ივერიონი / ეკონომიკის განვითარების რეალური პერსპექტივა თუ მიზანს აცდენილი ტრანსფორმაცია...

ეკონომიკის განვითარების რეალური პერსპექტივა თუ მიზანს აცდენილი ტრანსფორმაცია...

მოგების გადასახადის დაბეგვრის ესტონური მოდელი: 

 

(კითხვები, მოსაზრებები და წინადადებები განსჯისთვის)

                                                           

იური პაპასქუა

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი

სულიკო ფუტკარაძე 

ბიზნესის მართვის აკადემიური დოქტორი

 

ჩვენი დროის მთავარი გამოწვევა ეკონომიკის გამოცოცხლება და, შესაბამისად, უმუშევრობის შემცირებაა. ამ მრავალფაქტორიანი ამოცანის გადაწყვეტის ყველა შემადგენელი განუყრელადაა ერთმანეთზე დამოკიდებული. ეკონომიკის გამოცოცხლებისკენ მიმართული ღონისძიებები ადექვატურად აისახება დასაქმებაზეც. 

თავის მხრივ, დასაქმება ზრდის მოსახლეობის მსყიდველობით უნარიანობას, მოთხოვნებს და ქმნის ეკონომიკის აღმავლობის მოტივაციას. ეკონომიკური თეორიის ამ ანბანურ საწყისებში მრავალგზის ნაცადი გამოცდილებით დადასტურებულია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტიმულირების ზიგზაგები საგადასახადო კანონმდებლობაზეც გადის. 

 

შეიძლება ითქვას, საგადასახადო კანონმდებლობა „ჯადოსნური სარკეა“, ჩაიხედავ და კარგად ჩანს ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვის უნარი, სტრატეგიული ხედვა, სულისკვეთება,  ფასეულობებისადმი დამოკიდებულება, მემარჯვენე, მემარცხენე, დასავლური თუ ნებისმიერი სახის ორიენტაცია. შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ყოველი მორიგი საჭეთმპყრობელი განზრახულობათა რეალიზაციას დაბეგვრის მექანიზმების მორგებით ცდილობს. 

საქართველოში საგადასახადო სისტემის გარდაქმნის ექსპერიმენტები 1996 წლიდან კოდექსის შემოღებით დაიწყო და დღემდე გრძელდება. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების ნაწილი საარჩევნო ციებ-ცხელებასთან იყო მიბმული, ნაწილს კერძო ინტერესები ლობირებდა, ხოლო გარკვეული ნაწილი ობიექტურმა გარდაუვალობამ განაპირობა.  

ექსპერტთა ერთი ნაწილი განვლილი ორი ათეული წლის მანძილზე განხორციელებულ ცვლილებებსა თუ რევოლუციურად მონათლულ რეფორმებზე განსხვავებულ პოზიციას (მათ შორის, მკვეთრად ნეგატიურს) ჯერ კიდევ მათ მიღებამდე აფიქსირებდა. უმეტეს შემთხვევაში, ოპონენტთა პროგნოზები გამართლდა - პრაქტიკამ და შედეგებმა დაადასტურეს აგრეთვე გამოთქმული შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობის მართებულებაც. წინდახედულობის გამოვლენის და მათი, თუნდაც ნაწილის, გათვალისწინების შემთხვევაში, ცხადია, გადამხდელთათვის უფრო დახვეწილი საკანონმდებლო ბაზა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო ჩამოყალიბდებოდა.

სავსებით გასაგებია, რომ ყველასთვის მოსაწონი, ან იდეალურად სრულყოფილი საგადასახადო სისტემა არცერთ ქვეყანაში არ არის. ინტეგრაციისა და გლობალიზაციის გარდაუვალ პროცესში შესაბამისი გარდაქმნები აუცილებელიცაა. გონივრული ხედვის, საუკეთესო პრაქტიკის ან გამოცდილების გაზიარება ყოველთვის დადებით გადაწყვეტილებად აღიქმება, თუმცა ამ პრაგმატულ დინამიკაში საგადასახადო კანონმდებლობა გამონაკლისია, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე უნდა იყოს გათვლილი და ხშირ ჩარევებს განერიდოს. 

რიგით მესამე საგადასახადო კოდექსში უკვე ასეულობით შესული ცვლილებებისა და  განსაკუთრებით, გასული წლის მიწურულს განხორციელებული ცვლილებათა სერიის შემდეგ, ახალი წლის დასაწყისიდან დღემდე კვლავ აქტიურად ამზადებდენ ახალ ექსპერიმენტს - კერძო ბიზნესისთვის გადასახადების შემცირების თაობაზე - მთავრობა მოგების დაბეგვრის ესტონური ვარიანტის საქართველოში ადაპტირებაზე მუშაობს. 

ინიციატივა პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიეწერა, თუმცა რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან განთავისუფლებაზე ადრეც მსჯელობდნენ. მეტიც, მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირება ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში უკვე განთავისუფლებულია მოგების გადასახადისგან. რამდენიმე წლიანი პრაქტიკისა და შედეგების ანალიზის გარეშე, მთავრობამ მყარად გადაწყვიტა გააგრძელოს მოგების გადასახადისგან განთავისუფლების არეალის გაზრდა და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა კიდეც კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

თანდართულ განმარტებით ბარათში გაცხადებული ვერსიის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანია ქვეყანაში  ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის დაწყებისა და წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გადასახადების ადმინისტრირების სრულყოფა, აგრეთვე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალების იმპორტის ხელშეწყობა, საგადასახადო კონტროლის და დავის პერიოდში სადავო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების სრულყოფა და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა“. 

