ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: გეშინოდეთ მომავალი არჩევნების!

ზაურ ნაჭყებია: გეშინოდეთ მომავალი არჩევნების!

 

საზოგადოება მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია. ე.წ. ექსპერტები უკვე ღიად მარჩიელობენ იმაზე, რომ მომავალი პარლამენტი მულტიპარტიული იქნება, რაც უფრო საინტერესოს გახდის ქართული საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციობას!

 

მოგეხსენებათ, მრავალპარტიულობა ყბადაღებული დემოკრატიის უმთავრესი პირობა-ფაქტორია და ამ გადასახედიდან მომავალი არჩევნების მოახლოება უნდა გვიხაროდეს, მაგრამ თუ მსჯელობას ვირტუალურიდან რეალურ განზომილებაში გადავიყვანთ, სიხარულის ნაცვლად, ალბათ, ორი აგური უნდა გვეჭიროს ხელში, ან კედელს თავს უნდა ვურტყამდეთ. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

 

იძულებით „გადაგდებული“ რესპუბლიკელები“ და ივანიშვილის

ახალი ავანტიურა!

 

გოგი თოფაძის და თამაზ მეჭიაურის ხმამაღალმა განცხადებებმა ფორმალურად მიზანს მიაღწია _ „რესპუბლიკელები“ აიძულეს მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა, თუმცა არჩევნებამდე კოალიციაში რჩებიან და მთავრობაშიც მინისტრის პორტფელებს ინარჩუნებენ.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, „რესპუბლიკელთა“ „იძულებით“ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან „ხბოს აღტაცება“ მოჰყვა - ქართული მედია და სოციალური ქსელი აჭრელებულია საკმაოდ ემოციური სათაურებით და სტატუსებით, სადაც „ჩინიანნი“ და „უჩინონი“ ერთსა და იმავე ნოტაზე ჟღურტულებენ.

 

დედააზრი ასეთია: 3-პროცენტიანი „რესპუბლიკელები“ პარლამენტს მიღმა დარჩებიან და მათი პოლიტიკური აღსასრულის დღეც დადგება!

 

მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო - ნათქვამისა არ იყოს, ზემოთ მოყვანილი ვერდიქტი „რესპუბლიკელებისადმი“ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას გამოხატავს, თუმცა, სურვილსა და რეალობას შორის რომ ხშირად დიდი უფსკრულია, ამაშიც მრავალგზის დავრწმუნდით.

 

დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ შემოიყვანა ისინი ივანიშვილმა „დიდ პოლიტიკაში“ და შემდგომ ხელისუფლებაში, როგორ გახდა პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი, როგორ „დაითრიეს“ (ბოდიშს ვიხდი ჟარგონისთვის) მთავრობაში და ადგილობრივ დონეზე საკვანძო თანამდებობები „რესპუბლიკელებმა“ და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, როგორ „მოიგეს“ საგარეჯოს შუალედური არჩევნები (რომ არაფერი ვთქვათ, ლგბტ-ს მხარდამჭერ თამარ კორძაიას გადეპუტატობაზე).

 

და აი ახლა, დაუმსახურებლად მიღებული პრივილეგიებისა და ასევე დაუმსახურებლად აკენკილი პოლიტიკური დივიდენდების ფონზე გვეუბნებიან, რომ „რესპუბლიკელები“ საპარლამენტო ვადის გასვლამდე არ ტოვებენ კოალიციას და ამის გამო ტაში უნდა შემოვკრათ!

 

ჯერ ერთი, თუ კოალიციის დატოვებაზე და ცალკე გასვლაზეა საუბარი, კეთილ ინებონ და ყველა დონეზე დატოვონ თანამდებობები, რომელიც უმრავლესობაში ყოფნის კვოტით მიიღეს, მეორეც, თუ არჩევნებამდე რჩებიან კოალიციაში, როგორ აპირებენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას კოალიციის სუბიექტების - მომავალი კონკურენტების წინააღმდეგ? სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს კითხვები საჯაროდ არ დასმულა.

