გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თავისი ბოლოდროინდელი აქტიურობით თამაზ მეჭიაურმა „ჩვენი დროის გმირის“ მანტია დამსახურებულად მოირგო. მან დროულად და უმტკივნეულოდ ჩააჩოჩა „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე და სწორედ იმ საკითხებზე მოახდინა საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება, რაც ბუნებრივად აწუხებს იგივე საზოგადოებას...
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მეჭიაურს აწი პირდაპირ დამიზნებული ქვემეხიც ვერ შეაჩერებს - თავისი სითამამით და საჩოთირო თემების წინა პლანზე წამოწევით იგი ნელ-ნელა ყალიბდება „ქართული ოცნების“ ანგარიშგასაწევ ფიგურად.
დიახ, თამაზ მეჭიაური, გვჯერა არ გვჯერა, ბიძინა ივანიშვილის გულისთქმის გამხმოვანებელია, ყოველ შემთხვევაში, მისი მხრიდან წინააღმდეგობებს რომ არ აწყდება ფაქტია!
თუ ლოგიკურად განვსჯით, რას ამბობს ბატონი თამაზი არასწორს და მიუღებელს?! (თუმცა, გააჩნია ვისთვისაა მისაღები და ვისთვის მიუღებელი!!!) არც არაფერს. სხვა საკითხია, რა წვლილი მიუძღვის მმართველ კოალიციას მის მიერ ხმამაღლა გაჟღერებული სკანდალური თუ პიკანტური თემების „მომწიფებაში“, რომლის ერთ-ერთი ანგაჟირებული (ყოველ შემთხვევაში დღეს ასე ჩანს) წევრი თვითონაცაა!
შეუძლებელია არ დაეთანხმო მის განცხადებას, რომ არჩევნებამდე ხელოვნურად შეკოწიწებული, იდეოლოგიურად გააჯაფსანდლებული კოალიცია უნდა დაიშალოს!
საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე მიანიშნებდა ბიძინა ივანიშვილს, რომ კოალიციაში „რესპუბლიკელების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილი არ იყო.
განსაკუთრებით გართულება ჰქონდათ 2-3 პროცენტიან „რესპუბლიკელებზე“, რომლებმაც „ინტელექტუალთა გუნდის“ მანტიის მორგების მიუხედავად ამომრჩეველთა სიმპათია ვერ დაიმსახურეს - ისინი დამოუკიდებლად ვერც ერთხელ ვერ შევიდნენ პარლამენტში და არ არის საკამათო, რომ მომავალ არჩევნებშიც იგივე ბედს გაიზიარებენ, თუ კოალიციიდან გასვლა მოუწევთ!
მოვლენათა განვითარების ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კოალიცია ნამდვილად დაიშლება - სხვა გამოსავალი „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ არ დარჩა!
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმსხვრას მითი იმის თაობაზე, რომ „რესპუბლიკელები“ პროდასავლური ფრთის მამამთავრები არიან და მათი კოალიციიდან გასვლა საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთის მხარდაჭერას დააკარგვინებს!
დავიწყოთ იქიდან, რას ნიშნავს დასავლეთის მხარდაჭერა თანამედროვე პოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით (უფრო სიღრმეებში არ შევალ!), მეორეც, რანაირად არიან „რესპუბლიკელები“ დასავლეთის მეხოტბენი და ხმალამოღებული დამცველები მაშინ, როცა თითქმის ყველა მათი ოფიციალური განცხადება რუსეთის წისქვილზე ასხმამს წყალს?!
ამის საილუსტრაციოდ მარტო მოქმედი თავდაცვის მინისტრის ქ-ნი თინა ხიდაშელის ბოლოდროინდელი ხისტი გამონათქვამებიც კმარა, რაც დაახლოებით ასე იკითხება: ვამბობთ კომპარტიას და ვგულისხმობთ ვლადიმერ ლენინს!
სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არასწორი დამოკიდებულება გააჩნია დასავლური ღირებულებების და ე.წ. „პროდასავლურად“ მონათლული პოლიტიკური პარტიების მიმართ. ეს რომ ასე არ იყოს, „რესპუბლიკელები“ და ზოგიერთი მისი იდეოლოგიური „თანამოაზრეები“, რომლებსაც რუსული სპეცსამსახურების „ზაკალკა“ აქვთ მიღებული, ნიღაბს ვერ მოირგებდნენ და ასე უტიფრად ვერ დაგვაბოლებდნენ!
მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე საუბარს ამჯერად არ გავაგრძელებ (ეს ცალკე მსჯელობის საგანია), მაგრამ, დამაჯერებლად ვიტყვი: „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ „რესპუბლიკელებისგან“ და სხვა „ძუძუმწოვარა“ პოლიტსუბიექტებისგან უნდა განთავისუფლდეს. სხვა საკითხია, რამდენად იქნება ეს სახელმწიფოსთვის იდეალური გამოსავალი, მაგრამ „ქართული ოცნების“ (უფრო სწორად, ივანიშვილის გუნდის“) არსებობის გახანგრძლივებისთვის ეს რომ ერთადერთი გამოსავალია, წყალი არ გაუვა!
დასკვნა მარტივია: მეჭიაური ამბობს იმას, რაც ივანიშვილმა უნდა თქვას და გააკეთოს. მითუმეტეს, მისი ხმამაღალი განცხადება მთლიანად ჯდება საზოგადოების ფოკუსში.
მეჭიაური საზოგადოების გულისთქმას ახმოვანებს, მაშინაც კი, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თაობაზე საუბრობს
უსიტყვოდ უნდა დაეთანხმო: საჯარო მოხელეს, რომელსაც მორყეული აქვს ზნეობრივი საყრდენები და უზნეობის ჭაობში იხრჩობა, არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ეკავოს საპასუხისმგებლო თანამებობა ქვეყანაში. მითუმეტეს, თუ გაუკუღმართებულ სექსუალურ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე („ზოგი ქალების ნაცვლად კაცებში დადის თურმე... და ეს უნდა აღიარონ ამომრჩეველთან).
მეჭიაურს ნაკლად უთვლიან იმას, რომ თანაგუნდელებს საჯაროდ აკრიტიკებს და ამით დისონანსი შეაქვს კოალიციაში. არადა, ეს სწორედ მისი კოზირია - ივანიშვილის ფავორიტის განცხადებები სახელმწიფოს ინტერესების გადასახედიდან უდაოდ პატივისცემას იმსახურებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ იგი რაც არ უნდა მწვავე და საჩოთორო საკითხებს არ უნდა ეხებოდეს, ყოველთვის ეთიკური ნორმების სტანდარტებში ჯდება. სხვა თემაა, ვინ რა რაკურსით შეხედავს და „მოინელებს“ მას!
ერთი სიტყვით, თამაზ მეჭიაურის სახით ჩვენი დროის „ახალი გმირის“ პორტრეტი იძერწება. მართალია, იგი დიდი მჭერმეტყველებით არ გამოირჩევა, მაგრამ თავის მისიას შესანიშნავად ასრულებს.
ყოველ შემთხვევაში, მეჭიაურის „ამბოხი“ კოალიციის პარაზიტებს მოსვენებას უკარგავს და საზოგადოებასაც ერთგვარად „აპურებს“!
ისე, ერთი ფრთიანი გამოთქმისა არ იყოს - ვამბობთ მეჭიაურს და ვგულისხმობთ ივანიშვილს!
P.S. ახლახან „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი კოალიციაში არჩევნებამდე დარჩებიან, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კი დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მათი მხრიდან იძულებითი ნაბიჯია თუ კიდევ ერთი წინასაარჩევნო ავანტიურა, მაგრამ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ დანახვა „რესპუბლიკელებთან“ ერთად რომ არ უნდა, ფაქტია. აღდგომა და ხვალეო!
ზაურ ნაჭყებია