ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის, ნიუ-იორკის მეცნიერებთა აკადემიის და სხვა მრავალი სამეცნიერო გაერთიანებებისა და საბჭოების წევრს, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს ბატონ ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა.
ბატონმა ნოდარმა დღემდე ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი, რთული და წინააღმდეგობრივი გზა სახელოვნად განვლო. მისი მეტად დატვირთული ცხოვრებისა და შინაარსიანი საქმიანობის სტილი, ცხოვრებისეული უნიკალური გამოცდილება, პიროვნული თვისებები ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა არა თავისი პირადი კეთილდღეობისთვის, არამედ, მოყვასისთვის, საზოგადოებისა და საკუთარი ოჯახისთვის, უხმაუროდ აკეთოს მუდამ სიკეთე და გაურბოდეს მის გამომზეურებას.
იგი საბჭოთა პერიოდში დაიბადა, აღიზარდა, საზოგადოებისთვის გამოჩენილ პიროვნებად ჩამოყალიბდა და დღეს, თანამედროვე ეპოქაში, დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობაში აქტიურად მოღვაწეობს. ასე რომ, თავისი მრწამსით, ცხოვრებისეული თვისებებითა და პრინციპებით ორივე ეპოქას ეკუთვნის.
დიახ, იგი ორივე დროში მთავარს - საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას ერთგულად, უანგაროდ ემსახურა, რაც იმის თვალსაჩინო მაგალითია, როგორი უნდა იყოს ღირსეული მამულიშვილი, მართალი კაცი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, მაღალი კლასის მეცნიერ-მკვლევარი.
...ბატონ ნოდარი თავმდაბალი კაცია, არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. გაურბის ყოველგვარ ინტერვიუებს. საკუთარ იუბილეზე არასდროს უფიქრია, დღეავანდელი ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, არ უყვარს პიარი და დიდი ტოლსტოისა არ იყოს, „ვერ იტანს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანებს“. თუმცა, გამოსავალი მაინც მოვძებნეთ და ინტერვიუზე დავითანხმეთ მისი კოლეგა და უმცროსი მეგობარი (ასე უწოდებს თავის თავს), ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის ხელმძღვანელი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იაშა მესხია.
- ბატონო იაშა, ბატონი ნოდარ ჭითანავა რომ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი და დიდი მეცნიერია საზოგადოების უფროსი თაობისთვის კარგადაა ცნობილი. იქნებ, თქვენ როგორც მისმა უმცროსმა მეგობარმა და კოლეგამ, ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ზოგადად მკითხველებს, შეახსენოთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი შტრიხები მისი ბიოგრაფიიდან.
- მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ ბუმბერაზი ადამიანის უმცროსი მეგობარი და კოლეგა ვარ. ამ კითხვაზე პასუხს მიადვილებს ის, რომ ბატონმა ნოდარმა ათიოდე წლის უკან გამოსცა უნიკალური მემუარულ-სამეცნიერო ხასიათის წიგნი ძალიან ტევადი და ლაკონური სათაურით „ვაშინერს, ბატონებო, საქართველოს დაშლა!“.
ამ ოთხ სიტყვაში ჩატეულია მთელი მისი ცხოვრების ფილოსოფიური კრედო, კონცეფცია, სტრატეგია და განვლილი გზა - ეს არის საკუთარი მშობლიური ქვეყნის წინსვლისა და უკეთესი მომავლისთვის უდიდესი სიყვარულით და ყოველდღიური ზრუნვით განვლილი გზა. მისი ბიოგრაფია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს თავისი პატიოსანი და თავდაუზოგავი შრომით გადალახოს ყოველგვარი წინააღმდეგობა და საკუთარ სახელმწიფოს და ხალხსღირსეულად ემსახუროს!
ჩემს მიერ ხსენებულ წიგნში ბატონი ნოდარი წერს, თუ როგორ სიღარიბეში გაიზარდა იგი, როგორი მძიმე შრომა უწევდა ბავშვობიდანვე. მან სოფლის ცხოვრების ყველა რთული გზა გამოიარა. საშუალო სკოლის ვერცხლის მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. თუმცა, ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა სწავლასთან ერთად შრომითი საქმიანობა დაეწყო კოლმეურნეობაში - ჯერ რიგით კოლმეურნედ იმუშავა, შემდეგ აგურის საამქროს მუშად, ბოლოს მშენებლობაზე ათისთავად.
შემდეგ იწყება მისი აქტიური პარტიული და საზოგადოებრივი საქმიანობა: გაიარა გზა კომკავშირის ზუგდიდის რაიკომის ინსტრუქტორიდან, ზუგდიდის სამრეწველო ზონის პარტიული კომიტეტის მდივნის მოადგილემდე და საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტის ინტრუქტორამდე.
შემდეგ აგზავნიან ქ. მოსკოვში სკკპ ცენტრალურ-კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში. 1970 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას ეკონომიკაში.
უმაღლეს პარტიულ სკოლის დამთავრების შემდეგ ისევ პასუხსაგებ თანამდებობებზეა: ცეკას სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, პარტიის ცხაკაიას რაიკომის პირველი მდივანი, პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ხოლო 1989-1990 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
სხვადასხვა დროს არჩეული იყო ყველა დონის საბჭოს დეპუტატად, მათ შორის ორჯერ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
ნიშანდობლივია, რომ ეროვნული ხელისუფლების პირობებში - 1991 წელს ინიშნება საქართველოს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრად.