ყველა შესწორებისთვის თითქმის უცვლელი ამ დეკლარირებული მიზნის შინაარსიდან ჩანს, რომ ცვლილებათა სპექტრმა უნდა მოიცვას, როგორც საგადასახადო პოლიტიკა, ასევე გადასახადების ადმინისტრირებასაც. ორივე მიმართულებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ისეთ ინიციატივებს, რომელთაც აქვთ  ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ ორიენტირებული არსებითი სახის ცვლილებების პრეტენზია, კერძოდ, განსაზღვრულია რეინვესტირებული მოგების გათავისუფლება გადასახადისაგან. რეზიდენტი საწარმოსთვის და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი  დაწესებულებისთვის  მოგების  გადასახადით  დაბეგვრის ობიექტი  იქნება: გაცემული დივიდენდები, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; კოდექსით დადგენილ ზღვრულ მოცულობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი;

კანონპროექტის მიღების შემდგომ, „ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის გამოყენებით ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევის (სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენების) შედეგად მიღებული შემოსავალი არ აისახება ფიზიკური პირის ერთობლივ შემოსავალში“;

შეღავათებით ვერ ისარგებლებენ: კომერციული ბანკები, სადაზღვევო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები (ეს ორგანიზაციები ისედაც სხვისი რესურსებით საზრდოობენ), აგრეთვე ის ორგანიზაციები,  რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება და შესაბამისად მას არ ანაწილებენ. დაბეგვრის  რეჟიმი  არ  ეცვლებათ  იმ პირებსაც,  რომლებიც  მოგებას  იღებენ „ნავთობისა და  გაზის  შესახებ“ საქართველოს კანონით 1998 წლის 1 იანვრამდე დადებული ხელშეკრულებებით განხორციელებული ნავთობისა  და  გაზის  ოპერაციების  შედეგად და ტოტალიზატორის  სისტემურ-ელექტრონული  ფორმით  მომწყობ  პირებს (თუმცა ეს პოზიცია შეიძლება ჯერ კიდევ გადაისინჯოს. ბიზნესის წარმომადგენლებთან ქვეყნის პრემიერ მინისტრის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ, მის ინტერვიუში გაჟღერდა, რომ აღნიშნული შეღავათები კომერციულ ბანკებზეც გავრცელდებაო). 

კანონპროექტის მიხედვით, უქმდება ის ნორმა, რომლის თანახმადაც ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარებოდა სახელმწიფოსთვის  ან/და  ადგილობრივი  თვითმმართველობისთვის  იმ საწარმოს  კაპიტალიდან  აქტივების  გამოტანა,  რომლის  წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი  თვითმმართველობის საკუთრებაშია;

წინამორბედი რამდენიმე შესწორებისა და დამატების შემდგომ, ესტონეთის მსგავსად, საგადასახადო კოდექსიდან ახლა მთლიანად ამოიღებენ მუხლს სუსტ კაპიტალიზაციაზე;

გამოსაქვითი ხარჯების სტრუქტურაში არ მოიაზრება მიკრო  ბიზნესის  სტატუსის  მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი,  აგრეთვე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;

ცვლილებები შეეხება საერთაშორისო დაბეგვრისაა და გადასახადებისგან თავის არიდების აღკვეთის ნორმებსაც და კანონის მიღების შემდგომ საწარმოს შეეძლება ჩაითვალოს საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი შესაბამისი საგადასახადო წლისთვის ამ მოგებაზე საქართველოში გადასახადის გადახდისას, შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის  საქართველოში არსებული წყაროდან. ხოლო საწარმო, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება მოგების განაწილებისას, უფლებამოსილი იქნება გაცემულ დივიდენდის მიხედვით მოგების  გადასახადის გადახდისას შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის ჩაითვალოს  საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი, იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან.

ორივე შემთხვევისთვის, ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა  აღემატებოდეს  გადასახადების იმ თანხების ოდენობას, რომლებიც დარიცხული იქნებოდა  საქართველოში  ამ  მოგებაზე  საქართველოში  მოქმედი  წესითა  და განაკვეთებით;

სხვა ინიციატივებთან ერთად, საყურადღებოა ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირებაში, მათ შორის, კანონპროექტი ითვალისწინებს ძირითადი საშუალების იმპორტზე დღგ-ის გადახდის ვადის გადავადებას. იმპორტიორს, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში არ მოუწევს იმპორტისას დღგ-ის გადახდა. პირდაპირ ცხადდება, რომ სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე. სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს უფლება არ ექნება, ყადაღა დაედოს: პირის ქონებას; პირის საბანკო ანგარიშებს, სადავო საგადასახადო დავალიანების ფარგლებში;

დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო ჯარიმა არ დაეკისრება პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული დეკლარაცია/გაანგარიშება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე; 

კანონპროექტი ითვალისწინებს საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას: კერძოდ, ჩამოიწერება 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; 

კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს „წინასწარი გაანგარიშებებით 2011 წლამდე წარმოშობილი 69700 გადასახადის გადამხდელის 1 410 407 433,2 ლარის დავალიანება ჩამოიწერება და 2013 წლამდე წარმოშობილი დავალიანებიდან ძირითადი გადასახადის 339 513 617 ლარი გადახდის შემთხვევაში 27 380 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერება სანქციები 623 570 423 ლარის ოდენობით“. ამასთან, „კანონპროექტის მიღება სავარაუდოდ 400 მლნ. ლარით შეამცირებს 2016 წლის საბიუჯეტო შემოსავლებს“. 

ამ ძირითადი არსობრივი წარმოდგენის გარდა, ცხადია, კანონპროექტის ყოველ დეტალს აქ არ გავიმეორებთ (დაინტერესებულ პირს შეუძლია ის ორიგინალში იხილოს) და არც მუხლობრივ კომენტარებს გავაკეთებთ. შევჩერდებით იმ გვერდით მოვლენებზე, რაც ამ ახალ ინიციატივას შეიძლება აედევნოს და შესაბამისად, შედეგიც ფატალური დადგეს.

გულდასმით წაკითხვის შემდეგ აშკარად რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს კანონპროექტი წინამორბედებისგან განსხვავებით მეტი დაკვირვებითაა შედგენილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. ესტონური მოდელის შესწავლაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ხანგრძლივად მუშაობდა. ქართული დელეგაცია ესტონეთში აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებას დეტალურად გაეცნო. გარდა ამისა, პროცესებში ჩართული იყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომლის მხარდაჭერითაც მომზადდა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის მიხედვით რეფორმის გავლენის შეფასების დოკუმენტი. პროექტის მომზადებაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი ისე ესტონელი ექსპერტები. 

ასეთი შთამბეჭდავი ანონსის მიუხედავად, დაბეგვრის წარმოდგენილი ვარიანტი „სასწაულად“ შერაცხული მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ანალოგი სულაც არ არის - შეიძლება ითქვას, მოცემული ვერსიისთვის გამოყენენულია უცხოური მოდელის მხოლოდ ელემენტი, დანარჩენი კი ინტერპრეტაციაა საეჭვო პერსპექტივით!

