ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა დაპირისპირებისა და კონფრონტაციის ფორმალურ საბაბად ჩემი სახელის გამოყენების მოსალოდნელი მაღალი ალბათობის გამო 2016 წლის 16 თებერვალს გავაკეთე განცხადება ადმინისტრაციის უფროსის - კანცლერის თანამდებობაზე კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ამის შემდეგ ბოლო დრომდე, მიუხედავად მედია-საშუალებების მრავალგზის მომართვისა, თავს ვიკავებდი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე რაიმე სახის კომენტარისა და განცხადებისგან. - ჩემი ნებისმიერი განცხადება შეიძლება გამოყენებულიყო უნივერსიტეტში მხარეთა დაპირისპირების ესკალაციისა და დუღილის ტემპერატურის მოსამატებლად.
ამჟამად, მიღწეულია რა გარკვეული კომპრომისი დაპირისპირებულ მხარეთა შორის, გამოხატულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მკაფიო ნება რეფორმებისა და უნივერსიტეტის მეტი ავტონომიურობისთვის, თავს უფლებას ვაძლევ შევაფასო ის პროცესები და შავი პიარი, რომელიც ჩემს საარჩევნო კომპანიას ახლდა მიმდინარეობის მთელ მანძილზე და რომელიც არ შეჩერებულა შემდგომ პერიოდშიც.
ამ „კამპანიამ“ გამოამჟღავნა, რომ მისი მწარმოებლები მოქმედებდნენ „ნოვატორული“ იურიდიული პოსტულატებით - კერძოდ, დანაშაულობის პრეზუმფციის გამოყენებით. უაპელაციოდ, დასაბუთების გარეშე ცდილობდნენ ჩემზე „რუსეთუმეობის“ იარლიყის მოწებებას.
მე 300-ზე მეტი სტატიის ავტორი ვარ, აქედან ნახევარზე მეტი - პუბლიცისტური დატვირთვისაა, მაგრამ ვერც ერთ მათგანში ვერ ნახავთ რაიმე დითირამბებს თუ პუბლიცისტურ რევერანსებს რუსეთის ან ევრაზიული კავშირის მიმართ. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს!
სამაგიეროდ, სათანადო სურვილის შემთხვევაში, სულ ადვილადაა შესაძლებელი იოსებ არჩვაძის მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პოზიციის გაგება მისი პუბლიკაციებიდან, მათ შორის წიგნებიდან „თუ დაგივიწყო, აფხაზეთო“ და „როგორ ხალხს იმსახურებს ხელისუფლება“.
ასეთი ნების შემთხვევაში ისინი გაეცნობოდნენ ჩვენი ჩრდილოეთელი „დაუძინებელი მეზობლის“ ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე საქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებათა ავტორისეულ პირუთვნელ შეფასებას. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენის სურვილის შემთხვევაში და არა აპრიორი იარლიყების მიკერების რეჟიმში!
ოპონენტებმა საერთოდ იგნორირება გაუკეთეს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც „ი. არჩვაძე არასოდეს ყოფილა ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის წევრი და ინსტიტუტის არც სხვა რომელიმე პოზიცია დაუკავებია“, რომ „პროფესორ ი. არჩვაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რამდენიმე კონფერენციასა და მრგვალ მაგიდაში როგორც სპეციალისტს - ეკონომისტს“ და რომ იგი „არ არის და არ ყოფილა ჩართული რაიმე სახის პარტიულ საქმიანობაში“ (იხ. ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორის განცხადება (http://geurasia.org/geo/about/personali).
ჩემი ოპონენტები კი ჯიუტად, გაზეპირებული ფრაზებით ცდილობდნენ ჩემი პიროვნების რუსეთთან დაკავშირებას, ჩემზე „ევრაზიული შარავანდედის“ მორგებას...
ენას ძვალი ნამდვილად არა აქვს და ყველაფრის თქმა და დაბრალება შეიძლება. მაგრამ, როგორც ერთ დიდ მოაზროვნეს აქვს ნათქვამი, „თქვენ შეგიძლიათ აბსტრაქციის ძალით კბილის ჯაგრისი ძუძუმწოვარათა კლასს მიაკუთვნოთ, მაგრამ მას ამით სარძევე ჯირკვლები არ ამოუვა“!
ცნობილია: როდესაც ფაქტები ერთს ამტკიცებენ, ხოლო დასკვნები აბსოლუტურად საპირისპირო კეთდება, მაშინ ორიდან ერთია: ან მიზანმიმართულ პოლიტიკურ სპეკულაციას აქვს ადგილი, ან ფსიქიკის ისეთ მდგომარეობას, რომელსაც სამედიცინო ენაზე სავსებით კონკრეტული სახელი ჰქვია.
მკითხველი, მოაზროვნე საზოგადოება ადვილად მიხვდება, თუ რასთან გვაქვს საქმე!
დარწმუნებული ვარ, ვნებათღელვა გადაივლის, ყველაფერი დაიწმინდება და გაირკვევა, მათ შორის „ბრალეულთა“ და „მბრალდებელთა“ პოლიტიკური ორიენტაციის და გემოვნების საკითხიც. შიშველი „პატრიოტული სიფხიზლით“ საკუთარი თავზე „ციციკორეს“ როლის მორგებას კი არავის ვურჩევ, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს. არ შეიძლება ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად საკუთარი თავის წარმოჩენა და მით უფრო, პროფესიად გადაქცევა. როგორც ერთ დიდ ქართველს აქვს ნათქვამი, პატრიოტიზმი არაა პროფესია, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. უნივერსიტეტი კი ამის საუკეთესო ადგილი და შესაძლებლობაა, თუკი საამისო ნება, დრო, ძალა და ენერგია გაგვაჩნია!..
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის ნამდვილად წმინდა, ერთიანი, მომავალზე ორიენტირებული, ეროვნული იდეის მატარებელი დაწესებულებაა და არა ინტრიგებისა და დაპირისპირების პოლიგონი. ღრმად მწამს, კონფრონტაციაში შესულ უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს, სტუდენტსაც, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსაც, საკუთარ თავში უფრო მეტად რომ ყვარებოდათ უნივერსიტეტი, ნაცვლად საკუთარი თავის სიყვარულისა უნივერსიტეტში - პრობლემები გაცილებით ნაკლები ძალისხმევითა და ვნებათღელვით გადაიჭრებოდა.
იმედს ვიტოვებ, რომ უნივერსიტეტის ერთიანი საგანმანთლებლო, ეროვნული, პატრიოტული და სახელმწიფოებრივი იდეის გარშემო მოხდება ყველა უნივერსიტეტელის კონსოლიდაცია და ნებისმიერი პრობლემის დაძლევის გზების ძიება - მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის, და არა კონფრონტაციის რეჟიმში.
იმედს ვიტოვებ იმაზეც, რომ ცილისწამებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების „შემოქმედ“ პირთათვის სინანულისა და შენდობის გრძნობები იმაზე უცხო და მიუღებელი არ აღმოჩნდებიან, ვიდრე მათ მიერ ბოლო დღეებში უნივერსიტეტის უკეთესი მომავლის იდეაში ასე საჯაროდ და გულუხვად კონვერტირებული სამართლიანობისა და პატრიოტიზმის ცნებები.