 

 

„სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!“

 

სოციალურ ქსელში უკვე გვაშინებენ, რომ თუ არჩევნებამდე „რესპუბლიკელები“ კოალიციას დატოვებენ, საპარლამენტო კრიზისი შეიქმნება. მეტიც, საუბარია საპარლამენტო გადატრიალებაზეც, რაც „ნაციონალების“, „რესპუბლიკელების“ და ალასანიას „თავისუფალ-დემოკრატების“ კოალიციის შექმნითაა შესაძლებელი.

 

თეორიულად არაფერია გამორიცხული, მაგრამ ასეთი „ხავერდოვანი“ გადატრიალება ჯერჯერობით იმ ძალების გეგმაში არ შედის, ვინც დღევანდელი ხელისუფლება მოიყვანა სახელმწიფოს სათავეში. მითუმეტეს, თუ არსებული პოლიტიკური რეალობის ანალიზს გავაკეთებთ და საზოგადოების შინაგან მზაობასაც შევაფასებთ, მომავალი არჩევნების შედეგებით პოლიტიკური კონფიგურაცია არსებითად არ შეიცვლება. საქმე ისაა, რომ ყველა პარტია, ვისაც საარჩევნო ბარიერის გადალახვას „უწინასწარმეტყველებენ“, ერთი ფესვიდანაა ამოზრდილი (ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან) და მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახელწოდებაშია...

 

ახლა ისევ არჩევნებამდე კოალიციის დაშლას  და მოსალოდნელი საპარლამენტო კრიზისის თემას დავუბრუნდეთ. მავანი ამტკიცებს, რომ საპარლამენტო კრიზისი ქვეყანას ახალი ქაოსისკენ წაიყვანს (ზოგი ამაში „ნაციონალური“ რეჟიმის რევანშსაც ხედავს, რაც აბსურდია), რაც კატასტროფა იქნება. ამით მიგვანიშნებენ, რომ „რესპუბლიკელების“ ხუშტურებს (ჩვენ მომავალში ცალკე გავალთ, მაგრამ არჩევნებამდე თანამდებობებს არ დავტოვებთ) უნდა შევეგუოთ!..

 

სხვათა შორის, ფრიად საჩოთირო და მოულოდნელი (მოულოდნელი მისი ამ ბოლოდროინდელი განცხადების ფონზე) განცხადება გააკეთა „ჩვენი დროის გმირმა“ „ქართული ოცნებიდან“ თამაზ მეჭიაურმა. მან ცივი წყალი გადაასხა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნაადრევ აღტკინებას და ნიშნისმოგებით გაგვიმხილა, რომ „რესპუბლიკელები“ დამოუკიდებლადაც გადალახავენ საარჩევნო ბარიერს, რადგან, ხელში უჭირავთ სამთავრობო და საპარლამენტო ბერკეტები და თავიანთი ხალხი ჰყავთ სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებული.

 

მეჭიაურმა ამ განცხადებით, ერთის მხრივ, წინასწარი პრევენცია გააკეთა და აქედანვე შეგვაჩვია „რესპუბლიკელების“ პარპაშს მომავალ პარლამენტში (მერე ხომ საერთოდ თავს გავლენ - ჩვენ ამომრჩევლის ნდობის მანდატი დამოუკიდებლად მოვიპოვეთ და როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო) და მეორეს მხრივ, დაადასტურა ფარული შეთანხმების უტყუარობაც!

 

ეჭვი არავის შეეპაროს, რომ „საგარეჯოს სინდრომი“ მთელ საქართველოში იფეთქებს - „რესპუბლიკელები“ ყველა სახელისუფლო რესურსს გამოიყენებენ და ე.წ. ამომრჩეველი პირში ჩალაგამოვლებული დარჩება!

 

ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს წინასწარდაგეგმილ ავანტიურასთან, რომლის მიზანი „ნაციონალების“ ტყუპისცალის - „რესპუბლიკელების“ ხელისუფლებაში ლეგიტიმურად (პირობითად დამოუკიდებლად) მოსვლის მცდელობაა. საკამათო არ არის, რომ ამ ავანტიურაში მთელი სახელისუფლო ბომონდია ჩართული მათი იდეურ-ფინანსური მამამთავრის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით.