კანონპროექტი უკვე განიხილეს ბიზნესწრეებში და უმეტეს შემთხვევაში, მასზე პოზიტიური გამოხმაურებები გამოითქვა, რაც არცაა გასაკვირი. სავსებით გასაგებია, გადასახადის გადამხდელი დადგენილ გადასახადს (მცირე განაკვეთსაც კი) სიამოვნებით არ იხდის. ბუნებრივია, კმაყოფილებით შეხვდება ყოველგვარ შეღავათს, მით უმეტეს, გადასახადისგან განთავისუფლებას.

დაბეგვრის მექანიზმების გარკვეულ დონემდე ლიბერალიზაციას მნიშვნელოვანი სიკეთის მოტანა, მართლაც, შეუძლია, თუმცა, წახალისების ფორმებს, არაიმპულსური მიდგომა, არამედ შერჩევა და სტრატეგიული გააზრება სჭირდება - გადასახადების ყოველი შემცირება ამავდროულად ეფექტური საგადასახადო სისტემის იდენტობას არ ნიშნავს. 

მთავრობას კი მიაჩნია, რომ ინიცირებული ფორმით მოხერხდება ქვეყნის ბიუჯეტის სრული ფორმირება, ხელი შეეწყობა სამეწარმეო აქტივობას, ბიზნესის განვითარების ხარჯზე გაიზრდება საგადასახადო ბაზა, საგადასახადო სისტემა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მექანიზმად იქცვა, ბიზნესის დაწყებისა და წარმოებისთვის ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი, ახალ, პოტენციურ ინვესტორებს გაუჩნდებათ დაინტერესება საქართველოსადმი. 

არის ამაში რაღაც რაციონალური მარცვალი, მაგრამ მოდით, ვნახოთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, რას გვპირდებიან, რას მივიღებთ?!

 

რას წარმოადგენს ესტონური „ეკონომიკური სასწაული“

 

ჩრდილოეთ ევროპაში ბალტიისპირეთის ამ პატარა ქვეყნის (ტერიტორია მოიცავს სულ 45227 კმ²-ს, მოსახლეობა 1 მილიონ 300 ათასია) ეკონომიკის აღმავლობაზე და განსაკუთრებით, საგადასახადო რეფორმების მიღწევებზე ბევრს საუბრობენ.

ეკონომიკური წინსვლა მართლაც, სახეზეა, გამორჩეულია მისი საგადასახადო თავისებურებები, მაგრამ მასზე, როგორც საგადასახადო სისტემის მოდელზე, აქედანვე შეიძლება ვთქვათ, რომ გადაჭარბებულია წარმოდგენის შექმნა. ევროკავშირში მან, ცალკეული ეპიზოდების და შედეგების დადებითი შეფასების გარდა, სამაგალითო ყურადღება ვერ დაიმსახურა და ვერც ფართო გავრცელება ჰპოვა. 

თვით ესტონეთშიც კი, 2005-2007 წლებში ეკონომიკის მკვერი ზრდისა და მაღალი პროცენტების მიუხედავად, მშპ-ის წლიური ზრდის ტემპი ბოლო წელს ერთიანის ნიშნულზე დაბალია და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც ვერ მოხერხდა.

ამჟამად, მთლიანი საგადასახადო ტვირთი ესტონეთში ცოტათი ნაკლებია ევროკავშირთან შედარებით, მაგრამ გაცილებით მაღალი და მძიმეა, ვიდრე, საქართველოში. ამასთან, შრომის ანაზღაურების დაბეგვრაც და აქციზზე გადასახადი იქ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროკავშირში. 

მაგალითად, თუ საქართველოში ხელფასი და სხვა სარგებელი იბეგრება 20 პროცენტით, ესტონეთში მოქმედებს სოციალური გადასახადიც (33 %), უმუშევრობის გადასახადიც (0,5 %) და საშემოსავლო გადასახადთან (22 %) ერთად ჯამში 55,5 % შეადგენს. საქართველოში დივიდენდზე საშემოსავლო გადასახადი 5 %-ია, ესტონეთში კი 4,2-ჯერ მეტი (21 %). ესტონეთში ქონების გადასახადი დაწესებულია მიწაზე და არა მიწასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობების ღირებულებაზე. გარდა ამისა, ესტონეთში გაუქმებულია ქონების ანდერძით გადაცემის გადასახადი, არც გადარიცხვებზე მოქმედებს დაბეგვრა და არც ფინანსურ ტრანზაქციებზე, როგორც ეს არის, მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სხვა ქვეყნებში.

ესტონეთში ნებისმიერი სახის (მცირე, საშუალო და მსხვილ) კომპანიას თანაბარი უფლება აქვს მოგების ხარჯზე, შეუზღუდავად განახორციელონ რეინვესტიცია - გააფართოონ, გადააიარაღონ წარმოება ან საბანკო დეპოზიტზე შეინახონ თანხა. საანგარიშო პერიოდად დაწესებულია კალენდარული თვე. 

ამდენად, კომპანიებს თავისუფლად შეუძლიათ წლის განმავლობაში არაერთხელ შეცვალონ მოგების განაწილების გეგმები თუ საინვესტიციო პროექტები. ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის საქმიანობასთან, ექვემდებარება გამოქვითვას და თავისუფალია გადასახადებისგან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი (მოგება) საერთოდ არ დაიბეგრება. იბეგრება მხოლოდ აქციონერებზე/მეწილეებზე განაწილებული მოგება (21 %-ით). მაგალითად, თუ კომპანიის მოგება შეადგენს 1000 ევროს და აქედან 100 ევრო განაწილდა, ბიუჯეტში გადასახადს ექვემდებარება ამ თანხის 21 % - 21 ევრო. დანარჩენი 900 ევროთი იზრდება ბიზნესის ღირებულება, შესაბამისად, მეწილეების მოგებაც, მაგრამ ეს მოგებაც  პოტენციურად იბეგრება, მათ მიერ წილის გაყიდვის შემთხვევაში.  

ასეთი მიდგომის შედეგად, კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაიზარდონ აქტივები, კაპიტალი და, აქედან გამომდინარე, ამაღლდა ინვესტიციების განხორციელების მოტივაციაც.

