით იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა ჰქვია. პრობლემის გადაუწყვეტელობა არარეალურს გახდის ეროვნული ეკონომიკის წინსვლას, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს.
2004 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უსაფუძვლოდ, გააუქმა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და, მისი ძირითადი ფუნქციები გადაანაწილა იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს შორის. ფუნქციების ამ გადანაწილებას (გახლეჩას) შედეგი არ მოჰყოლია. მიწის აღრიცხვა და მიწის ბალანსის შედგენა დღემდე არ ხორციელდება. დღეს ვერავინ გეტყვით, თუ რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გააჩნია ქვეყანას, მათ შორის რამდენია კერძო საკუთრებაში, მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით.
2005 წლამდე ქვეყანაში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელიც შემდეგ გადაეგზავნებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს. თითოეულ რაიონში ჩატარებული მიწის აღრიცხვის საფუძველზე ხდებოდა საქართველოს მიწის ყოველწლიური ბალანსის შედგენა. მიწის ბალანსი განიხილებოდა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად და მტკიცდებოდა მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები.
მიწის ყოველწლიური ბალანსის საშუალებით სახელმწიფო აკონტროლებდა მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის, ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება-კლების დინამიკას, ქალაქმშენებლობის, გზების და სხვა საჭიროებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ.
დღეს ძნელად წარმოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც მიწის ყოველწლიური ბალანსი ან მსგავსი რამ არ კეთდებოდეს - მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს და არ აანალიზებდეს, არ აკონტროლებდეს მიწის რესურსების მოძრაობას (დინამიკას), არ იცოდეს, თუ როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, რაც აქტუალური გახდა სავარგულის თითოეულ სახეობაზე გადასახადის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო, არ ახორციელებდეს ქმედით ღონისძიებებს მიწის რესურსების რაციონალური მართვის მიზნით.
სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურების ზოგიერთი ხელმძღვანელი მიწის ბალანსს ვერ ასხვავებს მიწის კადასტრისგან და აცხადებს: რა საჭიროა მიწის აღრიცხვა, როცა გვაქვს და ვაკეთებთ მიწის კადასტრს. მიწის კადასტრი არის რეგისტრაციის მომენტისთვის მიწის ფართობის ერთჯერადი დადგენა კარტოგრაფიული და იურიდიული მდგომარეობით.
მიწის ბალანსი მიწის აღრიცხვა არის მიწის ფართობების დადგენა მიწის დანიშნულების, კატეგორიებისა და მესაკუთრეების მიხედვით. მაგალითად. მიწის ბალანსი რაიონში აღრიცხავს და აზუსტებს მთლიან ფართობს, მათ შორის რამდენი ჰექტარია სასოფლო-სამეურნეო მიწა კატეგორიების მიხედვით (სახნავი, სათიბი, საძოვარი, მრავალწლიანი ნარგავები: ვენახი, ხილის ბაღები, ციტრუსები, ჩაის ფართობები და სხვ.), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყის ფონდის მიწა, წყლის ფონდის მიწა და სხვა მიწები მესაკუთრეების მიხედვით.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხშირად აქვს ადგილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის ცნებების აღრევას – სავარგული არის მიწის ნაკვეთი, რომელიც უშუალოდ გამოიყენება პროდუქციის მოსაყვანად. სავარგულების კატეგორიებია: სახნავი, ნასვენი, მრავალწლიანი ნარგავები, სათიბები და საძოვრები; ხოლო, საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთად რეგისტრირებულ მიწებში იგულისხმება სავარგულები და ასევე, ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობები, გზები, ქარსაფარი ზოლები, არხები და ა.შ., რომლებიც ემსახურება სასოფლო-სამეურნეო წარმოებას.
საინტერესოა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც ევალება მიწის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, როგორ ადგენს ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამოქმედო გეგმას, როდესაც არ გააჩნია მიწის განვითარების ხედვა, სტრატეგია, აღრიცხვის მონაცემები და სახელმწიფო პროგრამა. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ როგორ შეიმუშავა: "სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წწ.", როდესაც არ იცის და არ აქვს დაზუსტებული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონაცემები, მათი დინამიკა კულტურებისა და საკუთრების მიხედვით.
როგორც ცნობილია, კონტროლს მიწის გამოყენებაზე უნდა ახორციელებ-დეს სახელმწიფო. მიწის ფონდის კონტროლი და მართვა მხოლოდ სახელმწი-ფოს განსახორციელებელია და ამისთვის შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურა ქვეყნის რაციონალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გარანტი უნდა იყოს.