 

აქედან გამომდინარე, ნაცვლად იმისა, რომ მერამდენედ მოტყუებულ და გაბითურებულ საზოგადოებას კატეგორიულად მოეთხოვა კოალიციის ფაქტობრივი დაშლა (თუნდაც ეს საპარლამენტო კრიზისის წიონაპირობა ყოფილიყო), ჩვენ ნაადრევად ვზეიმობთ ქვეყნისთვის არასასურველი პოლიტიკური სუბიექტის „მზის ჩასვენებას“.

 

ვფიქრობ, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, საქმე პოლიტიკურ კრიზისამდე არც მივიდოდა. რომც მისულიყო, იქნებ უკეთესი ყოფილიყო ქვეყნის პერსპექტივისთვის, უპირველესად ქართველი ერის გამოსაღვიძებლად - ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა.

 

ტყუილად კი არ არის ნათქვამი: სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო!

 

 

გეშინოდეთ არჩევნების, ანუ აწი იწყება თავდავიწყება!

 

მომავალი პარლამენტი ახლანდელზე უკეთესი რომ არ იქნება, ამაში პირადად მე ეჭვი არ მეპარება. ან რატომ (როგორ) უნდა იყოს უკეთესი, არ მესმის - საარჩევნო ბარიერის გადალახვას ისევ იმ პარტიებს უწინასწარმეტყველებენ (ასე უნდა უფროსს- ვინ იგულისხმება „უფროსში“ თქვენ იმარჩიელეთ), ვინც უკვე იყო ხელისუფლებაში, მაგრამ სახელმწიფოებრივი მიდგომებით ვერ დაგვამახსოვრა თავი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთი მთელის რამდენიმე ნაწილია და მათი მისია ქართული საქმის კეთება არ არის!

 

აქსიომაა ისიც, რომ ყველას თითქმის ერთი და იგივე პატრონი ჰყავს და ერთი წყაროდან იკვებება.

 

დააკვირდით: მთელი 25 წლის მანძილზე საქართველოში არ შექმნილა თუნდაც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც სახელმწიფოს განვითარების პროგრამა (კონცეფცია) და სტრატეგია გააჩნდა. მათი წინასაარჩევნო რიტორიკა მხოლოდ ზოგად, არაფრისმთქმელ თეზისებს მოიცავდა, რომლის არცერთი პუნქტი ბოლომდე არ შესრულებულა - პარტიები ხელისუფლებაში ყალბი რიტორიკით, ყალბი დაპირებებით მოდიოდნენ და ასე გრძელდება დღემდე. დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც იგივე განმეორდება.

 

თუმცა, ამაში პარტიები ნაკლებადაა დამნაშავე - ამომრჩეველი ხმას აძლევს (ცხადია, ხმის მიცემა პირობითია) არა ამა თუ იმ პარტიის კონკრეტულ პროგრამას, არამედ იმ ყალბ რიტორიკას (ყალბ თეზისებს), რომელსაც ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო ფართო გასაქანი მიეცა... სამწუხაროდ, დღესაც მისი გამოსწორების ნიშანწყალი არ ჩანს!

 

ჩვენ დღემდე ვერ გამოვედით 2012 წლის არჩევნების შედეგებით გამოწვეული „ხბოს აღტაცებიდან“ - დაუსრულებლად ვიმეორებთ, რომ, რადგან ივანიშვილმა სააკაშვილის ტოტალური რეჟიმი მოგვაშორა (თუმცა, ვაი ასეთ მოშორებას) მისი კრიტიკის უფლება არ გვაქვს!

 

ჩვენ დაუსრულებლად ვსაუბრობთ კულუარულ და არაფორმალურ მმართველობაზე, მაგრამ ანგარიშს არ ვუწევთ იმას, რომ ივანიშვილი საკუთარი კაპიტალის მძევალია და მისი დიდ პოლიტიკაში შემოსვლა ასევე დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.