ესტონური საერთო წარმატების აღსაქმელად მცირე ექსკურსიცაა საჭირო. დავიწყოთ იქიდან, რომ ესტონური საგადასახადო კანონმდებლობისა და ადმინისტრირების მთავარი დამახასიათებელია სიმარტივე, რაც დეკლარაციის შევსებისას თითქმის გამორიცხავს შეცდომების დაშვების ალბათობას, ნაკლებ კითხვებს ბადებს კომპანიების საგადასახადო შემოწმებისას, საურავებისა და ჯარიმების დარიცხვისთვისაც არ ქმნის ნოყიერ ნიადაგს. გადასახადების დეკლარირება მთლიანად ელექტრონულად ხორციელდება და სრულად თავსებადია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან. გაუქმებულია ყველა სახის სპეციალური საგადასახადო შეღავათი (მოგების გადასახადის მიზნებისათვის). არ არსებობს უძრავ/მოძრავი ქონების ამორტიზაციის დაანგარიშების აუცილებლობა. გადასახადებისგან თავის არიდების საწინააღმდეგო რეგულაციებიც, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, აქ ბევრად მარტივია. საერთოდ არ არსებობს ე.წ. „სუსტი კაპიტალიზაციის“ მარეგულირებელი ნორმები, ხოლო საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების რეგულირება შეესაბამება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების საერთო წესებს. საგადასახადო ადმინისტრირება ხორციელდება რისკების მართვის პროგრამით, მკაცრად კონტროლდება გადასახადების დამალვის შემთხვევები, სანქციები კი მეტად მაღალია.

ესტონეთის „ეკონომიკური სასწაულის“ განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის გადამწყვეტი წინაპირობაა კანონის უზენაესობა, სტაბილური ბიზნესგარემო, კორუფციის დაბალი დონე, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ინვესტიციების დაცულობის მყარი გარანტიები, მცირე ბიუროკრატია, სახელმწიფოს თანამიმდევრული და კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა. ამ მართლაც, შთამბეჭდავ უპრატესობებში, საგულისხმოა, რომ ესტონეთში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების დონე და ხარისხიც ძალზედ მაღალია.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო რეფორმები ესტონეთმა ეკონომიკურად უმძიმეს და უმწვავესი გარედაპირისპირების პრობებში, საკუთარი მომავალისთვის პასუხისმგებლობის აღებაზე მოსახლეობის შთაგონებით და კერძო საწარმოებისთვის აუცილებელი ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების შექმნით დაიწყო. უარი თქვა დიფერენცირებულ გადასახადებზე და ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი ფიქსირებული ტარიფით განსაზღვრა. წრფივი საშემოსავლო გადასახადი ჯერ კიდევ 1994 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

 შეზღუდულ კონტროლზე აგებული კანონმდებლობის მიღებამ მკვეთრად შეასუსტა ბიუროკრატია და ახალი კომპანიებისთვის შევიწროების (მარწუხებში მოქცევის) შესაძლებლობა მას პირწმინდად წაართვა. მთავარი წარმატება კი განსაზღვრა საგადასახადო ბაზის მაქსიმალურად გაფართოებამ, გადასახადის გადასახადისაგან გადამხდელთა მინიმალური რაოდენობის განთავისუფლებამ, საწყისი ეტაპისთვის დაბალმა საგადასახადო ტარიფებმა და გადასახადებისთვის თავის არიდების სტიმულის უკიდურესად დაქვეითებამ. შედეგად, სახელმწიფო საგადასახადო შემოსავლებმა სწრაფად დაიწყო ზრდა. კომერციული იურიდიული პირების მოგების გადასახადის რეფორმა მოგვიანებით, უკვე 2000 წლიდან შევიდა ძალაში.

ზოგადად, გამოყენებაშია რეინვესტირებული მოგების გადასახადიდან  განთავისუფლების ორი სახე. პირველ შემთხვევაში, რეინვენსტიცია შეზღუდულია გარკვეული ვადით, ხოლო, მეორე შემთხვევაში, რომელიც ესტონეთმა აირჩია, მეწარმის მიერ არ ხდება იმის დადასტურება, თუ რაში გააკეთა მან მიღებული მოგების რეინვესტირება და მისი გადაწყვეტილება არ იბოჭება. 

ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ესტონეთმა მოახერხა არ აეღო ვალი და სწორედ 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ევროკავშირის ბიუჯეტიდან მიიღო ფინანსური დახმარება 4.5 მილიარდი ევროს ოდენობით, რაც ძირითადად ავტომაგისტრალების  მშენებლობას,  უმუშევრების  გადამზადებას,  განათლებაში ინვესტიციებს მოხმადდა და დადებითად იმოქმედა ეკონომიკურ აღმალობაზე.  

ამდენად, ესტონეთის „ეკონომიკური სასწაული“ ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობელი ფაქტორთა ერთობლიობამ განსაზღვრა, პირველყოვლისა, ხელისუფლების თანმიმდევრულმა, მიზანმიმართულმა, დაბალანსებულმა, პოზიცია /ოპოზიას შორის შემთანხმებლურმა პოლიტიკამ და მისი შეფასების დროს არ კმარა ცალკე ერთი, მოგების გადასახადის ნიმუშად მოყვანა, მით უმეტეს, მასზე მიბაძვა კომპლექსური სხვა შემადგენლების გათვალისწინების გარეშე, საფუძვლიან წარმოდგენას ვერ შექმნის და დასკვნებიც გამრუდდება.

 

როგორია გადასახადების რეალური ბუნება და ვინაა ფაქტობრივი

გადამხდელი

ეკონომიკურ თეორიაში გადასახადის ეკონომიკური არსი, ფუნქციები და დანიშნულება საკმარისად შესწავლილია. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსში გადასახადი განმარტებულია, როგორც სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, არცერთი გადასახადის გადამხდელი მეწარმე სუბიექტი არაა და მას ფაქტობრივად რეალიზებული პროდუქციის/მომსახურების თუ შესრულებული სამუშაოს უშუალო მომსმარებელი მოსახლეობა იხდის.

საქართველოში მოქმედ გადასახადების ჩამონათვალში სულ ექვსი გადასახადია, მათ შორისაა: საშემოსავლო გადასახადი; მოგების გადასახადი;ამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); აქციზი; იმპორტის გადასახადი და ქონების გადასახადი.  აქედან, საშემოსავლო გადასახადს იხდიან მეწარმე ფიზიკური პირები და დაქირავებული პერსონალი. მათი შრომის ანაზღაურება გამოსაქვითი ხარჯია და აისახება ფაქტობრივად რეალიზებული პროდუქციის/მომსახურების თუ შესრულებული სამუშაოს თვითღირებულებაში; მოგების გადასახადი მეწარმე სუბიექტის შემოსავლებასა და ამ შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული და მომხმარებლისგან ანაზღაურებული დანახარჯების სხვაობის მცირე ნაწილია, რომელსაც მეწარმე სუბიექტი ბიუჯეტში რიცხავს; დღგ და აქციზი ისედაც არაპირდაპირი გადასახადია და მასაც მომხმარებელი იხდის; იმპორტის და ქონების გადასახადებიც თვითღირებულებაში შედის და იმათაც მომხმარებელი იხდის; ძირითადი საშუალებების და ყველა სხვა აქტივების ღირებულებასაც (ცვეთის კვალობაზე) მომხმარებელი იხდის.

