ქვეყანაში, დამკვიდრებული ტენდენციით, სახელმწიფო პრობლემები განპირობებულია „გლობალური ხასიათის ან უკეთეს შემთხვევაში სხვა ძალების მიერ ინიცირებული პროცესებით. მსგავსი „პრობლემების დაძლევას კი უზრუნველყოფენ:
- აუთსორსინგით (უცხოელი სპეციალისტების/ორგანიზაციების დაქირავებით);
- თანამდებობაზე დანიშნვნის შემდეგ ხალხთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზების დასახვით (პრაქტიკულადმუდმივად გზების ძიებაში ვართ);
- „გადაბრალების პოლიტიკითა და განტევების ვაცის“ ძიებაში დროის გაყვანით;
- ქაოსური ინფორმაციული გარემოს შექმნით, როდესაც ხალხში, პოლიტიკური და სახელმწიფო სისტემებისადმი იქმნება გულგრილი დამოკიდებულება;
- აქცენტების გადატანა „სხვა ქვეყნის დავალებების შესრულების“ პროცესებსა და ორიენტირებაზე;
- „საზოგადოებაში, კადრებისა და პროფესიონალების დეფიციტზე საუბრით“. თითქოს არ გვყავს პროფესიონალი კადრი, ადგილობრივი სპეციალისტები ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს, ქვეყანას საჭიროებს განათლების იმპორტს, უცხოური სპეციალისტების დაქირავებას და ა.შ.
რეალურად კი ქვეყანაში, გვყავს პროფესიონალები, გვაქვს განათლების ექსპორტი, გაგვაჩნია მაღალკვალიფიციური სპეცილისტების, წარმატებული მეცნიერებისა და ინტელექტუალების მრავალრიცხოვანი არმიაა;
აღსანიშნავია, რომ საქართველოში, აღმასრულებელი ხელისუფლების პროფილური და არაპროფილური ფუნქციები (სტრატეგიები, სამთავრობო პროგრამები) ხორციელდება აუთსორსინგით.
არსებითად მისასალმებელია საქართველოს ეკონომიკაში, სოლიდური წილით წარმოდგენილი უცხოური კაპიტალი და ინვესტიციები. ამასთან აღვნიშნავთ, რომ სუვერენული სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციების იმპლემენტაცია უცხოელი სპეციალისტების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით (თუ აუთსორსინგით), უნდა იყოს საზოგადოების განხილვისა და თანხმობის საგანი. იმ ფონზე, როდესაც მართველობის უნარის მქონე ინტელექტუალური რესურსი ქვეყანაში აუთვისებელია.
კითხვაზე: რატომ უნდა მოხდეს სახელმწიფო მართვის ფუნქციების განხორციელება (პროფილურიც და არაპროფილური ფუნქციები) ქართველი სპეციალისტებისა და ქართული ორგანიზაციების (უცხოური კომპანიების ნაცვლად) მიერ, პასუხი შეიძლება განვიხილოთ შემდეგი მიმართულებით, კერძოდ:
- იძულებითი ემიგრაციის მასშტაბების შემცირებისა და ქართული სულისკვეთების ამაღლებისთვის;
- საქართველოში, არსებული ინტელექტუალური პოტენციალის ათვისებისა და ეფექტიანად გამოყენებისათვის;
- სახელმწიფოს მიერ ინტელექტუალური, ორგანიზაციული და ფინანსური რესურსის ეფექტიანად გამოყენებისთვის. როგორც ვიცით, ქვეყანა, თითოეული სტუდენტის/კადრის სწავლებასა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ხარჯავს საკმაოდ სოლიდურ თანხებს, რომელიც ე.წ. „წყალში ჩაყრილი“ თანხებია, რადგან, ვერ ახდენს აღნიშნული რესურსის ეფექტიან გამოყენებას;
- სოციალური უთანასწორობის მინიმუმადე დაყვანის მიზნით. საქართველოს საბიუჯეტო სახსრები მაქსიმალურად უნდა მოხმარდეს ქართულ საზოგადოებას (ვგულისხმობთ, რომ აუთსორსინგით ფუნქციების გადაცემაც კი ქართულ ორგანიზაციებზე უნდა განხორციელდეს);
- სამთავრობო პროგრამებისა და სტრატეგიების შექმნა-შემუშავება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ. თუ აღნიშნული სფეროს სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი არ არსებობს, ხელი უნდა შეეწყოს ახალი ინსტიტუტის შექმნას (მაგალითად, როგორიცაა ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი);
- დღეს, ბიზნესსა და სამეცნიერო საზოგადოებაში უფრო მაღალი დონის კადრებია, ვიდრე ხელისუფლებაში (არადა პირიქით უნდა იყოს). იმისათვის, რომ აღარ გვქონდეს სუსტი მმართველობითი შედეგები, საჭიროა ბოლო მოეღოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და ექსპერტების პოლიტიკური ინტერესებით „გადარჩევასა და იგნორირებას“;
სახელმწიფოში, ვსაუბრობთ ევროპული ეკონომიკის მქონე ქვეყნის შექმნაზე, მაგრამ რეალურად:
- საზოგადოების ყურადღების გადატანა ხდება მეორეხარისხოვან პრობლემებზე.