 

ამ რისკის შედეგს დღეს უკვე ვიმკით და მტკიცება არ უნდა, რომ მომავალში იგი კიდევ უფრო სახიფათო ტენდენციის ფორმას და შინაარსს შეიძენს!

 

აქედან გამომდინარე, აუცილებელია კორექტივი შევიტანოთ ფორმულირებაში, რომ საქართველოს დღესაც უჩინარი ხელი მართავს ივანიშვილის სახით. არც უმაგისობაა, მაგრამ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ივანიშვილი ისე მართავს ქვეყანას, როგორც ივანიშვილის „მმართველები“ ითხოვენ. ამის საუკეთესო ნიმუში თავდაცვის მინისტრად „რესპუბლიკელი“ ხიდაშელის დანიშვნაც კმარა - ვერავინ ახსნის, რა კრიტერიუმით დაინიშნა ქალბატონი ხიდაშელი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად...

 

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ფორმალურად რაც არ უნდა მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ, ქვეყნის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება - არცერთი დაანონსებული პარტია ქართული წიაღიდან არ აღმოცენებულა და შესაბამისად, საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე არ დადგებიან. ეს რომ ასე იქნება, თავიანთი არსებობის მანძილზე მრავალგზის დაამტკიცეს - თითო-ოროლა ახალი სახელისა და გვარის შემოგდება კი არსებითად არაფერს შეცვლის.

 

რაც ყველაზე საგანგაშოა, სწორედ ეს მულტიპარტიული პარლამენტი იქნება იმ საჩოთირო თემების წინა პლანზე წამოწევის ინიციატორი, რომლის ინიცირება და სადისკუსიოდ გატანა ახლანდელმა პარლამენტმა ვერ გაბედა და ვერ შეძლო (ჩემი პროგნოზი გარკვეულ გათვლებზე და ინტუიციაზეა დამყარებული).

 

აი, რატომ უნდა გვეშინოდეს მომავალი არჩევნების!

 

ბოლოთქმა: კითხვა, ვის უნდა მივცეთ ხმა მომავალ არჩევნებში, არც უნდა დაისვას, რადგან ასარჩევიც არავინაა და სასურველ პროცენტებს თვითონაც კარგად დაიწერენ - პარლამენტი გაივსება ძველი „ახალი“ სახეებით და ფასადის გასალამაზებლად საზოგადოებაში ანგაჟირებულ რამდენიმე ადამიანსაც შემოგვაპარებენ. პარტიების სისუტე მარტო არაკომპეტენტურობაში არ იმალება - მათ (მათ შემქმნელ-დამფინანსებლებს) უბრალოდ ნება არა აქვთ ქართული საქმე აკეთონ და სახელმწიფოს ინტერესებს მოემსახურონ.

 

თუ ხატოვნად ვიტყვით, საქართველოში დღეს არსებული პარტიები რომ გადაადნო, ერთი ნორმალური პოლიტიკური უჯრედიც არ გამოვა. ამიტომ, მათ გამოსწორებაზე ზრუნვას და ცრუ მოლოდინებს ახლის მოფიქრება სჯობს, ოღონდ ის „ახალი“ (თუ ახლები) ქართულ ფესვებზე ამოზრდილი და დღევანდელი ცრუპარტიებისგან განსხვავებით, სხვა მისიის მატარებელი უნდა იყოს!

 

სხვანაირად, მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალებთ და ქვეყანას საბოლოოდ წირვასაც გამოვუყვანთ - უკვე იმ ფაზაში შევდივართ, საიდანაც გამოსვლა ჩვენი დღევანდელი მენტალობით (ყველაფრისადმი შემგუებლობით) და უმოქმედობით ძალიან გაგვიჭირდება!

 

რა ვქნა, არ მიხარია მომავალი ცრუ არჩევნების მოახლოება, რადგან, ჩემს წარმოსახვაში რატომღაც „შავი სილუეტები“ იკვეთება. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!

 

 

 

4-04-2016, 12:03
უკან დაბრუნება