ამრიგად, ბიზნესს წარმოების და გაფართოებული კვლავწარმოების ყველა დანახარჯს მომხმარებელი (მოსახლეობა) უნააზღაურებს და აქედან, მეწარმე სუბიექტი ასრულებს რა საგადასახადო აგენტის ფუნქციას, მიღებული თანხის მხოლოდ ნაწილს უთმობს ბიუჯეტს გადასახადების სახით. გადასახადების გადასახადისგან განთავისუფლებით კი საბოლოო ჯამში, უფრო მეტად ბიზნესის მეწილეების მოგება (წილის ღირებულება) იზრდება. თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ბიზნესის მეწილეებიც მომხმარებლები არიან და ამგვარად მონაწილეობენ საერთო სიკეთეების გადანაწილების პროცესში, მათი განსაკუთრებული შეღავათი ისაა, რომ ისინი ბიზნესის ორგანიზებისთვის გადასახადების გადაუხდელად იზრდიან კაპიტალს (რეალურ და პოტენციურ შესაძლებლობას ახალი უპირატესობის მოსაპოვებლად), ხოლო სხვა მომხმარებლები კი იხდიან გადასახადებს უპირატესად სხვისი კეთილდღეობის ასამაღლებლად და მხოლოდ ამის შემდგომ - პირადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ფაქტობრივად, რეინვეტირებულ მოგებაზე გადასახადის მოხსნით ხელი ემართებათ მდიდარ გადამხდელებს, რომელთა კაპიტალი პირადი მოხმარების ხარჯებზე გაცილებით მეტია.  

 

რა პრაქტიკულ შედეგებთან და პრობლემებთან გვექნება საქმე

  

 რატომაა მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი მიმზიდველი, ან მიზანს აცდენილი ტრანსფორმაცია? 

როგორც უკვე ავღნიშნეთ, იგეგმება მოგების გადასახადის ესტონური ვარიანტის ცალკეული ელემენტების გადმოღება, რაც მიმზიდველად ჩანს და ბიზნეწრეებმაც დადებითად აღიქვეს. 

ცნობილია ისიც, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა გარკვეულად შეიცავს მოგების გადასახადის ესტონური ვარიანტის ელემენტებს: სამედიცინო დაწესებულებისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირება ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში უკვე განთავისუფლებულია მოგების გადასახადისგან; დაშვებულია ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვა (გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილი აქტივების ღირებულებისა), თუმცა ეს უკანასკნელი შეზღუდულია 5 წლიანი ვადით და იგი არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებსაც ამორტიზაცია არ ერიცხება.    

არსებითი სირთულე, რაც ამ პროექტს შეიძლება აედევნოს, მისი განხორციელების შესაძლებლობაშია. ესტონური საგადასახადო კანონმდებლობის სრული ადაპტირება, მისი წინარე პირობებიდან და შემადგენელი კომლექსური ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენი პირობებისთვის შეუძლებელია. ამიტომ ცხადია, გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული არსებული სიტუაციისთვის ცალკეული ელემენტის მორგება და თავსებადობა. რა თქმა უნდა, საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის გარდა, შესაცვლელი იქნება (ალბათ შეიცვლება) კანონქვემდებარე აქტებიც, რაც დღეს ხელთ არ გვაქვს და ამდენად, ძნელია პროექტის მთლიანობაში შეფასება, მაგრამ თუ ის კანონის ძალას შეიძენს, რა შედეგებთან გვექნება საქმე, რამდენად ხელსაყრელი და მისაღები იქნება იგი გადამხდელთათვის, რა შესაძლო პრობლემები იფუთება აღნიშნული ცვლილებების უკან, ამის დანახვა განჭვრეტით და ნაწილობრივ, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზეც შეიძლება! 

ვთქვათ, მეწარმის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს n ლარს, გამოქვითვები საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად კი m ლარს. პირობითად ჩავთვალოთ, რომ მიღებული დასაბეგრი მოგება (შემოსავალი), n - m  100 ლარის ტოლია. 

ამჟამად მოქმედი საგადასახადო ნორმების შესაბამისად, ინდმეწარმისა და იურიდიული პირის შემთხვევებში აღნიშნული მოგება (შემოსავალი) შემდეგნაირად  იბეგრება:

ა). აღნიშნულ შედეგის გათვალისწინებით, მეწარმე ფიზიკურ პირს ბიუჯეტში გადასახდელად ეკისრება საშემოსავლო გადასახადი (100 X 20%) - 20 ლარი,   რომელსაც ის გადაიხდის სახელმწიფოს სასარგებლოდ, ხოლო ამ ფიზიკური პირის  განკარგულებაში დარჩება  80 ლარი;

ბ). ვთქვათ, ამ ფიზიკურმა პირმა, იქიდან გამომდინარე, რომ ინდ. მეწარმე საგადასახადო ვალდებულებების დაგროვების შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებთ, მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტა იგივე ეკონომიკური საქმიანობა განახორციელოს იურიდიული პირის მეშვეობით  და დააფუძნა შპს 100 პროცენტიანი წილით. ამ შემთხვევაშიც, იურიდიული პირის მიერ  მიღებული დასაბეგრი მოგება (n – m ) იქნება 100 ლარი და ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახადას ექვემდებარება (100 X 15%) ე.ი. 15 ლარი და   გასანაწილებელი მოგების სახით დარჩება (100 - 15) 85 ლარი. თუ აღნიშნული მოგება სულ დივიდენდად განაწილდება, დაიბეგრება 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით (85 X 5%) და აქედან ბიუჯეტი მიიღებს  4,25 ლარს. 

გამოდის, რომ იურიდიული პირი (შპს) ბიუჯეტში გადაიხდის 19,25 ლარს (მოგების გადასახადს 15 ლარს + დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი 4,25 ლარი), ხოლო ამ იურიდიული პირის (შპს-ის) დამფუძნებელი ფიზიკური პირის განკარგულებაში დარჩება სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული სარგებლი 80,75 ლარის ოდენობით.