მართალია, რეგისტრაციის შედეგად მიღებული მიწასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან და ძვირფას რესურსს, მაგრამ სრულყოფილი რეესტრის წარმოების შემთხვევაშიც კი, მარტო ამ რესურსზე დაყრდნობით სახელმწიფოს მიერ ქვეყნის მიწის პოლიტიკის განხორციელება და ეფექტურად მართვა შეუძლებელი იქნება, თუ არ იარსებებს მიწის მართვის ძლიერი სახელმწიფო ორგანო.
იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი საქმიანობა უნდა განხორციელდეს, პოლიტიკური განსჯის საგანი არ უნდა იყოს ის, თუ რომელ სამინისტროს ან ორგანიზაციას შეუძლია უკეთესად შეასრულოს მმართველის ფუნქცია – აუცილებელია შეიქმნას მიწის ადმინისტრირების მაკოორდინირებელი ორგანო (სახელს მნიშვნელობა არა აქვს, იქნება სააგენტო, სამსახური თუ სხვა), რომლის ამოცანა იქნება მიწის ადმინისტრირება – სახელმწიფო მმართველობა, სახელმწიფო ზედამხედველობა, მიწის გამოყენების კოორდინაცია, მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა – ცვლილებების ყოველწლიური ანგარიშის მომზადება. ანუ, მიწის ადმინისტრირების ორგანო უნდა ფლობდეს ძლიერ პოზიციას მთავრობაში – ერთიანი რესურსის ინფორმაციასა და ძალაუფლებას შორის ურთიერთკავშირის აუცილებლობის გამო.
ქვეყნის უპირველესი ეროვნული სიმდიდრის – მიწის – დაცვა და მისი რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვის მოწესრიგება შეუძლებელი იქნება მიწის მართვის სახელმწიფო სტრუქტურის შექმნის, მიწაზე მონიტორინგისა და მიწის კოდექსის მიღების გარეშე.
მიწის ფართობების ყოველწლიური აღრიცხვის უგულებელყოფას და მიწის კოდექსის არარსებობას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ!
იმედი გვაქვს, რომ ქმედით ნაბიჯებს გადადგამთ ამ სახელმწიფოებრივად არსებითი პრობლემის გადასაჭრელად.
პატივისცემით,
ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), დეკანოზი თევდორე (ამბროლაძე), რეზო ამაშუკელი, გია არეშიძე, რობერტ ბაბლიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, დემურ ბახტაძე, მერაბ ბოხუა, გივი ბუცხრიკიძე, მერი გაბედავა, რამაზ გახოკიძე, მამუკა გიორგაძე, რევაზ გოგოხია, როსტომ გუნთაიშვილი, ვახტანგ გურული, ავთანდილ დემეტრაშვილი, ლევან ვასაძე, მერაბ ვაჩნაძე, დავით ზარდიაშვილი, გენო კალანდია, ჯემალ კაციტაძე, გია მაისაშვილი, ბესიკ მამინაშვილი, გოგოლა მარგველაშვილი, გურამ მაქაცარია, შოთა მაჭარაშვილი, რევაზ მახარობლიძე, ანზორ მესხიშვილი, ზურაბ მიქელაძე, გრიგოლ მურღულია, ნოდარ ნათაძე, ზაურ ნაჭყებია, ოთარ ჟორდანია, ბადრი რამიშვილი, ზურაბ რევიშვილი, ნიკა სანებლიძე, ლევან სვანაძე, ავთანდილ სილაგაძე, აპოლონ სილაგაძე, ნაუმ ტურაბელიძე, თენგიზ ურუშაძე, ჯუმბერ ფანჩულიძე, ყარამან ფაღავა, ლევან ფრუიძე, ნაპოლეონ ქარქაშაძე, ომარ ქეშელაშვილი, თამაზ ყურაშვილი, თემურ შაშიაშვილი, ზვიად შვანგირაძე, რევაზ ჩაგელიშვილი, ლევან ჩაჩუა, ნიკო ჩიხლაძე, ნინო ჩიხლაძე, თინა ჩხეიძე, მურმან ცეცხლაძე, თამაზ წივწივაძე, ნოდარ ჭითანავა, მიხეილ ჭიჭაღუა, ეთერ ხარაიშვილი, ჯემალ ხაჩიძე, რამაზ ხუროძე, ელიზბარ ჯაველიძე, მიხეილ ჯიბუტი, ზაურ ჯინჯოლავა, დოდო ჯოლოხავა, პაატა კოღუაშვილი.