- დღეს ბატონი ნოდარ ჭითანავა საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც დიდი მეცნიერ-მკვლევარი და მეცნიერების ორგანიზატორი...
- დიახ, ბატონი ნოდარი აქტიურად მოღვაწეობს მეცნიერებაში და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს სამეცნიერო წრეებში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკური მეცნიერების თეორიისა და პრაქტიკის განვითარებაში.
მისი ინიციატივითა და ძალისხმევით ქვეყანაში გაიხსნა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. სახელმწიფო უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობისას წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. საგულისხმოა, რომ ბატონმა ნოდარმა სახელმწიფო სტრუქტურების მართვაში მიღებული უმდიდრესი გამოცდილება წარმატებულად გამოიყენა მეცნიერების ორგანიზაცია-მართვაში.
იგი 1993 წელს ინიშნება საქართველოში იმ დროისთვის ყველაზე მსხვილი და ცნობილი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. სწორედ ამინსტიტუტში მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 30-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომი, მომზადდა ინდიკატური დაგეგმვის მეთოდიკა, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის პროექტები და სხვა საპროგრამო მასალები.
მისი რედაქტორობით გამოიცა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების კრებული 7 ტომად, რომლებშიც გაანალიზებულია ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, შეფასებულია განვითარების თავისებურებები, ტენდენციები, შემოთავაზებულია შესაბამისი კონკრეტული რეკომენდაციები და წინადადებები...
- ბატონო იაშა, თქვენ ზოგადად შეეხეთ ბატონი ნოდარის სამეცნიერო სფეროში განხორციელებულ მენეჯერულ საქმიანობას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და წარმატებულია. მკითხველისთვის უდაოდ საინტერესოა კონკრეტულად კვლევის ის სფერო, სადაც მან შექმნა ღირებული მეცნიერული პროდუქტი.
- მისი მეცნიერული შემოქმედება მრავალმხრივია. თავდაპირველი კვლევები მეტწილად უკავშირდება სოფლის მეურნეობის ეკონომიკას და მასთან დაკავშირებული დარგების განვითარების აქტუალურ საკითხებს. მას ეკუთვნის მონოგრაფიების ციკლი სოფლის მეურნეობასა და აგრარულ ეკონომიკაზე... თუმცა, ბატონი ნოდარის სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობაში გარდა აგრარული პრობლემებისა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციების, პოსტსოციალისტურ პერიოდში ეკონომიკის ტრანსფორმაციის, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პოლიტიკის, ეროვნული ეკონომიკური მოდელის ფორმირების, ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების, გეოეკონომიკური ფაქტორების, ინტეგრაციული პროცესების თავისებურებათა კვლევა. აღნიშნული პრობლემები კომპლექსურადაა განხილული მის 120-ზე მეტ ქართულ და უცხო ენებზე გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომში.
ნიშანდობლივია, რომ მის მეცნიერულ ნაშრომებს ახასიათებს აქტუალური პრობლემების დასმისა და მათი გადაწყვეტის მიმართ სისტემური მიდგომა, საზოგადოებრივ პროცესებსა და ეკონომიკურ მოვლენებს შორის კავშირების ლოგიკური ახსნა, განვითარების ორიენტირებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა. რაც ყველაზე არსებითია, რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვის აუცილებლობის დასაბუთება. მის მეცნიერულ ნაშრომებს ღრმა თეორიულთან ერთად გააჩნია დიდი პრაქტიკულ-გამოყენებითი მნიშვნელობა.
- სასიხარულოა, რომ ბატონი ნოდარი დღესაც აქტიურადაა ჩართული სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში...
- დიახ, იგი ჩვეული ენერგიით და მაღალი პასუხისმგებლობით აგრძელებს თავის სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. არის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში. არჩეულია სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოებში, აქტიურად თანამშრომლობს წევრის სტატუსით სხვადასხვა მეცნიერებათა აკადემიებთან. როგორც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი აქტიურად მონაწილეობს აკადემიის საქმიანობაში. მის მიერ 2015 წელს გამოცემულ მონოგრაფიას „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები“ მიენიჭა 2015 წლის საუკეთესო ნაშრომის წოდება. იგი მრავალი პუბლიკაციის მთავარი რედაქტორი და რეცენზენტია.
ნიშანდობლივია ისიც, რომ 2014 წელს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე განხილულ იქნა მისი საინტერესო მოხსენება „მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისა და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებზე“. აღნიშნულის საფუძველზე მომზადდა 2020 წლამდე პერიოდისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების რეკომენდაციები და წარედგინა პარლამენტსა და მთავრობას.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ბატონ ნოდარის, როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატის, ხელმოწერა ამშვენებს.
და ბოლოს: ძალიან ბევრის თქმა შეიძლება მის პიროვნულ თვისებებზე: შრომისმოყვარეობაზე, შინაგან პატიოსნებაზე, თავმდაბლობაზე, მიზანდასახულობაზე, გაძლიერებულ პასუხისმგებლობაზე, განათლებაზე, ერუდიციაზე...
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ ნოდარს ღირსშესანიშნავი თარიღი-დაბადებიდან 80 წლის იუბილე და ვუსურვო ახალ-ახალი წარმატებები თავის მეცნიერულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ესაუბრა თამარ შველიძე