როგორც ხედავთ, საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის შემთხვევაში, ერთდაიგივე პირობებში, ერთდაიგივე ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი არათანაბრად იბეგრება. ინდ. მეწარმის სტატუსის მქონე პირს სახელმწიფოს სასარგებლოდ მოგების (შემოსავალის) სახით მიღებული ყოველი 100  ლარიდან  0,75 ლარით მეტის გადახდა უხდება, ამასთან, თუ ინდ. მეწარმეს დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულება დაუგროვდება, იგი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს და მაღალია იმის რისკი, რომ მთელი თავისი ქონება დაკარგოს,  ხოლო შეზღუდული პასუხისმგებვლობის საზოგადოების  შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ საზოგადოების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული  აქტივებით იფარგლება.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის პირვანდელი რედაქციის  მიხედვით, კიდევ უფრო უარესდებოდა გადასახადის გადამხდელის მდგომარეობა, მაგრამ, როგორც ჩანს, პროექტის ავტორებს მოუწიათ მასში შესწორების შეტანა და  საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე განთავსებულ კანონპროექტის თანახმად, სსკ-ის 98- ე მუხლის მე-3 ნაწილი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: 

,,3. ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტისთვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის თანხის 0,85-ზე გაყოფის შედეგად.“

აღნიშნულმა არსებითად შეცვალა შედეგი, თორემ პირვანდელი რედაქციის  დატოვება გადასახადების ლიბერალიზაციას  მთლიანად დაჩრდილავდა.

მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი რეჟიმიდან გამომდინარე, კარდინალურად იცვლება დეკლარაციის წარდგენის ვადები და სსკ-ის 153-ე მუხლში (დეკლარაციის წარდგენა) მე-10 ნაწილის შესაძლო შეტანის შესაბამისად, „საწარმო და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა  საგადასახადო ორგანოს  წარუდგინოს დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ და საანგარიშო თვის მიხედვით  გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და  დაკავებული  გადასახადის შესახებ“.

პროექტის მიხედვით, გამოქვითვას არ ექვემდებარება მიკრო ბიზნესის,  ფიზიკური და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებისგან შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება. გადამხდელთა ეს კატეგორია, რატომღაც კვლავ ამოვარდნილი რჩება საერთო სივრციდან და მათ არავინ თვლის ხელგასაწვდელ ძალად. ამდენად, სავსებით ბუნებრივად ჩნდება კითხვა: მიკრო ბიზნესის, ფიზიკური და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებისგან შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება რატომ უნდა მიეკუთვნოს დივიდენდებს ან რატომ არ უნდა გამოიქვითოს? თუ ინვესტირებულ მოგებაზე გადასახადი უქმდება, ასეთი პირები რატომ არიან გამონაკლისი და სხვამ რატომ უნდა გადაიხადოს მოგების გადასახადი? - ამ პოზიციას ახსნა არ აქვს;

პროექტით გათვალისწინებული შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებში გადახდილი თანხების დაბეგვრის პირობაც ბადებს შეკითხვებს და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, ვინაიდან, ასეთ ქვეყნებში შეძენილი საქონელი და მომსახურება შეიძლება ბევრად იაფი იყოს, ვიდრე, სხვა ქვეყნებში. მაგალითად: არაბთა გაერთიანებულ ემირატებში შეძენილი საქონელი გაცილებით იაფია და ასეთი ბაზრის შეზღუდვა უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე;

პროექტის მიხედვით, განაწილებულ მოგებაზე (დივიდენდზე) გადასახადის განაკვეთის ზრდა არ არის გათვალისწინებული და ის კვლავ 5%-იან ნიშნულზე რჩება. ამასთან, მთავრობის მიერ ინიცირებული ტრანსფორმაცია ხორციელდება იმ ფონზე, როცა ჯერ კიდევ მაღალია უმუშევრობა, მომხმარებელის (მოსახლეობის) უმეტესობას რესურსები არ გააჩნია და სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს, ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპები საგრძნობლად კლებულობს. ასეთ შემთხვევაში, უფრო მიზანშეწონილია ხარჯების გაზრდის სტიმულირება. ბიუჯეტის დეფიციტთან ბრძოლა კი არა, პირიქით, სწორედ დეფიციტი ქმნის ეკონომიკის აღმასვლის სტიმულს. ვშიშობთ, მომჭირნეობის პოლიტიკა და მომხმარებლის შეზღუდული რესურსები (სიღარიბის არსებული დონე) განსახორციელებელ პროექტთან თავსებადი ვერ იქნება;

საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი ფაქტობრივად იზრდება და ამ მხრივ განსაკუთრებული დეფიციტი არ იგრძნობა. ცხადია, რეინვესტირების წამახალისებით ამ მაჩვენებლის კიდევ მეტად გაზრდა შეიძლება, მაგრამ საამისოდ საჭიროა სტრატეგიულად განისაზრვროს რაში, რომელ სექტორში და რა  მოცულობის ინექციები უნდა  დაიხარჯოს. ეს სტრატეგია ჩვენ არ გაგვაჩნია; 

საბანკო სექტორი ჩვენთან ისედაც ყველაზე პრივილეგირებულია და დიდ მოგებებსაც ღებულობენ. ისინი ისედაც სხვისი (მოზიდული) რესურსებით საზრდოობენ და თავიანთი საქმიანობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მაღალ საპროცენტო განაკვეთებსა და ხისტი პირობებით უზრუნველყოფის მყარ გარანტიებს ითხოვენ. მათ ეკონომიკის განვითარებაზე დადებითი ზემოქმედების შესაძლებლობი გააჩნიათ, თუმცა ჩამოყალიბებულ თანაფარდობაში მათზე შეღავათების გავრცელება აუცილებლობას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, ეს უფრო მეტად იმოქმედებს ბიუჯეტის შემოსავლებზე, რამდენადაც საბანკო სექტორი სხვა საგადასახადო შემოსავლებში ნაკლები წილით არის წარმოდგენილი და ისინი ძირითადად მოგების გადასახადის გადამდელები არიან. ამ კუთხით, მისაღებია პროექტში ჩადებული ვარიანტი;

რისკებისგან არცერთი საგადასახადო სისტემა არაა დაზღვეული. არც ესტონური ვარიანტია გამონაკლსი. შესაძლებელია და მაღალი ალბათობით, იარსებებს სხვადასხვა ინექციების სახით მოგების გაურკვეველ კომპანიაში, ე.წ შვილობილის კაპიტალში გადაქაჩვის და ჩრდილში გადანაცვლების მაღალი რისკი. გარდა ამისა,  თუ  მოგების გადასახადსა და  საშემოსავლო გადასახადების განაკვეთები არ გათანაბრდება, მოგება შეიძლება ხელფასის სახით გაიცეს და ამის გამორიცხვა გაჭირდება, რაც საბოლოო ჯამში მთლიანად  დაამახინჯებს ჯანსაღ საბაზრო მექანიზმს და სხვა გამოწვევებსაც გააჩენს;