გვწამს, რომ ქვეყანაში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს გააჩნიათ ქვეყნის განვითარების სურვილი. თუმცა, რეალობა ცხადყოფს, რომ აღნიშნული პირების მზაობა, „ენერგია და რესურსი“ მცირეა. შესაბამისად, სტრატეგიული საკითხების ნაცვლად ქვეყანაში, აქცენტები „ზოგად საზოგადოებრივ საკითხებზე“ კეთდება.
ჯამში, ფრაგმენტული და დაბალი შედეგებისაა: ეკონომიკური ზრდის, მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნის, პოლიტიკური მდგრადობის მიღწევის, რეგიონში მოწინავე როლის მიღწევის , მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების პროცესი.
- სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა არაეფექტიანია. ქვეყნის განვითარების გზას, რესურსს და კადრს სხვაგან ვეძებთ, სხვა ქვეყნებში. რეალურად კი საკუთარს ვერ ვხედავთ, არ ვიყენებთ და გასაქანს არ ვაძლევთ; სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა იქმნება „ვინ ვის იცნობს ფაქტორის“ გავლენითა და „საერთოდ, დიპლომი რა საჭიროას“ ფონზე. შესაბამისად, ქვეყანაში, სამთავრობო საკადრო პოლიტიკა არ ფასდება ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტებით, როგორიცაა: საკადრო რესურსის ხარისხი (ბაკალავრის, მაგისტრის თუ დოქტორის ხარისხი);
- სამთავრობო პროგრამები და სტრატეგიები დასახვეწია. ქვეყანაში, მცირეა ქართულ რეალობაზე მორგებული სტრატეგიები და პროგრამები. აღნიშნული სტრატეგიები არ ეყრდნობა მარკეტინგულ კვლევებს. მსგავსი მიდგომებით ბუნებრივია შედეგები ბუნდოვანია;
- მმართველობაში, საზოგადოებრივი აქტიურობის პრინციპი „წერე და იკითხეს“ მსგავსია. პლურალისტური საზოგადოების პირობებში ინტელექტუალის, მეცნიერის რაციონალური იდეა თუ რეკომენდაცია მიზანს ვერ აღწევს. თუ აღწევს, დამკვიდრებული ტენდენციაა მისი გადაკეთება და მისაკუთრება. ეთიკა ხომ კანონს არ არღვევს?! შედავება მხოლოდ წყალს ამღვრევს, რომლის შედეგი ისევ „პოლიტიკურ ცილისწამებად“ ფასდება (მადლიერება მაინც გამოხატე)!
- მუდმივად საერთაშორისო შეფასებების მოლოდინში ვიმყოფებით.წლებია ველოდებით მაპ-ის მიღებას. თუ მაპ-ის კრიტერიუმები მიღწევადია, მაშინ ისედაც მივაღწიოთ. ისედაც ვაჩვენოთ პროგრესი და განვითარება რეფორმის პროცესში;
- პოლიტიკური სივრცე რესურსამოწურულია. დღეს, ყველა თანხმდება იმ საკითხზე, რომ ქვეყანა საჭიროებს ახალ ძალას, სუფთა წარსულისა და ენერგიის რესურსს. აღნიშნულ ძალასა და რესურსს სწორედ ახალგაზრდა თაობა წარმოადგენს.ახალგაზრდა თაობის ცოდნა ეფუძნება ერთიანი ევროპული სივრცის შესაბამის უმაღლეს განათლებას, ხოლო, აზროვნება ეყრდნობა „ევროპული დემოკრატიის არქიტექტურას“. აღნიშნული მოცემულობა კი მნიშვნელოვნად ზრდის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა როლს და მნიშვნელობას „პოლიტიკურად გაუფასურებულ“ გარემოში.
და ბოლოს: საზოგადოებაში მცდარი შეხედულების პროპაგანდის შედეგად დამკვიდრდა, რომ თითქოს ქვეყნის მართვაში ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა ჩართვა რისკებთან და გაურკვევლობასთანაა დაკავშირებული.
თუმცა, იმაზე მეტი გაურკვევლობის მიღწევა, რაც დღეს ქვეყანაშია, ძნელად წარმოსადგენია საერთოდ რომელიმე ახალმა ძალამ „შეძლოს“.
ჯამში, ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრა და ევროპული ეკონომიკის მქონე ქვეყნის შექმნა შესაძლებელია ახალი ენერგიისა და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარების დახმარებით,რასაც მუდმივად გაურბის საქართველოს ხელისუფლება!
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
რატი აბულაძე