ბიუჯეტის შემოსულობებში ძირითადი მოცულობა საგადასახადო შემოსავლებს უჭურავს. მათ შორის, მოგების გადასახადზე მოდის 13%. თანხობრივად ეს 1.0 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ძნელია ზუსტად განვსაზღვროთ, თუ საწარმოები მოგების რა ნაწილს მიმართავენ რეინვესტირებისთვის, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ ციფრმა ნახევარს გადააჭარბოს. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ბიუჯეტი მომდევნო 2-3 წელიწადში  500-500 მილიონ ლარს დაკარგავს, სავარაუდოდ, არც შემდგომ მოხდება დანაკლისის შევსების მკვეთრი მატება. ამდენად,  მთავრობა (სახელმწიფო), აძლევს რა საწარმოებს არჩევანს განახორციელონ რეინვესტირება და არ გადაიხადონ მოგების გადასახადი, შეგნებულად მიდის შემოსავლების შემცირებაზე და საკომპენსაციო ალტერნატიული წყაროს მოძიების შანსიც არ გააჩნია. სხვა გადასახადების განაკვეთის გაზრდა ფაქტობრივად ვერ მოხერდდება - ეს გამოიწვევს შემდგომ ფასების ზრდას და ინფლაციურ პროცეს. ეს გზა არ იქნება მომგებიანი არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური მიზანშეწონილობით; 

საქართველოს სოლიდური საგარეო ვალი გააჩნია და ბიუჯეტის შესავსებად ახალი ვალის მოზიდვა კიდევ უფრო დაამძიმებს გრძელვადიან მაკროეკონომიკურ მდგომარეობას და სტაბილურობას;

პრაქტიკულად შეუძლებელია ადმინისტრირების გაძლიერებით (ის ისედაც უკიდურეს ზედა ზღვარზეა) დამატებითი თანხების მიმართვა ბიუჯეტში და როგორც უკვე ითქვა, ვერც საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაა გამოსავალი.

ამდენად, არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ მოსალოდნელი ტრანსფორმაცია უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში უარყოფითად იმოქმედებს მოხმარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზეც და გამოიწვევს მშპ-ს ზრდის შემცირებას. ცხადია, შესაბამის პერიოდში ის დადებითად აისახება ინფლაციაზე, საგადამხდელო ბალანსზე და ლარის კურსის მერყეობაზეც. 

არსებული პრობლემების მიბარება კი შემდგომი გამოდარების პერსპექტივაზე ძლიერ სახიფათოა. 

მორიგი საგადასახადო ექსპერიმენტი დამუხტულია შიდა სხვა თანმდევი ნეგატიური მოვლენებითაც. კერძოდ:

იმის გამო, რომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით, მოგების გადასახადის დეკლარაციის შედგენა გადასახადის გადამხდელთათვის ყველაზე პრობლემატიური საკითხი იყო, მისი შედგენისა და შემოსავლების სამსახურეში წარდგენისათვის გადამხდელს საკმაოდ დიდი დრო - სააანგარიშო წლის დასრულებიდან მომნდევნო წლის 1 აპრილამდე,  სამ თვიანი ვადა ეძლეოდა. თუ შესაბამისად არ გამარტივდება დეკლარირების ფორმა და შინაარსი, გადასახადის გადამხდელს საანგარიშო თვის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში გაუჭირდება მოგების გაანგარიშება. ვფიქრობთ, ეს კიდევ რთული აღმოჩნდება იმ გადამხდელებისთვის, ვინც საბუღალტრო აღრცხვას დარიცხვის მეთოდით აწარმოებს (დღგ-ის გადამხდელები). ასეთ შემთხვევებში,  საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული გაყიდვებიდან (თუნდაც თვის ბოლოს შესრულებული მიწოდებებიდან) შემოსავლები ფაქტობრივად მომდევნო პერიოდში შემოდის გადამხდელს ანგარიშზე და შესაძლებელია, მას გასანაწილემელი თანხა პრაქტიკულად არც აღმოაჩნდეს ანგარიშზე, მაშინ ვერც მის განაწილებას მოახერხებს და დეკლარირების პროცესი შეფერხდება. გართულდება აგრეთვე საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებების პროცესიც და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებებზე უფრო მეტი დრო დაიხარჯება, ვიდრე აქამდე სჭირდებოდა;

აღნიშნული გადასახადის დეკლარირების პერიოდულობის შემცირების, აგრეთვე გადასახდელი გადასახადის დაუგროვებლობის პრინციპიდან გამომდინარე, (რამდენადაც საანგარიშგებო წლის მიხედვით ანგარიშგების შემთხვევაში წლის ბოლოს გადამხდელებს უჭირთ ერთიანად მათი გადახდა), მიზანშეწონილია და გადასახადის გადამხდელთათვის უფრო პრაქტიკულია კვარტალური დეკლარებისა და გადასახადის გადახდის დაწესება არაუგვიანეს მომდევნო კვარტლის მეორე თვის 15 რიცხვისა. 

აღნიშნულის შესაბამისად, გადასახადის გადამდელს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ საგადასახადო ორგანოშო წარსადგენი დეკლარაციების რაოდენობა, ამასთან, გონივრულ ვადამდე გაიზრდება დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო დრო (ნაცვლად 15 დღისა, გადამხდელს ამისათვის თვენახევარი ექნება). გარდა ამისა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამით პრაქტიკულად მოგების გადასახადის ბიუჯეტში შემოდინების პერიოდი თანხვედრაში მოვა მოქმედი რეგულაციით გათვალისწინებულ ნორმასთან, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელი წელიწადში 4-ჯერ, - მიმდინარე გადასახადელების სახით (არაუგვიანეს 15 მაისისა, 15 ივლისისა, 15 სექტემბრისა და 15 დეკემბრისა),  გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის 25-25 პროცენტის ოდენობით იხდიდა. პრაქტიკულად აღმოიხვრება ის პრობლემაც, რაც თან ახლდა შემთხვევებს, როცა გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარე გადასახდელების სახით გადასახდელი ფაქტობრივად არ ემთხვევოდა მიმდინარე წლის შედეგებით წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს და შედეგად, გადამხდელს ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხები რჩებოდა. 

აღარაფერს ვამბობთ იმ შემთხვევებზე, როცა გადასახადის გადამხდელი მიმდინარე წლის შემოსავლების (მოგების) 50 პროცენტზე მეტით შემცირების საბაბით, საგადასახადო ორგანოს მიმართავდა მიმდინარე გადასახადებისგან განთავისუფლების თაობაზე, ხოლო წლის შედეგების მიხედვით თუ აღმოჩნდებოდა, რომ მას შემოსავალი (მოგება) 50 პროცენტით კი არა, არამედ 50 პროცენტზე ნაკლებით შეუმცირდა, ამ გადამხდელს მოგების გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღუდგება შესაბამისი პერიოდების მიხედვით მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება და ფინანსური სანქციები (საურავები) დაერიცხება, რაც გადამხდელისთვის ზედმეტ სოლიდურ ტვირთს წარმოადგენს;

კანონპროექტის თანახმად, მოგების გადასახადის ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება 2016 წლის 1 ივლისიდან. ამ დრომდე, 2015 წლის საანგარიშგებო პერიოდის მოგების გადასახადის სავადო დრო - 1 აპრილი. ამდენად,  საწარმოებს 2015 წლის დეკლარირებული მოგების გადასახადის გადახდა მოუწევთ საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლამდე. ასევე, მიმდინარე წლის 15 მაისამდე გადაიხდიან მოგების გადასახადის საავანსო გადასახდელსაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ 2016 წლის ბიუჯეტის სეკვესტრის აუცილებლობა დადგეს. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში სუბსიდირების, ადმინისტრაციული და სხვა არამწარმოებლური ხარჯების შემცირება მოუწევთ, რაც მომჭირნეობის რეჟიმის და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის შეფერხების ანგარიშგასაწევი ფაქტორია.

მოგების გადასახადის ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან საწარმოებს განაწილებული მოგების მიხედვით მოუწევთ ყოველთვიური დეკლარაციების წარდგენას, 2016 წლის 6 თვეზე - 2016 წლიოს 1 იანვრიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით არასრულ საგადასახადო პერიოდზე 2016 წლის 1 ნოემბრამდე ძველი წესისამებრ  მოუხდებათ მოგების გადასახადის (ნახევარი წლის) დეკლარაციის ჩაბარება, რომელშიც უნდა აისახოს  საწარმოს 2016 წლის 6 თვის - 2016 წლის  1 იანვრიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით არასრულ საგადასახადო პერიოდში მიღებული ერთობლივი  შემოსავალი და აღნიშნულ პერიოდს მიკუთვნებული ამ კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული თანხები:  საამორტიზაციო ანარიცხები, ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, ქონების გადასახადი და სხვა ხარჯები, რომლებიც იანგარიშება მხოლოდ კალენდარული წლის მიხედვით, გამოიქვითება ამ არასრული პერიოდის პროპორციულად.

ჯერ-ჯერობით გაუგებარია და ბუნებრივად ჩნდება კითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ძირითადი საშუალებების წლიური ამორტიზაციის თანხების პროპორციული გამოანგარიშება  2016 წლის პირველ 6 თვეზე, 2016 წლის 1 ნოემბრამდე (დეკლარაციის წარდგენის ვადის  ამოწურვამდე), მაშინ როცა მოქმედი წესის შესაბამისად ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის განგარიშება საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად  ძირითადი საშუალებების ჯგუფების მიხედვი დადგენილი პროცენტული განაკვეთებით, საანგარიშო წლის ბოლოსათვის აღნიშნული ჯგუფების ღირებულებაზე კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ პროცენტულ განაკვეთებზე გამრავლებით ხდება.

გაურკვეველია, რა ბედი ეწევა 2016 წლის წლის 6 თვის არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით ძირითად საშუალებათა ამორტიზაციების დარიცხვის შემდგომ საწარმოს ბალანსზე დარჩენილ ძირითად საშუალებათა ნარჩენ საბალანსო ღირებულებებსაც  და რა წესით მოხდება მათი გამოქვითვები?

ანალოგიურადვე, რა პროპორციით უნდა მოხდეს 2016 წლის 6 თვეზე  წარმომადგენლობითი ხარჯების არასრულ საგადასახადო პერიოდის - 6 თვის პროპორციულად დადგენა, როცა საწარმოს (ეკონომიური საქმიანობის მიერ განმხორციელებელი პირის) წარმომადგენლობითი ხარჯი სსკ-ის 116-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული პირის მიერ  საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით იანგარიშება და 2016 წლის 1 ნოემბრისათვის საანგარისო წელი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული?

აქვე მნიშვნელოვანი და არსებითია ისიც, რომ სსკ-ის 68-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა, რომელიც არეგულირებს მოგების გადსახადის დეკლარაციის  გადავადებას,  2016 წლის არასრული საგადასახადო წლის (6 თვის) მოგების გადასახადის დეკლარაციის გადავადებაზე არ გამოიყენება.

ამასთან, ზემოაღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, როგორ მოახერხოს საწარმომ მითითებულ ვადაში 2016 წლის 1 ნოემბრამდე სრულყოფილი  და უნაკლო დეკლარაციის წარდგენა? 

ამდენად, აშკარაა, რომ მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი რეგულაციის ამოქმედება 2015 წლის 1 ივლისიდან გადამხდელთათვის მრავალ თავსატეხს წარმოშობს, ამიტომ თუ ეს მაიც დღის წესრიგში დარჩება,  პროექტი  უპრიანი იქნება ძალაში შევიდეს მომავალი ახალი საგადასახადო წლის 2017 წლის 1 იანვრიდან. ამით პრაქტიკულად მოიხსნება ის პრობლემა, რაც თან ახლავს 2016 წლის არასრული საგადასახადო პერიოდის (6 თვის) მოგების გადასახადის დეკლარაციის შემოსავლების სამსახურში წარდგენას.

როგორც თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტი მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. მის შემუშავებაში, მონაწილეობა არ მიუღიათ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს (დაწესებულებებს), ექსპერტებს, სპეციალისტებს. შესაბამისად არ არსებობს მათი შეფასებები, რის გამოც ახლახან გამართულ ბიზმესმენებთან, გადამხდელებთან და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კანონპრეოექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებაზე თავად პრემიერს მოუწია პირობის გაცემა.  

ვფიქრობთ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და წინადადებებიც გარკვეულად მისაღები და გასათვალისწინებელია.

 

21-03-2016, 14:22
უკან დაბრუნება